|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
მეორე განყოფილება
სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ
თავი მერვე
ნერვული და სხვა სისტემების დამოკიდებულების შესახებ სულიერ ცხოვრებასთან
ა) სულთან ნერვული სისტემი დამოკიდებულება
§159. შენიშვნები სულის არსის შესახებ
ვისარგებლებთ მოყვანილი ფაქტებით, რათა კვლავ დავამტკიცოთ ის, რის დასაბუთებასაც ვცდილობდით პირველ თავში ტვინის აგებულების
საფუძველზე, კერძოდ - არამატერიალურობა და განუყოფლობა იმ არსებისა, რომელიც
აღიქვამს ტვინის ყველა შთაბეჭდილებას. მართლაც, ის ფაქტები, რომლებიც მიგვანიშნებენ
სულის ქმედებათა ტვინისაგან მჭიდრო დამოკიდებულებაზე, ნაცვლად იმისა, რომ მოუმზადონ
საყრდენი მატერიალიზმს, შეიცავენ ძლიერ, ურყევ და სრულიად უდავო საბუთს ადამიანის
სულის განუყოფლობის და გონიერების სასარგებლოდ.
ტვინის გარდა რომ ადამიანში არ ყოფილიყო ერთიანი, განუყოფელი არსება, მაშინ ასეთ სურათს მივიღებდით: ადამიანის ყოველი
უნარი ცალკე სუბსტანციად წარმოდგებოდა: აზრი განეკუთვნებოდა ერთ განსაკუთრებულ ნაწილს,
ნება - მეორეს, სურვილები - მესამეს და ა.შ. ესეც ცოტაა - ადრე მოტანილმა მაგალითებმა
გვიჩვენეს, რომ ყოველ წარმოდგენას გააჩნია თავისი საკუთარი ორგანო (ჯარისკაცთან
5-ისა და 7-ის წარმოდგენას), მაგრამ ვინ იქნება ისეთი გულუბრყვილო, რომ არ შეამჩნიოს:
ტვინის მთელი ეს ბუშტულები, მთელი ტვინი წარმოადგენს მხოლოდ იარაღს იმ ერთი განუყოფელი
სუბსტანციისა, სულიერი მონადისა, რომელიც თავის თავში ითავსებს ყველა აზრსა და უნარს,
იყენებს ტვინს, როგორც მუსიკოსი ინსტრუმენტის სიმებს, რომელთაც გარკვეული მოქმედების
კვალობაზე გამოაღებინებს სასურველ ხმებს. სასაცილოა ვიფიქროთ, რომ შვიდისა და ხუთის
წარმოდგენებს შეიცავდნენ ტვინის სწორედ ის ატომები, რომლებიც ხსენებულმა ჯარისკაცმა
დაკარგა, ან რომელიც ოპერაციის დროს დაზიანდა. ცხადია, უნდა ვიფიქროთ პირიქით:
გარკვეული ბუშტულები იყვნენ ამ წარმოდგენების მხოლოდ ორგანოები, დროებით მან დაივიწყა თვით წარმოდგენებიც, მაგრამ
შემდეგში კვლავ დაიბრუნა ისინი, ე.ი. უნდა ვივარაუდოთ, რომ სულმა ამ წარმოდგენების
იარაღებად აქცია სხვა ატომები, ანუ ტვინის ბუშტულები. ამდენად, სულიერ წარმოდგენებზე
ორგანულ მოვლენათა გავლენის შესახებ აქამდე მოყვანილმა ყველა მაგალითმა, ყველა ამ
ფაქტმა, რომელიც აჩვენებს აზროვნების დამოკიდებულებას ორგანულ სისტემებზე, არ უნდა
მიიყვანოს არავინ იმ აზრამდე, რომ თითქოს სული წარმოადგენდეს რაღაც სხეულებრივ
არსებას; რაღაც სუბმტრატს, ორგანიზმის ესენციას, როგორც ეს შეიძლება მოგვეჩვენოს
კლენკეს წიგნისა და მისი მსგავსი სისტემების კითხვის დროს; პირიქით, ეს მაგალითები
და ფაქტები მთელი ძალით გვარწმუნებენ სულის არანივთობრივ ხასიათში.
მეტი თვალსაჩინოებისათვის წარმოვიდგინოთ ტვინის რაიმე ნაწილი, რომელიც 18
ატომისაგან შედგება და თითოეული მათგანი 18 განსხვავებულ წარმოდგენის ორგანოდ
ჩავთვალოთ. თუ ტვინში არ იქნებოდა ერთი მონადა - სული, ერთი არამატერიალური
არსება, რომელიც ითავსებს და ადარებს ერთიმეორესთან ყველა ამ წარმოდგენას, მაშინ
დაისმოდა კითხვა: როგორ შეიძლებოდა შემდგარიყო მსჯელობები ამ 18 ცალკეული
ბუშტულისა თუ წარმოდგენის ორგანოდან? არ დაგვავიწყდეს, რომ მსჯელობა - ეს ორი
წარმოდგენის შედარებაა. დავუშვათ, რომ გარკვეული მსჯელობის მისაღებად უნდა
შევადაროთ 1-ლი და მე-18 ბუშტულებში არსებული წარმოდგენები: ვინ ახდენს ამ შედარებას?
ნუთუ თვით პირველი და მეთვრამეტე ბუშტულები? მაგრამ ეს ხომ უაზრობა იქნებოდა,
ვინაიდან მაშინ უნდა დაგვეშვა ჩვენში იმდენი შემდარებელი სუბსტანციის არსებობა,
რამდენიც მსჯელობა გაგვაჩნია. ამდენად, საღად მოაზროვნე ადამიანს არ შეუძლია არ
დაინახოს, არ დარწმუნდეს, ასე ვთქვათ, ხელშესახებად, რომ ადამიანში არსებობს რაღაც
განსაკუთრებული, მიუწვდომელი არსება, რომელიც თავის თავში აერთებს ყველა ამ ატომთა
მდგომარეობას, ადარებს ტვინის ბუშტულების ყველა ამ უსასრულო ცვლილებებს, მასში
შეგრძნებათა ფორმით რომ აისახებიან.
მაგრამ ამ საკითხის უფრო ყურადღებით განხილვამ შეიძლება შემდგომ მოსაზრებამდე
მიგვიყვანოს: აქამდე ჩვენ ვლაპარაკობდით ნერვულ დენებზე, რომელთაც მიაქვთ რა
შთაბეჭდილებანი ტვინამდე, იწვევენ თავის ქალის ბუშტულიანი საფარის ცვლილებას. ვილაპარაკოთ იმაზეც, რომ ამ
ცვლილებების, ტვინის ნაწილების ამ დაძაბულობის გარეშე, არ იქნებოდნენ არც გრძნობები, არც
წარმოდგენები. მაგრამ ვიკითხოთ: რაში მდგომარეობს ნერვული დენის ტვინზე შთამბეჭდავი
ზემოქმედების არსი? რა ცვლილებებს იწვევენ ეს შთაბეჭდილებანი ტვინის მიკროსკოპულ
ბუშტულებში? ან სხვაგვარად, რაში მდგომარეობს არსი იმ ანაბეჭდისა, შთაბეჭდილებისა,
რომელსაც ნერვული დენი ახდენს ტვინში წარმოდგენის გამოსაწვევად და რომელიც კვლავ უნდა
გამეორდეს ტვინში, როდესაც ვიხსენებთ იმავე წარმოდგენებს?
ამ კითხვებზე პასუხში ამოიკითხება განსხვავება ჩვენს შეხედულებას და კლენკესა და მთელი უახლესი ფსიქოლოგების
შეხედულებას შორის. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული ჩვენი შეხედულების ჭეშმარიტებაში,
ვინაიდან მას ადასტურებს ყველა ფიზიოლოგიური ფაქტის მიუკერძოებელი განხილვა ჩვენს მიერ.
კლენკე და ყველა უახლესი ფიზიოლოგი თუ ფილოსოფოსი ფიქრობენ, რომ თვით ეს
შთაბეჭდილებანი, ბუშტების თვით ეს ცვლილებანი წარმოადგენენ შეგრძნებასა და გრძნობებს
იმდაგვარად, რომ აქედან გამომდინარეობს: ყველაფერს ხედავს, ისმენს და გრძნობს თვით
ტვინი. მეტიც, კლენკეს თვით ცალკეული ორგანოები, ან სხეულის სისტემები აღჭურვილი აქვს
გრძნობისუნარიანობით; იგი იმასაც ფიქრობს (რაც უფრო უცნაურია), რომ სული აზროვნებს ყველა
ორგანოში; აქედან კი - მისი არაცნობიერი აზროვნებაც. ცხადია, რომ ეს შეხედულება
აღმოცენებულია შთაბეჭდილებებისა და შეგრძნებების აღრევის შედეგად. განიცდის არა ტვინი, მით
უმეტეს, არა თვალი, ყური ან ცხვირი, არამედ სული. ცალკეულ ორგანოებში და თვით ტვინშიც
კი, ტვინის ბუშტულებში მიმდინარეობს ქიმიურ-მექანიკური ცვლილებები, ჯერ კიდევ არ წარმოადგენს შეგრძნებას.
ვინც აზროვნებისა და ანალიზის წყალობით მოასწრო მიხვედროდა
განსხვავებას შთაბეჭდილებებსა და შეგრძნებებს შორის, საკმაოდ გაემიჯნა ისინი
აზროვნებაში ერთი მეორისაგან, მისთვის ყველა ფიზიოლოგიური ფაქტი ახალი სინათლით
წარმოსდგება: ბევრი რამ, რაც აქამდე გაუგებრად მიაჩნდა, ნათელი ხდება. დავუშვათ კიდეც, რომ
ჩემი შეხედულება არ გამართლდეს, ე.ი. მომავალმა ფიზიოლოგიურმა ცდებმა და გამოკვლევებმა დაადასტურონ შეგრძნებათა თანაფარდობა თვით
ორგანოებთან თუ ტვინის ბუშტულებთან, ან კლენკესა და სხვათა თვალსაზრისი რომ
გამართლდეს, შემგრძნობი მატერიის, როგორც ორგანიზმის საფუძვლის შესახებ, რასაც არ
უნდა ველოდეთ არავითარი მოსაზრებით, მაშინაც ჩვენს მიერ ნათქვამი ამ პარაგრაფსა და
პირველ თავში სრულიად საკმარისი აღმოჩნდება სულის არამატერიალურობის დასასაბუთებლად;
მართლაც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეგრძნებებს ჩავთვლით ტვინის ბუშტულების
საკუთრებად, ვერც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი იმას ვეღარ იტყვის, რომ თვით ეს
ბუშტულები ატარებენ შეგრძნებებს და ქმნიან მსჯელობებს, ვინაიდან ერთ ბუშტულას ან ტვინის ერთ ნაწილს არ ეცოდინება რა ხდება
ტვინის სხვა განყოფილებაში.
|
|