|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
მეორე განყოფილება
სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ
თავი მერვე
ნერვული და სხვა სისტემების დამოკიდებულების შესახებ სულიერ ცხოვრებასთან
ა) სულთან ნერვული სისტემი დამოკიდებულება
§154. ამ დამოკიდებულების არსი
პირველ თავში ჩვენ უკვე აღვწერეთ ნერვული სისტემის ცენტრი, ასევე, განცდის და მოძრაობის ნერვთა მოქმედება, მაგრამ ეს აღწერა
არ იყო სრული, ვინაიდან იგი მიმართული იყო კერძო მიზნისაკენ და მასში ვლაპარაკობდით
ამ საგანზე მხოლოდ იმდენად, რამდენადაც საჭირო იყო იგი ამ მიზნის მისაღწევად. ახლა
კი დაწვრილებით უნდა გავარკვიოთ - რა გავლენას ახდენს ნერვული სისტემა სულიერ
მოქმედებაზე.
რაც არ უნდა ილაპარაკონ კლენკეს მსგავსმა თეორეტიკოსმა ფიზიოლოგებმა, რომელთაც სურთ
დაუმორჩილონ ფაქტები წინასწარ შერჩეულ თეორიებს, ნერვული სისტემის არსებითი
დანიშნულება მაინც ისაა, რომ გრძნობის ორგანოებზე გარეშე საგანთა შთაბეჭდილებები
გადასცეს გრძნობის ცენტრს, სადაც მათ სული აღიქვამს. ეს არის ფაქტი, რომელსაც მუდამ
ადასტურებს ცდისეული ფიზიოლოგია. ეს მეცნიერება ამტკიცებს, რომ ნერვების გარეშე არ
არსებობს განცდა, რომ ადამიანი გრძნობს და განიცდის მხოლოდ იმ სხეულებრივ
ცვლილებებსა და გაღიზიანებებს, რომელთაც ნერვები გადასცემენ ტვინს. ის ვარაუდი, რომ
პერიფერიებს, ანუ გარეგან ორგანოებს თვითონ, ნერვების გარეშე, ძალუძთ შეიგრძნონ,
რომ სული აზროვნებს კიდეც მათში არაცნობიერად, ყოველთვის დარჩება უცნაურ ჰიპოთეზად.
ამიტომ კლენკეს მოჰყავს რა ბუნებისმეტყველ ოკენის სიტყვები: „სხეულის ყოველ ნაწილს
ახასიათებს გაღიზიანება და მგრძნობელობა თავისთავად, ნერვებისაგან დამოუკიდებლად,
ვინაიდან ყოველი ნაწილი სხვაა, ვიდრე სრულყოფილებამდე მისული ნერვების უხეში
გარსი", უმატებს: „მაგრამ უდავოა, რომ მგრძნობელობა ნერვული მასის დამახასიათებელია
და ყოველი განმცდელი იძენს ამ უნარს იმდენად, რამდენადაც წარმოადგენს ნერვული მასის
გარდაქმნას. ამიტომ ყოველ ფორმაციას ან ქსოვილს გააჩნია მგრძნობელობის
განსხვავებული ხარისხი იმის მიხედვით კი არა, თუ რა რაოდენობის ნერვები იყრიან
მათში თავს, არამედ ძირითადი ქსოვილის გარდაქმნის ხარისხის მიხედვით".
მაშასადამე, დავუმატებთ ჩვენი მხრით, არ არის და არც შეიძლება იყოს მგრძნობელობა
ნერვების გარეშე.
|
|