მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

მეორე განყოფილება

 

სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ

 

თავი მერვე

 

ნერვული და სხვა სისტემების დამოკიდებულების შესახებ სულიერ ცხოვრებასთან

 

ა) სულთან ნერვული სისტემი დამოკიდებულება

 

§160. ტვინის ნაწილთა მნიშვნელობა

 

პირველ თავში ჩვენ მოკლედ მოვიხსენიეთ ტვინის ცალკეული ნაწილების მნიშვნელობა. აქ მასზე უფრო ვრცლად შევჩერდებით.

 

ჯერ ისევ ის გავიხსენოთ, რაც ითქვა პერიფერიიდან თავის ქალის ცენტრისკენ ნერვების გავლის წესზე: ზოგიერთი ორგანოდან ნერვები პირდაპირ კი არ მიდიან თავის ტვინისაკენ, არამედ გასავლელ გზაზე უერთდებიან და გადეხლართვიან ორგანიზმის ბევრ სხვა ნაწილებს (მაგ., განგლიებს) და ამიტომაც არ ძალუძთ მათ სრულად მიტანონ ცნობიერებამდე ნერვული დენი. ასეთებია: სუნთქვის, სისხლის მიმოქცევის, ფილტვებისა და სხვათა ნერვები. აი, ამიტომაა, რომ სული ვერ აცნობიერებს მთლიანად ზოგიერთ სხეულებრივ მოქმედებას. როდესაც რომელიმე ორგანოს ნერვი მიემართება ტვინისაკენ იზოლირებულად და მოკლე გზით, და როდესაც იგი მეტად ერთვის ტვინის ბურთულებში, მაშინ ხსენებული ორგანოს ყველა ქმედება უფრო ნათლად აისახება სულში.

 

თავის ტვინი თავისი აგებულებით სამ ნაწილად განიყოფა: მცირე ტვინად, ოთხგორაკად, ანუ მოგრძო ტვინად და დიდ ტვინად. ბევრი ფიზიოლოგის დაკვირვებებმა და ცდებმა გვიჩვენა, რომ მცირე ტვინის დაზიანება იწვევს კუნთებისა და კიდურების მოძრაობის მოშლას. მაშასადმაე, მცირე ტვინი ხიდთან (pons) ერთად წარმოადგენს ორგანოს, რითაც სული იწვევს მოძრაობას. მასში თავს იჩენს სურვილები (ნათელი ან ბუნდოვანი), გარეშე საგნებისადმი მისწრაფებები და სხვ.

 

მცირე ტვინის დიდი ჰემისფეროები შეიცავენ ყველაზე დიდი რაოდენობის ნერვულ ბოჭკოებს, რომლებიც გრძელი გზის გავლის შემდეგ იქცევიან სულის ისეთ უმაღლეს უნართა იარაღად, როგორიცაა ნება და ცნობიერი მისწრაფება. აქვე მთავრდება მხედველობის ნერვის დიდი ძაფები. რაც შეეხება სმენის ნერვებს, მათაც უთუოდ გააჩნიათ თავისი მობრუნების წერტილები მცირე ტვინშივე.

 

მაგრამ უმთავრესი იარაღი სულიერი უნარებისათვის მაინც დიდი ტვინია. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ყველა ნერვულ ბოჭკოს, რომელიც მიედინება საფარველის ზედაპირიდან, ტანის, განსაკუთრებით სახის ურიცხვ ნერვს, მასში აქვს თავისი ცენტრალური ნასკვი. დიდ ტვინში სულმა მოაწყო თავისთვის გარეშე სამყაროს გაგების, გონებრივი მოქმედების ორგანო. კლენკე ასე წარმოგვიდგენს სულიერ უნართა განაწილებულ ადგილსამყოფელს თავის ტვინში:

 

A - მცირე ტვინი - სურვილების, გულისთქმის, მოძრაობის. ინქტინქტის, სქესობრივი ჟინის, ხმის მგრძნობელობის ადგილი.

 

B - ოთხგორაკა - წარმომქმნელი (ემბრიონალური) მოქმედების, მისი არაცნობიერი შთაბეჭდილებებისა და უკუქმედებათა ადგილი, ასევე სიმპათიკური ნერვული სისტემის ცენტრალური პუნქტი და სინათლის მგრძნობელობის ადგილი.

 

C - წინა დიდი ტვინი - გონიერი შემეცნების, განსჯის, ცნობიერების, სუნის მგრძნობელობის ადგილი.

 

D - ოთხგორაკზემო დიდი ჰემისფეროები - წარმომქმნელი ცხოველმოქმედებისაგან წარმომდგარი უკუქმედებისა და ცნობიერი მგრძნობელობის ადგილი, ასევე სულიერი განწყობილებების ზოგადი გრძნობის უმაღლესი შესაძლებლობის ადგილი.

 

E - მცირეტვინზედა დიდი ჰემისფეროები - ცნობიერი სურვილების, ნებელობისა და უმაღლესი შემეცნების ადგილი.

 

ასეთი განაწილება რომ სწორია, კლენკეს აზრით, დადასტურებულია უამრავი ცდით, რომელთა ნაწილი ჩვენ პირველ თავში წარმოვადგინეთ და რომელთა აღწერასაც ვხვდებით ბევრ ფიზიოლოგიაში.