|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
მეორე განყოფილება
სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ
თავი მერვე
ნერვული და სხვა სისტემების დამოკიდებულების შესახებ სულიერ ცხოვრებასთან
ბ) წარმოდგენებზი სხვა ორგანულ სისტემათა გავლენის შესახებ
§167. სულზე სისტემების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა საბუთი
ექიმებმა დიდი ხანია შეამჩნიეს, რომ ფილტვების, ნაწლავის
ღრუს, სასქესო ორგანოების, ღვიძლისა და სხვა დაავადებებს თან ახლავს ზნეობრივი
თვალაზრისით განსაკუთრებული ანაბეჭდი, რაც განსაკუთრებულ სულიერ მდგომარეობას
ბადებს. სისხლის ჯანმრთელი თუ მოშლილი მდგომარეობა სულში ისევე აისახება, როგორც
სულის მდგომარეობა გადაეცემა სისხლს. კუჭის ჯანმრთელი მოქმედება, თუ მისი მოშლილი
მდგომარეობა, როგორც ყველასათვის ცნობილია, ასევე აისახება სულში. კლენკე
მშვენივრად ხსნის სისხლის საერთო მიმართებას ადამიანის სულთან, ხოლო მისი სიტყვები
ზოგიერთი კერძო, გამონაკლისი მოვლენის შესახებ ისე შესანიშნავია, რომ ჩვენ არ
შეიძლება არ ამოვიწეროთ აქ, იმის მიუხედავად, რომ უკვე ძალიან ხშირად ვსარგებლობთ ამ
უფლებით: „ცრურწმენებში ცნობილი ჯადოსნური კვერთხით საგანძურის გახსნა წარმოადგენს
ინდივიდუმის ე.წ. რაბდომანტიას. ამის ახსნა ძალზე მარტივია: ყოველი ორგანიზმი
არსებობს და ვითარდება ბუნებრივ გარემოში და ამიტომ ურთიერთკავშირში იმყოფება ჩვენი
პლანეტის ყველა წევრთან, ვინაიდან ყოველი ნივთი, რომლის წარმოდგენაც კი შეძლება,
დამოკიდებულია უსასრულო დაპირისპირებათა სრული შენაწევრებისაგან და ჩართულია
უსასრულოდ სხვადასხვაგვარ გარეან მიზიდულობა-განზიდულობაში. ამდენად, ყოველი
ორგანიზმი ღებულობს შთაბეჭდილებებს პლანეტარული საგნების მთელი ჯაჭვისაგან,
ვინაიდან მათი არსებობა დამოკიდებულია ურთიერთ დაპირისპირებულობასა და პოლარობაზე.
ყოველივე განსაკუთრებულად არსებული მეტად და ნაკლებად იცვლება ყოველ გარეგან საგანთან ერთად, არა აქვს
მნიშვნელობა, ახლო მდგომია, თუ შორებელი ეს საგანი, და ყოველთვის უპირისპირდება
კიდეც მათ, რამდენადაც ამ წინააღმდეგობების გარეშე მას არც შეეძლო ეარსება. ყოველი
გარეშე სხეული, ამიტომ, უნდა იმყოფებოდეს ორგანიზმთან იდუმალ ურთიერთმიმართებაში და
ორგანული სფეროები, რომელთაც შეუძლიათ ბუნებაში არსებული ყველა ფორმის
შთაბეჭდილების მიღება, მუდამ უნდა შეიცვალონ და უკუქმედებისათვის აღიძრან.
ორგანიზმები, რომლებიც თავისი განსაკუთრებული, იდეალურად დამოუკიდებელი
თვითმყოფობის სიცოცხლით, ე.ი. თვითცნობიერებით ამაღლდნენ გარკვეულ დონემდე, ასევე
მოვალენი არიან განთავისუფლდნენ და თავი დააღწიონ პლანეტარული ჯაჭვის გავლენას,
ვინაიდან ინდივიდი თავისუფლებას იძენს გარეშე ბუნების დაუფლებით, მასზე
გაბატონებით. ამდენად, გარეშე არსებათა იდეებმა და თვით გარეშე საგნებმა შეიძლება
გამოიწვიონ თავისუფალ ორგანიზმში მხოლოდ სუსტი ცვლილებები, ისიც უმეტესწილად
არაცნობიერ სასიცოცხლო სფეროებში. იმ ორგანიზმებთან კი, რომელთაც ჯერ ვერ
მიუღწევიათ სრულ დამოუკიდებლობამდე, საკითხი სულ სხვაგვარად დგას. ცხოველები
უმეტესწილად იმყოფებიან ტელიურულ მდგომარეობასთან ისეთ მჭიდრო კავშირში, რომ მათ
ყოველთვის მიიჩნევდნენ მომავალ გარეშე ცვლილებათა მაუწყებლად; ისინი შეიგრძნობენ
ათასობით გარეშე საგნების შორეულ მოქმედებას, რომელიც ჩვენს საკუთარ ორგანიზმში
ჩვენს შეგრძნებებს გამოეპარება ხოლმე.
არიან ისეთ ორგანიზმებიც, რომელნიც თავისი განსაკუთრებული წარმოშობითა და ძირითადი
აღნაგობით მუდმივად იმყოფებიან ტელიურული ორგანიზმის ნაწილებთან ცხოველ
ურთიერთობაში, - ორგანიზმები, რომელთა დაქვემდებარება საერთო სიცოცხლისადმი
გაცილებით უფრო ცხადია, ვიდრე სხვა მრავალთა. ან ამგვარი განუყოფელი ორგანიზმების
ნერვული სისტემა მეტად მგრძნობიარეა (ნერვული ნაწილების უმცირესი ცვლილებისა და
შეგრძნების დროს გარდაიქმნება სხვა ყაიდაზე და ძლიერი ინერვაციის საშუალებით
ატარებს მათ ტვინამდე), ან კიდევ ჩვეულებრივი ორგანიზმების ავადმყოფური მდგომარეობა
იწვევს ხოლმე გაძლიერებულ ურთიერთდამოკიდებულებას ამქვეყნიურ ცხოვრებასთან,
რომლითაც შთაბეჭდილებანი უფრო მგრძნობიარენი ხდებიან და გადაეცემიან უკუმოქმედ
ორგანოებს ისეთნი, რომელნიც ინდივიდის ნორმალური მდგომარეობის დროს შეუმჩნეველნი
იყვნენ ასე, ზოგიერთს მაშინვე ემართება კრუნჩხვა ქვანახშირის მაღაროსთან
შემთხვევითი მიახლოვების დროს, სხვებს სრულ სიბნელეში გრძნობით შეუძლიათ გამოიცნონ
ხეების სახეობანი, გული მისდით ცაცხვთან შემთხვევითი მიახლოვების დროს, ზოგიც,
პირიქით, წყნარდება ძვირფას თვალთან შეხებისას, ან ღონდება გარკვეულ ლითონთან
მიახლოებისას. სულის ყველა ამ შეგრძნებათა და მდგომარეობათა შუამავლად ორგანული
სისტემები გამოდიან; ცვლილებანი მათ წყობაში გადაეცემა ცნობიერებას შეცვლილი
ნერვული მოქმედების საშუალებით".
არანაკლებ აღსანიშნავია ის, რასაც კლენკე ლაპარაკობს მაგნეტიზმისა და
სომნამბულიზმის ასახსნელად. უნდა ვაღიაროთ, რომ თუ სომნამბულიზმი არსებობს, როგორც
ფაქტი, მაშინ მის ასახნელად უკეთესს ვერც მოვიფიქრებთ. თუმცა ჩვენ ვერ გავბედავთ
ვამტკიცოთ, რომ სომნამბულიზმს შეეძლოს იმ ზომით არსებობა, რა ზომითაც მას ბევრი
წარმოგვიდგენს, მაგრამ, მეორეს მხრივ, მისი არსებობის საერთოდ უარყოფა - მეორე
უკიდურესობაა. კლენკეს განმარტებიდან, სხვათა შორის, კარგად ჩანს, რომ მაგნეტიზმი და
სომნამბულიზმი შეუძლებელი არაა.
|
|