|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
მეორე განყოფილება
სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ
თავი მერვე
ნერვული და სხვა სისტემების დამოკიდებულების შესახებ სულიერ ცხოვრებასთან
ა) სულთან ნერვული სისტემი დამოკიდებულება
§158. საკუთრივ თავის ტვინის მოქმედების შესახებ
ჩვენ ვთქვით, რომ ორგანიზმის ყოველი წერტილი პირველადი ბოჭკოების საშუალებით დაკავშირებულია თავის ტვინთან, რის
გამოც ყოველგვარი მდგომარეობა, პერიფერიის ყოველგვარი ცვლილება მაშინვე მეორდება
ტვინში. მაშასადამე, ტვინში თავს იყრის ორგანიზმის მთელი ცხოვრება, მხოლოდ მასში
შეუძლია სულს შეიგრძნოს და შეიგნოს მთელი თავისი სხეული. ამდენად, რაც უფრო მეტი
პირველადი და უკეთ იზოლირებული ბოჭკოები შემოდიან მასში რომელიმე ორგანული სფედან, რაც მეტია ტვინში
ცენტრალური წერტილები, და ბოლოს, რაც მეტია ტვინში ბოჭკოების საფარველი მასა, მით
უფრო ძლიერი და ნათელი უნდა იყოს სულის შეგრძნება. აქედან გამომდინარეობს, რომ თავის
ტვინის აღნაგობის, მასისა და სხვა თვისებების საშუალებით შეიძლება უკვე როგორღაც
ვიმსჯელოთ ადამიანის გონებრივი განვითარების შესახებ, მაგრამ არც ისე გადაჭრითა და
უტყუარად, როგორც ბევრს ჰგონია.
სულის უმაღლეს უნარს გააჩნია თავისი ადგილსამყოფელი ორგანო, და ასე ვთქვათ, იარაღი
თავის ტვინში; სულის ყოველი ცვლილება და მოქმედება უპირველესად ყოვლისა აქ იჩენს თავს.
ეთერულ ნერვულ ბურთულებში არსებული ეს ცოცხალი და მოქმედი ძალა გაცილებით უფრო მოძრავია,
ვიდრე გალვანური დენი. საკმარისია ვთქვათ, რომ სულის ყოველ წარმოდგენას (ასეთი კი
რამდენია სულში!) თან ახლავს საფარველი მასის გარკვეული ნაწილების
განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც წარმოდგენის განმეორების შემთხვევაში
თვითონაც განიცდის განხლებას ისე, რომ ჩვენ ვერ გავიხსენებთ ვერც ერთ წარმოდგენას
თავის ტვინის ნაწილებში სათანადო ცვლილებათა განმეორების გარეშე. ასეთი
განმეორება უნდა მოხდეს მაშინაც, როდესაც სულს სურს დიდხანს და უკეთ დაიმახსოვროს
თავისი წარმოდგენები. კლენკეს წიგნში მოტანილია კარუსის ჩინებული შედარება, რომელიც აგვიხსნის სულის მოქმედების წესს
თავის ტვინის მეშვეობით. სიამოვნებით ვახდენ მის ციტირებას: „წარმოვიდგინოთ ისეთი
ოთახი, რომლის კედლები მოფენილია მრავალი სარკით. ამ სარკეებს აქვთ თვისება - ყოველი
გამოსახულება, მათში მაგნიტური გზით გარედან რომ შემოდის, აირეკლოს კაცისაკენ, რომელიც
ოთახის შუაგულში ზის და იხილავს რა ანარეკლს ერთხელ, თითქოს მიაქვს და
ინახავს თავისთვის სამუდამოდ, როგორც თავის საკუთრებას. ამ გზით ეს კაცი
იღებს და ინახავს უამრავ გამოსახულებას, რომელთაც შემდეგ მოიხმარს თავისი
სურვილისამებრ, მხოლოდ შემდეგი პირობით: რომელიმე გამოსახულების გახსენების დროს,
თუ მოისურვებს მის ხელმეორედ ხილვას, უნდა შეხედოს იმ სარკეს, რომლის წყალობითაც
მან პირველად მიიღო იგი. მაშინ ელვისებურად გამოჩნდება სუფთა და ნათელი
გამოსახულება, თუ სარკე სუფთა და მთელია, ბუნდოვნად - თუ სარკე დაბურულია,
ნაწილობრივ - თუ სარკე დასვრილი ან გაბზარულია; შეიძლება სრულიადაც არ გამოჩნდეს ან
უხილავ იქნას, თუ სარკე მთლად გატეხილი ან მთლად გამკრთალებულია. ეს სარკეები
ინარჩუნებენ სისუფთავეს და სიმრთელეს მხოლოდ მათი ხშირი გამოყენების შემთხვევაში ე.ი.
აუცილებელია გარედან მსგავსი გამოსახულებების ხშირი გატარება, ან მათი შიგნიდან
დათვალიერება, რათა სარკემ შეინარჩუნოს თავისი მოქმედუნარიანობა. მაგრამ შეიძლება
თანდათანობით ისეც მოხდეს, რომ არასაკმაოდ გამოყენების, გარეგანი დაზიანების თუ
სხვა შემთხვევებში სარკეები ფერმკრთალდება და მოსახმარად გამოუსადეგარი ხდება
კაცისთვის; მათ შეიძლება დაკარგონ უნარი მაგნიტური გზით „მოიხმონ" კაცისთვის ახალი
გამოსახულებანი, ხოლო თვით კაცს კი აღარ შეეძლება თავის თავიდან გამოიწვიოს ძველ
სარკეებზე ის გამოსახულებანი, რომლებიც მის საკუთრებად იქცნენ. მიუხედავად ამისა,
სარკეების წყალობით ადრე მიღებული გამოსახულებანი რჩებიან მასთან მთელი მისი
სიცოცხლის განმავლობაში, თუმცა მას არასდროს არ შეეძლო გაემართა სარკეების ახალი
პანორამა, მის ძალას რომ აღემატებოდა". იმის დასამტკიცებლად, რომ თითქმის ყოველ
წარმოდგენას უნდა გააჩნდეს თავისი შესატყვისი ორგანო ტვინში, ანუ შესატყვისი
ცვლილება მის ნაწილებში, კლენკეს მოყავს იმ ავადმყოფის მაგალითი, რომელმაც ტვინის
ადგილობრივი დაზიანების შემთხვევისას დაკარგა ერთი წარმოდგენა - მას აღარ ძალუძდა
ჭიქიდან დალევა; ფაქტიურად კი წარმოდგენის ორგანოები უცვლელი დარჩა, საჭირო იყო
მხოლოდ ავადმყოფს სმის დროს ჭიქა სჭეროდა ხელში. მეორე მაგალითად ერთი ჯარისკაცია
წარმოდგენილი, რომელმაც ტრეპანაციის დროს დაკარგა ტვინის ნაწილი და უეცრად დაივიწყა რიცხვები
5 და 7. მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ ძლივს შეძლო მათი ხელახლა დასწავლა.
და მაინც არავის არ ძალუძს აღნიშნოს ტვინში ორგანოები მათი კერძო წარმოდგენებითურთ, ვინაიდან ტვინის
ორგანოები, მისი ბუშტულები იმდენად ნაზი, იმდენად შეუვალი არიან ანალიზისათვის, რომ
შეუძლებელია მათი შესწავლა თვით საუკეთესო მიკროსკოპებითაც კი.
|
|