|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
მეორე განყოფილება
სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ
თავი მერვე
ნერვული და სხვა სისტემების დამოკიდებულების შესახებ სულიერ ცხოვრებასთან
ა) სულთან ნერვული სისტემი დამოკიდებულება
§163. თვალისა და მხედველობის მნიშვნელობის შესახებ სულთან მიმართებაში
თუ რა შეგრძნებებს ღებულობს სული თვალის შთაბეჭდილებათაგან, ამის შესახებ უკვე საკმაოდ
ითქვა; აქ ჩვენ განვიხილავთ თვალის მეორე, საპირისპირო მნიშვნელობას, კერძოდ იმას,
თუ როგორ გამოსახავს სული თავის თავს ამ ორგანოს მეშვეობით.
ვერცერთი ორგანოს საშუალებით სული ისე ვერ გამოხატავს საკუთარ თავს, ვერ ადგენს
ისე ნათლად თავის გრძნობებს, აზრებს თუ ნებას, როგორც თვალის წყალობით. ყოველ
ადამიანს, ყოველ უმაღლეს ცოცხალ არსებასაც გააჩნია თავისი საკუთარი ხედვა. ხედვაში
მოჩანს არა მარტო განსხვავებული სულიერი მდგომარეობანი, არამედ თვით ერთნაირი
სულიერი მდგომარეობანიც სხვადასხვაგვარად გამოიხატება სხვადასხვა ადამიანთან.
ნერვული დენი, ანუ ინერვაცია, ვრცელდება თვალის ბადურის მთელ ზედაპიზე, თვით მის
ფარგლებს გარეთაც და აღწევს სხვა ადამიანებამდე და საგნებამდე. მხოლოდ ამით უნდა
აიხსნას მხედველობითი ზემოქმედების ფაქტი ზოგიერთ ადამიანზე თუ ნადირზე. ბევრ ცხოველს
უჭირს, წინ აღუდგეს სხვა ცხოველის შემოხედვას. გველი და ზოგიერთი სხვა მტაცებელი
ცხოველის გამოხედვა ადგილზევე „აქვავებს" პატარა ფრინველებს. ზოგიერთი ადამიანი კი
თავისი გამოხედვით ათვინიერებს გარეულ ნადირს. ძაღლები ხშირად ერკვევიან თავიანთი
პატრონის გამოხედვაში. ზოგიერთ ადამიანს კი სერთოდ, გააჩნია განსაკუთრებული უნარი გამოხედვაში გამოტოს ნების ენერგია.
ეს და ბევრი სხვა მაგალითიც ფაქტიურად ამტკიცებენ იმას, რომ ადამიანის თვალთაგან უნდა
მოედინებოდეს რაღაც უფაქიზესი - ეთერული მატერია, შეიძლება ნერვული დენიც და ამითვე
შეიძლება აიხსნას ე.წ. „ავი თვალის" ზემოქმედების მოვლენაც. ცხადია, ბევრი რამ
ავთვალიანობის შესახებ გაზვიადებულია, მაგრამ უდავოა ისიც, რომ მისი საფუძველი
სამართლიანია: არის შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი ადამიანის გამოხედვა მართლაც ცუდად
მოქმედებს სხვაზე, განსაკუთრებით ბავშვებზე. ისეთი სულიერი მდგომარეობანი, როგორიცაა
სიყვარული, სიხარული, გაბრაზება და სხვანი, უდავოა, უნდა იწვევდნენ ნერვული დენის
არსებით შეცვლას. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ბოროტი ადამიანის თვალები გამოსცემენ ავ,
მავნე დენებს, რომელნიც მავნე გავლენას ახდენენ მასზე, ვისკენაცაა მიმართული.
მაგრამ, რომ გავიგოთ, რატომაა სული კარგად გამოხატული გამოხედვაში, ისიც უნდა
გვახსოვდეს, რომ ხედვაში მონაწილეობენ არა მხოლოდ თვალები, არამედ პირისახის ყველა
ნაწილი, ფიზიონომიიის ყველა თვისება, პირისახის კუნთებს შეუძლია გამოსახოს სულის ყველა
მდგომარეობა ხაზების სხვადასხვა ცვალებადობის მეშვეობით. ცნობილია, რომ კარგ
ფიზიონომისტ ფერმწერს ორიოდე შტრიხით შეუძლია გამოხატოს სიხარული, შიში, დარდი, შური
და სხვ. მაშასადამე, ყველა ეს გრძნობა ცვლის არამარტო თვალების გამომეტყველებას,
არამედ პირისახის გამომეტყველებასაც. ამდენად შურის თუ სიყვარულის გამომეტყველება
გამოისახება არა მხოლოდ თვალებით, არამედ პირისახის ყველა კუნთის მეშვეობით.
აქ საჭიროა ერთი შენიშვნაც. მხედველობის ნერვებს თავისი კვანძი აქვთ ოთხგორაკის იმ
ადგილას, სადაც თავს იყრის სხვადასხვა სისტემიდან მომდინარე ბევრი სიმპათიკური ნერვი.
ასეთი სისტემებია, მაგალითად, მომნელებელი, სისხლის მიმოქცევისა და სხვ. მართალია, ისინი
ვერ აღწევენ ტვინამდე და ამდენად, სული არ შეიგრძნობს ამ სისტემების მდგომარეობას,
მაგრამ ზოგიერთ განსაკუთრებულ პირობებში ხდება ისეც, რომ ამ სისტემებში მდგომარეობის
შეცვლა გაძლიერებული ნერვული დენის საშუალებით აღწევს ცნობიერებამდე, რის გამოც მხედველობის პირველადი ნერვებიც, ამ სისტემათა
ნერვებით გარემოსილნი, თვით იწყებენ მონაწილეობას სისტემათა შეცვლილ მდგომარეობაში
და შემდეგ თვითვე იცვლიან მდგომარეობას. ეს გარემოება გვიხსნის ბევრ შემთხვევას,
როდესაც, მაგალითად, ავადმყოფ ადამიანს ელანდება სხვადასხვა სუბიექტური ფერები.
შეიძლება ბევრს შეუნიშნავს კიდეც, როდესაც ბევრჯერ სინათლის ალი მრავალ ფერთა
შარავანდედით გარშემორტყმული რომ მოგვჩვენებია. ეს ძირითადად განსაკუთრებული
სიმაძღრის შედეგია. ამითვე უნდა ავხსნათ მოჩვენებები სსვადასხვა ავადმყოფობის დროს
რომ უჩნდება ადამიანს, კერძოდ, ბოდვა ცხელების დროს, სიყვითლე სურავანდის დროს და სხვ.
|
|