|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
მეორე განყოფილება
სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ
თავი მერვე
ნერვული და სხვა სისტემების დამოკიდებულების შესახებ სულიერ ცხოვრებასთან
ა) სულთან ნერვული სისტემი დამოკიდებულება
§161. ტვინის ნაწილების ამ აღწერის შედეგები
ტვინის ნაწილების, მათი ურთიერთკავშირების და მთელი სხეულის ცალკეულ ორგანოებთან მათი მიმართების
გამოწვლილვით შესწავლიდან გამომდინარეობს, რომ ნერვულ სისტემას, გასაკუთრებით კი
ნერვულ ცენტრს უშუალო გავლენა და კავშირი აქვს ადამიანის სულთან და რომ ტვინის
ნაწილების განვითარების მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ მის სულიერ თვისებებზეც.
მარამ ეს მხოლოდ ნაწილობრივ. მთლიანად კი ტვინთან ნაცნობობით ყველა სულიერ
მდგომარეობათა და უნართა შეუცდომლად ამოკითხვა შეუძლებელია, ვინაიდან ტვინის
ნივთიერება იმდენად ფაქიზია, რომ ვერ ითმენს ვერავითარ გამოკვლევას. ტვინის ამა თუ
იმ ნაწილის უპირატესი განვითარება გვაძლევს უფლებას დავასკვნათ ზოგიერთ,
განსაკუთრებულ სულიერ მდგომარეობათა, შესახებ. აი, რატომაა, რომ ტვინი და თვით
თავიც ადამიანთა სხვადასხვა თაობებს ერთნაირი პროპორციით როდი აქვთ მოწყობილი.
მაგ., ეთიოპელებს უფრო მნიშვნელოვნად განვითარებული აქვთ ტვინის უკანა ნაწილები და
ვიცით, რომ მათი გონებრივი უნარები გაცილებით დაბალია სხვა ტომებთან შედარებით,
სამაგიეროდ მათი ვნებები და მისწრაფებები ძლიერი და დაუოკებელია.
მაგრამ ვამჩნევთ რა ამ ახლო მიმართებას ტვინის განვითარებასა და გონებრივ უნარებს
შორის, არ შეიძლება ავრიოთ მიზეზი და მოქმედება, ანუ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ვინმე
კაცი იმიტომ აღმოჩნდა ჭკვიანი და ნიჭიერი, რომ მას უკეთ განვითარებული ტვინი
ჰქონია, ხოლო მეორის სისულელე თითქოს იმის მიზეზი ყოფილა, რომ ტვინი აღმოაჩნდა
კარგად განუვითარებელი. ამგვარი ფიქრი შეცდომაა. აქაც, ისე, როგორც ყველგან,
ჭეშმარიტება ორ უკიდურესობას შორის სუფევს.
ვერ დავეთანხმებით კლენკეს შეხედულებას, რომლის მთავარი აზრი იმაში მდგომარეობს,
რომ სული თითქოს არაცნობიერად თვითონვე ქმნის თავის ორგანოებს, მათ შორის ტვინსაც,
რაც ცდით არ დასტურდება. არ შეიძლება ჭეშმარიტებად მივიჩნიოთ არც კრანიოსკოპთა და არც
გალის სხვა მიმდევართა სისტემა, სადაც მტკიცდება აზრი, რომ სულის მთელი განვითარება,
მისი ყველა მდგომარეობა, ყველა ვნებანი და მისწრაფებანი წარმოადგენენ ტვინის გარკვეულ
ორგანოებში მიმდინარე მოვლენების შედეგს.
როგორც ჩანს, აქ ეს ორი მოვლენა - ორგანოთა განვითარება სულიერი თვისებანი არ შეიძლება მოექცნენ (ამ სიტყვის მკაცრი
აზრით!) მიზეზ-შედეგობრივ მიმართებაში. ვფიქრობ, ცდისეული ფსიქოლოგიის მიმდევარნი ალბათ დამეთანხმებიან
იმაში, რომ თითოეული ამ მოვლენათაგანი ერთსა და იმავე დროს შეიძლება იყოს
მიზეზიცა და შედეგიც. სული და სხეული ვითარდებიან პარალელურად და ურთიერთზეგავლენით.
ზოგი რამ ორგანიზმში განპირობებულია წმინდა ფსიქიკური თვისებებით და პირიქითაც -
ბევრი სულიერი მოვლენა ორგანულ ხდომილებათა შედეგად წარმოგვიდგება. ავიღოთ, თუნდაც, იგივე
ეთიოპელი, რომელსაც ყოველთვის განვითარებული აქვს ტვინის უკანა ნაწილი. თუ ჩვენ
ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ვიმოქმედებთ მის სულზე, ვავარჯიშებთ და გავრწვთით მის გონებრივ
შესაძლებლობებს, ეჭვი არ უნდა ვიქონიოთ, რომ ამ ეთიოპელის რომელიმე ჩამომავალ თაობას
აღმოაჩნდება სხვაგვარად განვითარებული ტვინი. ეს ბუნებრივიცაა. ყოველ ადამიანს გაცილებით
უკეთ უვითარდება ის ორგანო, რომელსაც იგი ყველაზე ხშირად ავარჯიშებს. მაგ., მშრომელებს
ხელის კუნთები უფრო ძლიერად აქვთ განვითარებული, ხოლო სწავლულ ადამიანებს - ტვინის ნაწილები.
|
|