მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

მეორე განყოფილება

 

სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ

 

თავი მეშვიდე

 

სულისა და მისი ორგანიზმის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ

 

§152. ადამიანის უნართა თანდათანობითი წარმოქმნის შესახებ

 

ბავშვთა უნარების განვითარების დაკვირვებით ჩვენ იმ ზოგად დასკვნამდე მივდივართ, რომ ორგანიზმი, პირველ რიგში, წარმოადგენს იარაღს, რომელიც ღმერთმა მიანიჭა სულს იმისათვის, რათა მისი საშუალებით მან შეიძინოს ყოველგვარი ცოდნა. ჩვენი სხეული, ვიმეორებ, წარმოადგენს სულისათვის თითქოს დამრიგებელს იმ აზრით, რომ სული ყოველივეს სწავლობს თავისი ორგანიზმის საშუალებით. ჩვილი ყრმის სულის განვითარებაზე გამოწვლილვით დაკვირვებათა ერთობლიობა (ყურადღების პირველი გამოკრთომით დაწყებული, ყველა უნარის სრული განვითარებით დამთავრებული) სავსებით დაასაბუთებდა ამ აზრს; უფრო მეტიც, იგი უაღრესად სასარგებლო და მნიშვნელოვანი იქნებოდა სხვა მრავალი მიმართებითაც. ის იქნებოდა ყველა სულიერი ძალის წარმოშობის, გავითარებისა და წესრიგის ისტორიული კრებული და ფრიად მნიშვნელოვან სახელმძღვანელოდ გამოადგებოდა ცდის ერთგულ ფსიქოლოგს. ჩვენ შევეცდებით ვაჩვენოთ ამ დაკვირვებათა თუნდაც ზოგიერთი ნიშანი.

 

ქვეყანაზე ახლად მოვლენილ ჩვილს არ გააჩნია არავითარი სულიერი ძალა და უნარი, გარდა იმისა, რომ მექანიკურად ამოძრავებს სხეულის ნაწილებს და არაცნობიერად, ტირილის მეშვეობით ამჟღავნებს შიმშილის, ტკივილისა თუ სიცივის შინაგან შეგრძნებებს. სულის რაღაც გამონაკრთომი შეიძლება შევამჩნიოთ მასში მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ, ხშირად დაბადებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც. მანამდე კი ბავშვი, მართალია, ხედავს თვალით, უდავოა ისიც, რომ ღებულობს შთაბეჭდილებებს სხვა ორგანოებიდანაც და, ამდენად, მის სულში შეიგრძნობა სინათლე, ფიგურები, ბგერები, სუნი და სხვა, მაგრამ იგი ვერ აცნობიერებს ამ შეგრძნებებს, ე.ი. არ ესმის, რომ ეს შეგრძნებები სწორედ მასში აღმოცენდება.

 

პირველი უნარი, რომელსაც ვამჩნევთ ბავშვში, ეს სწორედ ყურადღებაა. იგი თავდაპირველად იღვიძებს უმეტესწილად ბგერათა შეგრძნების წყალობით. თუ ძიძას სურს დააძინოს ბავშვი და ამ მიზნით უმღერის იავნანას, რამოდენიმე ხნის შემდეგ ბავშვი ტირილს წყვეტს და ცხადია, უსმენს ხმას, ე.ი. იწყებს რაღაც შეგრძნებათა გაცნობიერებას, ანუ აჩერებს მათზე ყურადღებას. მაგრამ ეს ყურადღება, ბგერათა ეს გაცნობიერება დიდხანს გაურკვეველი რჩება მისთვის, ე.ი. ბავშვი კიდევ დიდხანს ვერ გებულობს იმას, რომ ამ შეგრძნებათა მიზეზები მის გარეთაა. მხოლოდ მოგვიანებით ხვდება იგი თანდათან, რომ ეს ბგერები მომდინარეობენ გარე საგნებიდან.

 

მსგავს ვითარებასთან გვაქვს საქმე მხედველობითი შეგრძნებების დროსაც. აკვანში მწოლიარე ბავშვის ზემოთ ხშირად ჰკიდებენ რაიმე სათამაშოს. ბავშვი დიდხანს შესცქერის მას სრულიად გულგრილად. შემდეგ უფრო დიდხანს აჩერებს მასზე მზერას, ე.ი. იწყებს იმ შეგრძნების შემჩნევას, რომელსაც იწვევს მასში ეს სათამაშო. მაგრამ კვლავ დიდხანს არ ესმის მას, რომ ეს სათამაშო წარმოადგენს საგანს, რომელიც მის გარეთ არსებობს. მას ეჩვენება, რომ იგი მის თვალშია. ბოლოს, როდესაც ხშირი გამეორების შედეგად სათამაშოდან მიღებული შთაბეჭდილება მისთვის ნაცნობი ხდება და იგი შეეჩვევა ამ შეგრძნებას - განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ხელების ხმარებს დაუფლება, ჩვენ შეგვიძლია შევამჩნიოთ, თუ როგორ ამჟღავნებს იგი განზრახვას - წაავლოს ხელი სათამაშოს. აქ კი შეგვიძლია შევამჩნიოთ, თუ როგორ ეშლება მას მანძილი სათამაშომდე. იგი ჯერ ცდილობს წაავლოს ხელი სათამაშოს უშუალოდ თავის თვალებთან, მაგრამ როცა რამდენიმე წარუმატებელი ცდის განმეორება აჩვენებს მას, რომ სათამაშო მოშორებით იმყოფება, ის იწყებს მასსა და საგნებს შორის არსებული მანძილის გაგებას და თანდათან ხვდება, რომ არსებობენ გარე საგნები. მაშასადამე, პირველი უნარი, რომელიც აღიძვრება ადამიანის სულში, ყურადღებაა და იგი ვლინდება გრძნობებზე საგანთა შთაბეჭდილების შედეგად.

 

დროთა განმავლობაში ბავშვი თანდათან ეჩვევა თავის შეგრძნებათა ურთიერთშედარებას, ამჩნევს ერთი სახისა და საგნის მეორე სახისა და საგნისაგან განსხვავებას. რა თქმა უნდა, იგი პირველ ყოვლისა, ამჩნევს ძიძას, დედასა და იმ საგნებს, რომლებიც მასთან ახლოს იმყოფებიან. მის ყურადღებას იქცევენ თავიდან ისეთი საგნები, რომლებიც გრძნობებზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენენ. ანთებული სანთლის სიკაშკაშე, ან ბუხრის ალი ისე ძლიერ აღაგზნებენ მის გრძნობას, რომ იგი თავიდან ვერ ახერხებს თვალი მოსწყვიტოს მათ. რომ გავიგოთ ის სულიერი პროცესი, რომლის მიხედვითაც ბავშვი ახდენს თავის შეგრძნებათა შედარებას, გავითვალისწინოთ ასეთი მოსაზრება: ბავშვი ძალიან სწრაფად ეჩვევა თავის ძიძას და ასხვავებს მას ყველა სხვა პირისაგან. მაგრამ რა ნიშნით, რა შთაბეჭდილებების საფუძველზე ცნობს და ასხვავებს იგი მას? უდავოა, რომ იგი ასხვავებს ძიძას იმ გარეგნული ნიშნებით, რომელიც გამოკვეთილად მოექცა მისი მხედველობის არეში. ასეთებია: კაბის ფერი, ხმა და სხვ. ძიძამ რომ სხვა კაბა ჩაიცვას და ისე მივიდეს ბავშვთან, ბავშვი მას იუცხოვებს, დაიწყებს ტირილს და არავითარ შემთხვევაში არ ააყვანინებს ხელში თავს. თუ ამასთან ძიძა სხვა ხმაზეც დაუწყებს ლაპარაკს, ბავშვი უფრო ატირდება და დაიმორცხვებს. როცა ძიძა მას თავისი ჩვეულებრივი ხმით მოეფერება, ბავშვი მშვიდდება, თუმცა მაინც უნდობლად დაუწყებს ცქერას. სრულიად დაწყნარდება ბავშვი მხოლოდ მაშინ, როცა ძიძა ძველ კაბას ჩაიცვამს. ეს და მსგავსი მაგალითები ნათლად გვიჩვენებს, რომ ბავშვი უკვე იწყებს შეგრძნებათა შედარებას, აწარმოებს მსჯელობებს და დასკვნებს, თუმცა სიტყვების გარეშე, მაგრამ მაინც სწორად; მაშასადამე, მასში უკვე იჩინეს თავი აზროვნებისა და თითქმის ყველა უნარების ჩანასახებმა. ამ გონებრივ უნართა პარალელურად, უფრო ადრეც კი, ბავშვებში თავს იჩენს სურვილის უნარები, რომლის ჩანასახი მათ სულში ჩაქსოვილია დაბადებიდანვე.

 

როგორც უკვე ადრე ვთქვით, ბავშვებს დაბადებიდანვე გააჩნიათ მხოლოდ ერთი უნარი და ძალა - ამოძრაონ თავისი ორგანიზმის ნაწილები. ამ უნარს ისინი დედის საშოშივე იძენენ; დედა ორსულობის შუა პერიოდში უკვე გრძნობს ჩამოყალიბებული ჩვილის ნაწილთა მოძრაობას. ჩვილის მოძრაობანი დაბადებამდე, ასევე დაბადების პირველ დღეებში არაცნობიერი და უფრო მექანიკურია. ახალშობილ ბავშვებს არ შეუძლიათ ისიც კი, რომ მოწოვონ დედის ძუძუ; ძუძუს წოვას ისინი სწავლობენ მხოლოდ იმის შემდეგ, რაც დედა რამდენიმეჯერ საკუთარი ხელით მიაწვდის ძუძუს და აგემებს რძეს. ასევე, დაბადებიდანვე ბავშვი სწორად ვერ ფლობს თავის ხელ-ფეხს, მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ სწავლობს იგი ხელების დანიშნულებას, თვალების მობრუნებას იმ მხარისაკენ, საიდანაც ბგერები ისმის. შესამჩნევია ისიც, რომ ბავშვი დაბადების შემდეგ, დიდი ხნის მანძილზე ვერ ერკვევა თავის ნაწილებში, ე.ი. არ ესმის, რომ მისი ხელები და ფეხები მასვე ეკუთვნის. ხშირად ხდება, რომ კბილების ამოსვლის შემდეგ ბავშვი საკუთარ თითზე იკბენს და შემდეგ იწყებს ტირილს.

 

ასე წარიმართება ბავშვის სულის განვითარება ღმერთის მიერ მისთვის ნაბოძარი საოცარი ორგანიზმის წყალობით! ბავშვი თანდათანობით ეცნობა გარემომცველ საგნებს, მათ დანიშნულებას; იმდიდრებს მეხსიერებას სხვადასხვაგვარი ცნობებით. როცა კი ტიტინს დაიწყებს, მაშინვე უნებურად ამჟღავნებს ცნობისმოყვარეობას, ეკითხება ყველას ყველაფრის შესახებ, რასაც კი პირველად იხილავს. აი, აქ შეიძლება ადვილად ამოვიცნოთ ბავშვის ბუნებრივი მონაცემები, ვინაიდან რაც უფრო ცნობისმოყვარეა ბავშვი, მით უფრო დაძაბული ყურადღებით ეპყრობა გარემოს საგნებს, მით უფრო კარგი უნარებითაა დაჯილდოებული ის.