მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

მეორე განყოფილება

 

სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ

 

თავი მერვე

 

ნერვული და სხვა სისტემების დამოკიდებულების შესახებ სულიერ ცხოვრებასთან

 

ბ) წარმოდგენებზი სხვა ორგანულ სისტემათა გავლენის შესახებ

 

§171. რა გავლენას ახდენს გონებრივ მოქმედებაზე სხვა ორგანული სისტემები,
როგორიცაა სუნთქვის, ლიმფური, გამოყოფისა და სხვა

 

წინა ორ პარაგრაფში აღწერილი იყო სისხლის მიმოქცევის ორგანული სისტემის გავლენა გონებრივ მოქმედებაზე. მსგავს გავლენას ახდენენ გონებრივ მოქმედებაზე ისეთი ორგანული სისტემები, როგორიცაა სასუნთქი, ლიმფური და გამოყოფის სისტემები. ამ აზრის დასამტკიცებლად უამრავ ფაქტებსა და მოსაზრებებს ვპოულობთ კლენკეს იმავე წიგნში, საიდანაც ჩვენ ვსესხულობთ ყველა საჭირო ცდისეულ დაკვირვებას ჩვენი ფსიქოლოგიის ამ განყოფილებისათვის. განსაკუთრებულად შესამჩნევ და მკვეთრ მოვლენებს, რომლებიც მიანიშნებენ სულსა და ცალკეულ ორგანულ სისტემებს შორის არსებულ ურთიერთმიმართებაზე, იპოვის უკლებლივ ყველა საკუთარ თავზე დაკვირვებით. მაგალითად, ვისთვის არაა ცნობილი, თუ რა დიდი გავლენა აქვს ზაფხულის თბილ დღეებში მსუბუქ და სუფთა ჰაერს ჩვენი აზრების თავისუფლად და ლაღად მდინარებაზე და, პირიქით, როგორ გვიღონებს სულს ცივი, წვიმიანი ამინდი, ან როგორ არასასიამოვნოდ მოქმედებს სულზე ხალხით სავსე ოთახის აშმორებული ჰაერი და სხვა. განსაკუთრებით იჩენს თავს ორგანული სისტემების გავლენა სულზე ამ სისტემების ავადმყოფური, პათოლოგიური მდგომარეობის დროს, რაც ასე კარგად აქვს აღწერილი კლენკეს. ყველასათვის ცნობილია, რომ ავადმყოფი ისე ვერ აზროვნებს და წარმოიდგენს, როგორც ჯანმრთელი, ამასთან ავადმყოფის წარმოდგენათა მდგომარეობა განსხვავებულია იმის მიხედვითაც, თუ როგორია თვით ავადმყოფობა, ან კერძოდ რომელი სისტემაა მოშლილი.