|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
მეორე განყოფილება
სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ
თავი მერვე
ნერვული და სხვა სისტემების დამოკიდებულების შესახებ სულიერ ცხოვრებასთან
ბ) წარმოდგენებზი სხვა ორგანულ სისტემათა გავლენის შესახებ
§168. სისხლის მიმოქცევის გავლენა გონებივ მოქმედებაზე
სულის წარმოდგენები განუწყვეტლივ მოძრაობენ, წრებრუნვაში არიან.
ადამიანს დიდხანს არ შეუძლია გაჩერდეს ერთ წარმოდგენაზე, იგი განუწყვეტლივ გადადის
ერთი წარმოდგენიდან მეორეზე. გამოუცნობი კანონების ძალით უწყვეად აღმოცენდებიან
სულში აზრთა და წარმოდგენათა რიგები. მაგრამ ცნობილია, რომ წარმოდგენათა აღძვრა
მუდამ კავშირშია ნერვულ დენთან და რამდენადაც ეს უკანასკნელი მიმართებაშია სისხლის
მიმოქცევასთან, ბუნებრივია დავასკვნათ, რომ სისხლის მიმოქცევა გავლენას ახდენს ჩვენ
წარმოდგენათა მიმდინარეობაზე. მაშ, რომ გადავწყვიტოთ, როგორია მიმართება
წარმოდგენათა აღმოცენებასა და სისხლის მიმოქცევას შორის, უნდა ავხსნათ შემდეგი: 1. რა
გავლენას ახდენს აზროვნებაზე თავის ტვინის მდგომარეობა; 2. რა მიმართებაშია
ნერვული დენი თვით თავის ტვინთან და მისი მეშვეობით - წარმოდგენებთან.
აზროვნება ყოველთვის აუცილებელ კავშირშია ტვინის აღნაგობასა და მოქმედებასათან:
სული აზროვნებს ტვინის საშუალებით, ტვინი სულის ორგანოა და თანაც ყველაზე
აუცილებელი, ურომლისოდაც ადამიანი, ყოველ შემთხვევაში ყოველდღიურ ცხოვრებაში მაინც,
ისე ვერ წარმოიდგენდა და გაიაზრებდა, როგორც უთვალოდ ვერ დაინახავდა, უფეხოდ ვერ
გაივლიდა. თავის ტვინი, როგორც წარმოდგენათა ფართო ველის ორგანო, ყოველთვის
ითავსებს განსაკუთრებულ, ამ დანიშნულებასთან შეთანწყობილ მოვლენებს და თავისებურ
აღნაგობას. დიდი სივრცე, საფარველი მასის დიდი ზომები წარმოადგენს უფრო დიდ ველსაც
სულიერი ძალების გამოსავლინებლად. სულის ცოცხალი გამოვლენა, მისი აზროვნება
ყოველთვის მიმდინარეობს ტვინის აღნაგობისა და დახვეწილობის პროპორციულად.
ყველაფერი, რასაც ცენტრალური ორგანო იღებს. ყველა გარეგანი წარმოდგენა შემოდის
სულში ნერვული დენის საშუალებით, რომელიც მიისწრაფვის გარეგანი ორგანოებიდან
ტვინისაკენ და რომელსაც არ შეუძლია არ შეცვალოს ტვინის ბუშტულებიანი მასა. ეს
უკანასკნელი იძაბება, შთაბეჭდილების შესატყვისად განლაგდება და წარმოდგენის
ყოველი განახლების შემთხვევაში ხელახლა უნდა მიიღოს ის მდგომარეობა, რომელშიც ადრე იმყოფებოდა.
მაგრამ თუ ყოველი გრძნობადი წარმოდგენის დროს იცვლებიან ტვინის ბუშტულები, მაშინ
მსგავსი რამ უნდა მოხდეს იმ საფარველ მასაშიც, რომლითაც გარემოსილია ყველა ორგანული
სფეროდან მომდინარე ნერვული ბოჭკოები. მაგ., სისხლის მიმოქცევისა. ეს ამტკიცებს
ადამიანში ზოგადი სასიცოცხლო გრძნობის არსებობას, რომელიც წარმოადგენს ორგანიზმის
ყოველი სფეროდან მომდინარე ყველა ცალკეული შეგრძნების შეერთებას. ეს ზოგადი გრძნობა
იღებს სხვადასხვა შეფერილობას იმის მიხედვით თუ რაიმე გარემოება წონასწორობიდან
გამოიყვანს ცალკეულ შენაკადებს. ამის შედეგად მომხდარი ცვლილებანი ბუშტულოვანი მასის
ცალკეულ ჯგუფებში გამოვლინდება იმავე გზით, როგორითაც ყველა სხვა ცვლილებანი.
ახლა უნდა ითქვას იმ გავლენაზეც, რომლებსაც სისხლი ახდენს ცენტრისკენულ დენებზე.
ცნობილია, რომ სისხლი უწყვეტად მიედინება ნერვული სისტემის ცენტრალური
ორგანოებისაკენ და თანაც დიდი რაოდენობით. მაშასადამე, სისხლსა და ნერვულ ნივთიერებას
შორის უწყვეტი ურთიერთობაა: სისხლი წარმოშობს და განაახლებს ნერვულ საწყისს ისევე,
როგორც ორგანიზმის სხვა ნაწილებს. შემდეგ კი, სისხლის სწრაფი, თავისუფალი მოძრაობის
დროს შესაბამისად ისიც ნელდება. სისხლისა და ნერვული დენის ასეთი ურთიერთობა შეიძლება
სხვა ფაქტებითაც დავამტკიცოთ. მაგ., როგორც კი სისხლი გაღიზიანდება საჭმლის
მონელებისაგან და უმალ გაეშურება ტვინიდან საჭმლის მომნელებელი ორგანოებისაკენ, მაშინვე
შეიმჩნევა ნერვული დენის დავარდნა, გამოფიტვა და თავიც იწყებს დასუსტებას. მაშინაც,
როდესაც ის მკვებავი წვენით აივსება და დამძიმდება, მისი მოძრაობაც ნელდება და თავიც
ისევ მძიმდება. ვდუნდებით და ვამჟღავნებთ ძილისადმი მიდრეკილებას. როდესაც სუნთქვის
გახშირებისას (მაგ., მთაზე ასვლის დროს) თავს ცოცხლად და ფხიზლად ვგრძნობთ, ესეც
ნერვული დენის გაძლიების გამო ხდება. საერთოდ, ბევრია მაგალითი, რომლითაც
საბუთდება, რომ სისხლის მიმოქცევა კეთილმოქმედებს ნერვულ დენზე, ან ასუსტებს კიდეც მას.
ამდენად, თუ იმის უარყოფა არ შეიძლება, რომ ტვინის უმცირესი ბუშტულების ცვლილებასა
და დაძაბულობას უახლოესი მიმართება აქვს საერთოდ ტვინის მოქმედებასთან, ხოლო სისხლის
მიმოქცევას თავის მხრივ დიდი გავლენა აქვს ამ დაძაბულობებზე, მაშინ გასაგები და ცხადი
უნდა იყოს თვით სისხლის გავლენა სულიერ წარმოდგენათა მოქმედებაზეც.
სისხლის უმცირესი ნაწილები გარემოიცავენ, იჭრებიან და ქიმიურად უერთდებიან საფარველი მასის უმცირეს
ბუშტულებს, რის შედეგადაც სისხლი აღაგზნებს, ზრდის და ზოგჯერ აფერხებს კიდეც ტვინის ამ
ნაწილაკების დაძაბულობას და საერთოდ მოქმედებას; ამის გამო სისხლი ზეგავლენას უნდა
ახდენდეს თვით წარმოდგენების მოქმედებაზეც. ამ გავლენის შედეგი უნდა იყოს სწოდედ ის,
რომ ადამიანებში რიგი წარმოდგენებისა მოძრაობს და „ღელავს" სისხლისმაგვარად. ჩვენ არ
შეგვიძლია მოვიცილოთ წარმოდგენები, უნებურად რომ აღმოცენდებიან და იწვევენ აზრის აღმაფრენას, სადაც
წარმოდგენები ორგანულად ერწყმიან ერთიმეორეს. ეს ჩვენს მიერ ახსნილი იყო იდეათა
ასოციაციის შესახებ საუბრის დროს.
|
|