მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

მეორე განყოფილება

 

სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ

 

თავი მერვე

 

ნერვული და სხვა სისტემების დამოკიდებულების შესახებ სულიერ ცხოვრებასთან

 

ბ) წარმოდგენებზი სხვა ორგანულ სისტემათა გავლენის შესახებ

 

§166. ამ დამოკიდებულების დამამტკიცებლი მაგალითები ზოოლოგიიდან

 

ცხოველთა სხვადასხვა კლასის განხილვის დროს შეიძლება შევამჩნიოთ საინტერესო მოვლენა: ცხოველი ყოველთვის ავლენს სულის მისთვის განსაკუთრებულ ხასიათს იმის მიხედვით, თუ რომელი ორგანული სისტემაა მასში უპირატესად განვითარებული: უფრო ზუსტად, მათი სხეულის აღნაგობის ძირითადი მახასიათებელი გამოხატავს სულის ხასიათსაც.

 

მოლუსკებთან და, საერთოდ, ყველა იმ ცხოველთან, რომელთაც ნაკლებად განვითარებული სასუნთქი ორგანოები აქვთ, შეიმჩნევა მფრთხალი, ზანტი ხასიათი; ის ცხოველები კი, რომელთაც უაღრესად განვითარებული ფილტვები აქვთ, ავლენენ ცოცხალ, ფხიზელ და მოძრავ ხასიათს. ასეთებია ფრინველები, მწერები და სხვები.

 

როდესაც ცხოველთა განწყობილებებს ვაკვირდებით, ე.ი. ვამჩნევთ უწყვეტ გადასვლებს სიხარულიდან მწუხარებაში და პირიქით, იმასაც შევამჩნევთ, რომ ასეთი განწყობილება გააჩნიათ მხოლოდ იმ ცხოველებს, რომელთა სისხლ-ძარღვოვანი სისტემის მოქმედებამ უმაღლეს დონეს მიაღწია. ასეთ რამეს ვერ ვხვდებით ცხოველებთან, რომელნიც მოკლებულნი არიან ამ სისტემის ფართოდ განვითარებას.

 

ცხოველთა სამყაროზე ეს და სხვა მსგავსი დაკვირვებანი ავლენენ არა რაიმე შემთხვევითს, არამედ სიცოცხლის ძირითად კანონს. მაგრამ ყველა ის ორგანული სისტემა, რომელიც როგორღაც გაბნეულია ცხოველთა მრავალ კლასში, თავმოყრილი და გაწონასწორებულია ადამიანში. ადამიანი იმითაც გამოირჩევა ყველა ცხოველისაგან, რომ მასში თანაბრად განვითარებულია ყველა სისტემა ისე, რომ არც ერთ მათგანს არ გააჩნია უპირატესობა მეორეზე როგორც ამას ცხოველებთან აქვს ადგილი. ამიტომ ადამიანში ყოველ ორგანულ სფეროს გააჩნია თავისი თანაბარი დამოკიდებულება სულთან და როგორღაც წარმოადგენს სულის სხეულებრივ გამოხატულებას; თითოეული სფერო უნდა გამოხატავდეს სულის განსაკუთრებულ მიმართულებას. მაშასადამე, ადამიანის ყოველ ორგანულ სფეროში არის რაღაც ძირითადი იდეა და ამავე დროს ყოველ სფეროს თავისი ნერვული ბოჭკოების მეშვეობით ცნობიერებამდე მიაქვს გარკვეული შთაბეჭდილებანი. პირველის შესახებ შევიტყობთ ორგანულ სისტემათა ძირითად მნიშვნელობებზე და ამ სისტემების ნორმალურ თუ არანორმალურ მდგომარეობეპზე დაკვირვებით. რაც შეეხება მეორეს, ე.ი. შთაბეჭდილებებს, რომლებიც სისტემებს მიაქვთ ცნობიერებამდე, მათაც მალე განვიხილავთ. ახლა კი უნდა დავადასტუროთ, რომ ორგანულ სისტემის ყოველ მდგომარეობას მიაქვს ცნობიერებამდე არა მხოლოდ თავისი სასიცოცხლო იდეის თვისებები, არამედ გარესამყაროს ზემოქმედებით ორგანულ სფეროში მომხდარი ცვლილებებიც.