|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
მეორე განყოფილება
სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ
თავი მერვე
ნერვული და სხვა სისტემების დამოკიდებულების შესახებ სულიერ ცხოვრებასთან
ა) სულთან ნერვული სისტემი დამოკიდებულება
§155. ნერვების მოქმედების გვარობა
ნერვების მოქმედების გვარობას, ანუ იმას, თუ როგორ გადააქვთ ნერვებს შთაბეჭდილებები პერიფერიიდან ცენტრში, ბატონი
კლენკე ხსნის შემდეგი შედარებით: „ვისაც სურს სრული წარმოდგენა შეექმნას პირველად
ნერვულ ბოჭკოებსა და მათ მოქმედებაზე, შეხედოს გალვანურ ტელეგრაფს, როგორც ნერვული
მოქმედების უახლოეს ანალოგს. გალვანური ტელეგრაფის მავთული ქმნის შეკრულ წრედს ორი
პოლუსით, რომელნიც წარმოადგენენ ისეთ ერთიანობას, რომ მცირეოდენი ცვლილებაც კი ერთ
პოლუსზე, ზემოქმედებს მეორეზე, რამდენიმე მილით რომაა მისგან დაცილებული.
საკმარისია წრედი გაწყდეს, რომ დაპირისპირებულ პოლუსთა პოლარობაც ქრება. ნერვულ
ბოჭკოს ასეთივე ფორმა გააჩნია: იგი თავისი პერიფერიული ბოლოთი შებრუნდება და
უწყვეტი სახით მიდის უკან ცენტრისაკენ, თავის დასაწყისთანვე. გალვანური მოქმედების
მსგავსად მასში ბრუნავს ეთეროვანი ნივთიერება და მხოლოდ იმ ხაზების განსხვავებაზეა
დამოკიდებული ნერვული ბოჭკოების შეკრული წრედის მგრძნობელობა თუ მამოძრავებელი
მგრძნობელობა, რომელთა გზითაც მიმდინარეობს ცენტრიდანული და ცენტრისკენული მოქმედება".
„ცენტრის ნერვული სისტემა ამ ნივთიერად შესამჩნევი სახით აღიქვამს შთაბეჭდილებებს
ყველა ორგანული სფეროდან და უკუზემოქმედებს მათზე".
„როგორც ცენტრალური, ისე სხვა ნერვების საწყისი ფორმები წარმოადგენენ სფერულ
სხეულებს და ცილინდრულ მილებს. პირველნი, რომელნიც ნერვულ ბურთულებად, ნერვულ
ბუშტულებად, ან საფარველ მასად იწოდებიან, ვალენტინის მიზიდვით იმყოფებიან ყველგან
ნერვულ მილაკებთან, ანუ პირველად ბოჭკოებთან ერთად. ცილინდრული მილები კი ამ
ბურთულაკებსა და ორგანიზმის სხვა ნაწილებს შორის გამტარების როლში გამოდიან. ისინი,
როგორც წვრილი ძაფები, გაივლიან სხეულის ყველა კიდე-ნაპირს, რის შემდეგაც
შებრუნდებიან და ერთდებიან ცენტრში თავის საწყისთან. ამრიგად, თავის ტვინში
იმყოფება უთვალავი ძაფის ცენტრალური პუნქტი. ეს ძაფები მოდიან ყველა ორგანოდან,
ერთმანეთს უახლოვდებიან ზურგის ტვინში და ბოლოს აღწევენ თავის ტვინამდე. თავის
ტვინშია სწორედ მათი ცენტრი და მობრუნების წერტილი, სადაც მოდიან ისინი და საიდანაც კვლავ ბრუნდებიან".
აქ, ცენტრალურ ორგანოში, ნერვულ ძაფთა უთვალავი ხვეულის სიახლოვეს თავს იყრის
სფეროსებრი მასა - ნერვული ბურთულები, რომელთა დინამიკურ თუ მატერიალურ
ცვლილებებზეა დამოკიდებული ნერვების მთელი ცხოვრება, მათი მოქმედება და
გამტარიანობა. ყოველივე, რასაც ნერვები ატარებენ ორგანოებიდან, გარეშე საგანთა
ყველა შთაბეჭდილება იწვევს საფარველი მასის ცვლილებებს და რაც უფრო ხშირად და
თავისუფლად ხდება ეს ცვლილებები, მით უფრო განვითარებული მოჩანს იგი, მით უფრო მეტი
ბურთულები მოდიან ნერვებთან შეხებაში და მით უფრო სუფთაა სულის გრძნობები და
უკუქმედებანი. ყოველ ახალ შთაბეჭდილებასა და ახლა გრძნობასთან ერთად ახალ
მდგომარეობაში აღმოჩნდება ბურთულოვანი მასაც. ძველ მდგომარეობათა და წარმოდგენათა
გახსენების დროსაც უნდა ვივარაუდოთ, რომ მასამაც ძველი მდგომარეობა მიიღო. ამასთან,
აღსანიშნავია უახლეს დროში აღმოჩენილი ფაქტი, რომ რაც უფრო გრძელ გზას გაივლიან
ნერვული ძაფები ამ მასაში და რაც უფრო იზოლირებული და მოკლე იქნება ბოჭკოს გზა
პერიფერიიდან ცენტრამდე - ტვინამდე, მით ძლიერი იქნება სასიცოცხლო ენერგია. სწორედ
ეს პროცესი მიმდინარეობს შედარებით უფრო განვითარებული ცხოველების, განსაკუთრებით კი ადამიანის ტვინში.
ვერ ვიტყვი, რამდენად დაეთანხმებიან განსწავლული, გამოცდილი ფიზიოლოგები კლენკეს იმ
შეხედულებას, რომ გრძნობისა და მოძრაობის ნერვები სხვადასხვას კი არა, ერთსა და
იმავე ძაფს წარმოადგენდეს, რომელიც ჩაბრუნებული და შეკრულია გალვანური დენის წრედის
მსგავსად, რომ შთაბეჭდილებათა გადატანა ორგანოებიდან ცენტრისკენ და უკუქმედება
ცენტრიდან პერიფერიებისაკენ წარმოადგენდეს სხვას არაფერს, თუ არა გალვანურ,
ცხოველურ დენს. ბევრი ცდის მიმდევარი სწავლული ფიზიოლოგი უარყოფს გალვანობისა და
ნერვული მოქმედების პრინციპის ერთგვარობას. თუმცა სულის შესამეცნებლად სულ ერთია,
როგორც არ უნდა გადაწყდეს ეს კამათი. ფსიქოლოგიისათვის ისიც საკმარისია, რაც ამ
მიმართებით პოზიტიურად ცნობილია.
|
|