მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

მეორე განყოფილება

 

სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ

 

თავი მერვე

 

ნერვული და სხვა სისტემების დამოკიდებულების შესახებ სულიერ ცხოვრებასთან

 

ა) სულთან ნერვული სისტემი დამოკიდებულება

 

§164. სმენისა და ბგერების მნიშვნელობის შესახებ

 

ბგერებს ის მნიშვნელობა აქვს, რომ მათი საშუალებით სული გამოხატავს თავის მდგომარეობას. განსაკუთრებით ძლიერად ზემოქმედებენ სულზე მუსიკალური ბგერები, რომელთა წყალობით სულში აღიძვრის სიამოვნების გრძნობა. თვით ცხოველებიც კი ამჟღავნებენ მუსიკალური ტონებისადმი მგრძნობელობას. საერთოდ სწრაფ რიტმში მიმდინარე მაღალი ტონები სულზე გამამხიარულებელ გავლენას ახდენენ, ხოლო დაბალი და ნელი ტონები - სევდის მომგვრელია. აქაც ბევრი რამაა დამოკიდებული ადამიანთა შინაგან მდგომარეობაზე და განწყობაზე, რაც იქიდან ჩანს, რომ ერთი და იგივე მუსიკა სხვადასხვანაირ ზემოქმედებას ახდენს სხვადასხვა პიროვნებაზე, მუსიკა ერთს რომ ამხიარულებს და ამხნევებს, მეორეს ანაზებს და დააფიქრებს. ტონების გამოსაცემად მომზადებულ მასალასაც თავისი გავლენა აქვს სხვადასხვა პიროვნებაზე. მუსიკისგან მომდინარე ყველა ეს გავლენა გამართლებას და ახსნას პოულობს ფიზიოლოგიურ დაკვირვებებში. სმენის ნერვების პირველადი ბოჭკოების ცენტრალური საფარველი მასა მდებარეობს იქ, სადაც თავს იყრის ზრახვების, ნების, მოძრაობისა და სხვათა ყველა პირველადი ქსოვილი, აი, რატომ ახდენს ძლიერ ზეგავლენას ნებასა და მოძრაობაზე საყვირის ხმების შეგრძნება, ან საომარი შეძახილები, რომელნიც უმალვე აღაგზნებენ ადამიანს და უნერგავენ სულში სიმხნევეს. მოულოდნელი, ძლიერი ხმა (მაგ., უეცარი გასროლა) ისეთი ძალით მიაქანებს ნერვულ დენს სმენის ნერვის მეშვეობით, რომ იწვევს მწვავე რეაქციას, ყველა ორგანოთა შერყევას, გულისცემის გახშირებასა და სხვ. მონოტონური, ხშირად განმეორებადი ბგერა კი სმენისათვის აუტანელია და საფარველი მასის ხშირი გაღიზიანების შედეგად ნერვული დენი იშლება, ზიანდება. ისიც ცნობილია, თუ როგორ საოცრად მოქმედებს ზოგიერთზე განსაკუთრებული ბგერები, ისეთი, როგორებიცაა მაგალითად, წრიპინი, ჭრიჭინი, ვიოლინოს სიმებზე ყალბად გასმული ხემის მიერ გამოცემული ხმა და სხვ. ასეთმა ხმებმა შეიპლება კრუნჩხვებიც გამოიწვიოს ადამიანში.

 

ფიზიოლოგიურად ისიც შესამჩნევია, რომ სმენის ორგანოს პირველად ბოჭკოებს მჭიდრო კავშირი აქვთ ხმის ორგანოს ამავე სახის ბოჭკოებთან. ამ ნერვთა ბოჭკოებს აქვთ თავისი ცენტრალური კვანძი თავის ტვინის ერთსა და იმავე ნაწილში და მათი საფარველი მასა ასევე უმჭიდროეს კავშირში უნდა იმყოფებოდეს. ამიტომ ხდება, რომ ადამიანის ხმა წარმოადგენს სმენის ყველა შთაბეჭდილებაზე პასუხს და ყოველივე, რასაც ყური სულს გადასცემს, ხმით გამოიხატება.