მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

მეორე განყოფილება

 

სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ

 

თავი მერვე

 

ნერვული და სხვა სისტემების დამოკიდებულების შესახებ სულიერ ცხოვრებასთან

 

ა) სულთან ნერვული სისტემი დამოკიდებულება

 

§156. რას ნიშნავს სინამდვილეში არაცნობიერი აზროვნება?

 

აქ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ ფიზიოლოგიურ ფაქტს, რომელიც თვით კლენკეს მოყავს და იწვევს ინტერესს იმ მიმართებით. რომ იგი გაცილებით მარტივად გვიხსნის იმას, რასაც კლენკე სულის არაცნობიერ აზროვნებას უწოდებს. წინა პარაგრაფში ვილაპარაკეთ იმაზე, რომ რაც უფრო იზოლირებულად და მოკლედ გადააქვს ნერვულ ძაფს შთაბეჭდილებანი, მით უკეთ ატარებს იგი ნერვულ დენს ტვინისაკენ და ამდენად მგრძნობელობაც მით უფრო მკაფიოა; ასეთია გრძნობათა ხუთი ორგანოს ნერვები. მაგრამ ყველა ნერვს როდი გააჩნია ეს უპირატესობა. უკეთესია მოვუსმინოთ თვით კლენკეს: „მეცნიერთა ძველი შეხედულების საპირისპიროდ, ყველა განგლიოზურ ნერვს გააჩნია პოლუსის ცენტრალური კვანძი თავის ტვინში, თუმცაღა პირდაპირ კი არ მიემართებიან ამ ცენტრალური წერტილისაკენ, არამედ გზაზე მანამდე აწყდებიან განსაკუთრებულ ნაწილებს - განგლიებს, რომლებიც შედგებიან ე. წ. ცენტრალური საფარველი მასისგან და სხვადასხვა ადგილას ეკვრიან წარმოქმნადი სიცოცხლის პირველად ბოჭკოებს. მათი მიზანია შეცვალონ აქ მიმდინარე ცენტრალური, ინერვაციული მოქმედება. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ნერვული დენი, იქნება ის მგრძნობელობის თუ უკუქმედების, მით უფრო წმინდა, იზოლირებული და ნათელია, რაც უფრო იზოლირებული და მოკლეა ბოჭკოს გზა პერიფერიიდან ცენტრისკენ; აქედან, რაც უფრო განცალკევებით და შორს გაივლის ის თავის ტვინის საფარველ მასაში, მით უფრო სწრაფად იქცევა შთაბეჭდილება მგრძნობელობად, ხოლო რეაქცია მაღლდება ნების მოქმედებამდე".

 

წარმოქმნადი, არაცნობიერი სიცოცხლის ნერვებს (მომნელებელი, სისხლის მიმოქცევის, ლიმფური და სხვები), არ გააჩნიათ ეს უპირატესობანი. ამიტომ, მათ მიერ თავის ტვინში გატარებული შთაბეჭდილებები რჩებიან ბუნდოვან შეგრძნებებად და მხოლოდ ძლიერი გაღიზიანების მომენტები აღწევენ ცნობიერების სფეროს წინათგრძნობისა და სურვილის, ორგანული მდგომარეობის ბუნდოვანი შეგრძნებებისა და ანგარიშმიუცემელი უკუქმედების სახით. ეს მომენტები ცნობილია მესმერიზმის, სომნამბულიზმისა და რაბდომანტიზმის სახელწოდებით".

 

ყოველივე აქედან ჩანს, რომ ყველა ნერვი ერთნაირად როდი აისახება თავის ტვინში და ამრიგად, ყველას არც ერთნაირად მკვეთრი შეგრძნებების გამოწვევა შეუძლია. ორგანიზმში ისეთი ცვლილებებიც ხდება, რომელთაგან იშვიათად აღწევენ თავის ტვინამდე შთაბეჭდილებანი, თუ აღწევენ, ისიც ბუნდოვანი, არაცნობიერი შეგრძნებების სახით. სწორედ ეს ბუნდოვანი შეგრძნებები, ანუ, უკეთ, ეს ცვლილებებია ორგანიზმში არაცნობიერ აზროვნებად რომ იწოდება კლენკესთან. მაგრამ აზროვნება ხომ ისაა, რაც სულმა გარკვევით შეიცნო; მის საფუძვლად უნდა ვივარაუდოთ მხოლოდ ის შთაბეჭდილებები და ცვლილებები, რომელნიც სულში მკვეთრად აისახნენ. ის ცვლილებანი და შთაბეჭდილებები კი, რომელთაც სული ვერ განაწყვეს ყურადღებით, ან სულმა არ მოაქცია თავისი აზროვნების ფორმებში, სულისათვის უცხოდ რჩებიან ისევე, როგორც გარეგანი სამყაროს ის მოვლენები, რომელთაც არ მოუხდენიათ გრძნობებზე შთაბეჭდილებები, ანდა, თუ მოახდინეს, სულს არ მიუქცევია მისთვის ყურადღება. ამდენად, არ არსებობს რაიმე საფუძველი იმისათვის, რომ ორგანულ ცვლილებებს ვუწოდოთ სულის არაცნობიერი აზროვნება, ვინაიდან სული არც ცნობს მათ და არც აზროვნებს მათ შესახებ. თვით გამოთქმა - „არაცნობიერი აზროვნება" - შეიცავს წინააღმდეგობას ტერმინებს შორის.