მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

მეორე განყოფილება

 

სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ

 

თავი მერვე

 

ნერვული და სხვა სისტემების დამოკიდებულების შესახებ სულიერ ცხოვრებასთან

 

ა) სულთან ნერვული სისტემი დამოკიდებულება

 

§162. სულიერ ავადმყოფობათა, როგორც ნერვული სისტემის მოშლილობის შედეგის შესახებ

 

ნერვული სისტემის ავადმყოფურ მდგომარეობას იწვევს უნებური ნერვული დენები, რომლებიც თავის მხრივ აღძრავენ არასწორ მგრძნობელობებს და წარმოდგენებს. ორგანოთა რაიმე არანორმალური დაძაბულობით სული ვარდება შეცდომაში, კარგავს გარესამყაროს ნათელ ხედვას, კარგავს ნებას და სხვ. ეს ნიშნავს იმას, რომ სული ორგანოთა მოშლილობის კვალობაზე კარგავს სწორი აზროვნების წესს: იგი, კლენკეს გამოთქმით, უკრავს მოშლილ ინსტრუმენტზე.

შეშლილობა, კლენკეს აზრით, ყოველთვის ნერვების ან ორგანიზმის მოშლილობის შედეგია. მაგრამ ამაში ყველა ფიზიოლოგი და ფსიქოლოგი როდია შეთანხმებული. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ სულს ორგანულ მოშლილობათაგან დამოუკიდებლად შეიძლება დაემართოს საკუთარი მოშლილობანი აზრებსა და წარმოდგენებისა; ამ მოსაზრების სამართლიანობაზე მეტყველებს შეშლილებზე არსებული ყველა დაკვირვება. ჩვენი სახელმძღვანელოს მე-5 თავში ნათქვამია, რომ ზოგიერთი სულიერი მდგომარეობა თავისუმაღლეს დაძაბულობაში შეიძლება გადაიზარდოს შეშლილობად და ეს მოხდეს ნერვული დენებისაგან დამოუკიდებლად.

 

მეცნიერთა ეს უთანხმოება სულიერ ავადმყოფობათა მთავარი მიზეზების შესახებ, ფიზიოლოგიურად ანუ ფაქტიურად შეიძლება გადაწყდეს ორ შემთხვევაში: 1. თუ უდავოდ დადგინდებოდა, რომ შეშლილობის შემთხვევაში არ შემჩნეულა ორგანოთა მოშლილობის არავითარი კვალი. ასეთ შემთხვევაში ცხადი გახდებოდა იმის მტკიცება, რომ სულიერი ავადმყოფობა ზოგჯერ შეიძლება გამოწვეული იყოს წმინდა ფსიქიკური მიზეზებით, ორგანოთა მოშლილობისაგან დამოუკიდებლად. 2. თუ დასაბუთდებოდა, რომ შეშლილობის ყოველ შემთხვევას წინ უსწრებდა ნერვული დენის მოშლილობა, ნათელი გახდებოდა, რომ სულიერი ავადმყოფობა ყოველთვის დამოკიდებული იქნებოდა მხოლოდ ორგანოთა მოშლილობაზე. ვინაიდან შეუძლებელია მოახდინო დროულად და საკმაო ხარისხით ასეთი ორგვარი დაკვირვება, ეს საკითხიც საბოლოოდ გადაუჭრელი რჩება.