|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
მეორე განყოფილება
სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ
თავი მერვე
ნერვული და სხვა სისტემების დამოკიდებულების შესახებ სულიერ ცხოვრებასთან
ბ) წარმოდგენებზი სხვა ორგანულ სისტემათა გავლენის შესახებ
§169. ფიზიოლოგიური ფაქტები, რომლებიც ამას ამტკიცებენ
ბევრი ფიზიოლოგიური ფაქტი და მაგალითი მოიპოვება, რომლებიც ამასვე ამტკიცებენ. ერთობ შესამჩნევია,
მაგალითად, როდესაც ცხელების დროს დიდად აგზნებული სისხლის მიმოქცევა ფართო
გასაქანს აძლევს წარმოდგენებსა და ეგრეთ წოდებულ სუბიექტურ შეგრძნებას. მეორეს
მხრივ, თუ სისხლის მიმოქცევის მოქმედება შენელდება მოდუნებული ცხოვრებით, თვით
სისხლიც დუნდება, გარდაიქმნება ვენურად და შესაბამისად წარმოდგენებიც ნელდება ისე,
რომ ყოველი ცალკეული წარმოდგენა მძლავრად იკიდებს ფეხს ტვინში. ტვინის ნაწილების
განსაკუთრებული დაძაბულობის ეს შეკავება გამოწვეულია ერთფეროვანი ცხოვრებით
აგზნებული ნერვული დენისაგან და გამოვლინდება იმაში, რომ დუნე ცხოვრების პირობებში
ხშირად ხდება ერთი და იგივე იდეის წარმოდგენა, მასში ცალმხრივი ჩაღრმავება, რის
გამოც ადამიანში ზოგჯერ თავს იჩენს ე.წ. idee fixe.
სიზმრების დიდი ნაწილი, რომელიც თავს იჩენს დაძინებისთანავე, ან გაღვიძების წინ,
მთლიანად დამოკიდებულია სისხლის მიმოქცევაზე და წინარე, ცხადად არსებულ
შეგრძნებებზე. სრულ დაძინებამდე, ან არასრულად გამოღვიძების დროს, როდესაც
გრძნობები ზოგჯერ ნახევრადფხიზელ მდგომარეობაში არიან ჩვენს წინ წარმოსდგება
ხილვათა რიგი: ჩვენ ვხედავთ, ვგრძნობთ, ვიყნოსავთ და ა.შ. სავსებით
სუბიექტურად. ეს ხილვები რომ შევადაროთ სისხლის მდგომარეობას, მათ შორის სრულ
პარალელს აღმოვაჩენთ; ძალუმად და ხშირად სიზმრის ნახვა სისხლის მიმოქცევის
მოქმედებაში მომხდარი ცვლილებების შედეგია ყოველთვის. ეს შეიმჩნევა ბუასილით
დაავადებულ ადამიანებში და მენსტრუაციის დროს ქალებში.
|
|