|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
მეორე განყოფილება
სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ
თავი მერვე
ნერვული და სხვა სისტემების დამოკიდებულების შესახებ სულიერ ცხოვრებასთან
ბ) წარმოდგენებზი სხვა ორგანულ სისტემათა გავლენის შესახებ
§170. საჭმლის მომნელებელი სისტემის გავლენა გონებრივ მოქმედებაზე
არანაკლებ გავლენას ახდენს გონებრივ მოქმედებაზე საჭმლის მომნელებელი სისტემა. ყოველდღიური გამოცდილებიდან
ყველასათვის ცნობილია, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედმეტი გადატვირთვა ხელს
უშლის და ანელებს გონებრივ მოღვაწეობს. ყველას შეუძლია შეამჩნიოს, რომ მეტად მაძღარი
კუჭის პირობებში აღარ შეგვიძლია თავისუფლად ვიაზროვნოთ. აქედან ძველთა შეგონება:
plenus venter non studet libenter.
ამ მოვლენის უახლოეს ახსნას ვპოულობთ იმაში, რომ
საჭმლის მონელების დროს მიღებული და შემდეგ სისხლში გადასული საკვების ნაწილაკები მეტად
უხეშნი და შეუფერებელნი არიან იმ ფაქიზი ნერვული დენის მსუბუქად აღგზნებისათვის,
რომელიც გონებრივი მოქმედებისათვისაა საჭირო; ამითაა გამოწვეული სწორედ საზრიანობის
სიჩლუნგე, მოდუნებულობა და შეყოვნება. მსუნაგი ადამიანი ყველაზე ხშირად ეწირება ამ
ფიზიოლოგიურ მოვლენას და ეს არაა შემთხვევითი. უფრო მეტიც, საჭმლის მომნელებელი
სისტემის უპირატესად გადატვირთვა სხვა დაბრკოლებებსაც უქმნის გონებრივ მუშაობას.
ადამიანი, რომელიც ჭამა-სმაში ეძიებს განცხრომას, კმაყოფილია მხოლოდ კუჭის შეგრძნებით
და უძლურია თავი გამოიჩინოს მეცნიერებისა და გონებრივი შრომისადმი უანგარო სიყვარულით.
საკუთარი თავის სიყვარული რომელიც მჭიდრო კავშირშია ძალუმად განვითარებულ საჭმლის
მონელებასთან, წარმოადგენს უმდაბლეს სწრაფვას, სურვილს მოაქციოს ყოველი გარეშე არსებული
თავის სასარგებლოდ. მეცნიერული საქმიანობა კი თვითგანწირვას მოითხოვს, მოითხოვს
უნარს, იპოვო კმაყოფილება არა საკუთარ თავში, არამედ სხვაში. ამიტომაა, რომ არც ერთი
ეგოისტი არ ყოფილა ჭეშმარიტი გენიალური მეცნიერი და არც ერთ მსუნაგს არ მიუღწევია
მეცნიერებაში რაიმე წარმატებისათვის. ამითვე აიხსნება საპირისპირო მოვლენაც, კერძოდ ის,
რომ დიდი ადამიანები, გენიოსები იშვიათად როდი გამოირჩეოდნენ საჭმლის მომნელებელი
სისტემის სისუსტით, ზოგჯერ კი კუჭის მოშლილობით. მაგრამ საჭმლის მომნელებელი
სისტემის ცვლილებებმა და მოშლილობებმა შეიძლება გავლენა იქონიონ სულიერ მოქმედებაზე
უფრო ხანგრძლივი დროითაც. ყველას საკუთარ თავზე, ან სხვათა დაკვირვებით შეუმჩნევია,
რომ კუჭის მოშლა, საჭმლის მონელების ცუდად მიმდინარეობა უფუჭებს ადამიანს ხასიათს,
აქცევს მას გულფიცხად. კუჭის ღრმად და ხანგრძლივად დაზიანების შემთხვევაში ადამიანს
შეშლილობაც შეიძლება დაემართოს. იმის გამო, რომ კუჭში აისახება თავკერძობა და
ეგოიზმი, ყველა შემთხვევაში, როდესაც შეშლილში დომინანტობს ეგოიზმი და
ამპარტავნობა როდესაც თავს იჩენს ეგოიზმის უპირატესობა, უნდა ვაღიაროთ, რომ
შეშლილობა მომხდარა კუჭის მოშლილობის შედეგად. შეშლილობის ბევრი მაგალითი ამ ფაქტს
ადასტურებს. თუ უფრო ღრმად დავუკვირდებით იმ ადამიანის ხასიათს, რომელიც გაფიცხდა
და გაბოროტდა საჭმლის მონელების მოშლით, შევამჩნევთ თავისებურებას, ნათლად რომ
დაგვანახებს ამ სიფიცხის კავშირს საჭმლის მომნელებელ სისტემასთან. საჭმლის
მონელების მოშლა წარმოადგენს თვითშენახვის გრძნობის დაქვეითებას და დასუსტებას. ამ
მდგომარეობაში ადამიანს ეჩვენება, რომ ყველა მას სდევნის, ყველა მის თავმოყვარეობას
ლახავს. სხეულებრივ გამოვლენაში შელახული და დაბეჩავებული მისი ეგოიზმი ცდილობს
აინაზღაუროს დანაკლისი აზროვნების სფეროში, სულიერ გამოვლენაში.
|
|