|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
მეორე განყოფილება
სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ
თავი მეშვიდე
სულისა და მისი ორგანიზმის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ
§150. საიდან წარმოიშვა ასეთი უცნაური შეხედულებები?
ერთი მთავარი მიზეზი, რომელსაც ემყარება წინამდებარე პარაგრაფში განხილული მცდარი დებულებანი, ეს არის
ბევრი მეცნიერის ჩვევა, პიროვნებათა სახით გაიაზროს ბუნების კანონთა გონებისეული
წარმოდგენები, ილაპარაკოს მათზე, როგორც დამოუკიდებლად და მიზანდასახულად მოქმედ
პიროვნულ არსებაზე.
ასეა, მაგ. წარმოდგენილი სული, ანუ ფსიქე, რომელიც ქმნის ადამიანის ორგანიზმს.
უდავოა, რომ ადამიანის სული პიროვნული არსებაა, მაგრამ კლენკე იმ სულზე არ
ლაპარაკობს, რომელიც ცხოვრობს და მოქმედებს მოზრდილ ადამიანში, ვინაიდან ეს სული,
ცხადია, თანდათანობით ვითარდება და არ შეუძლია შექმნას თავისი ორგანიზმი. იდეა,
რომელიც კლენკესთან ქმნის ორგანიზმს, წარმოადგენს იმ კანონის წარმოდგენას
პიროვნებას სახით, რომლის მიხედვითაც ვითარდება ორგანიზმი დედის საშოში. აქ,
ავტორი, ცხადია, აპიროვნებს ბუნების ზოგადი სიცოცხლის შესახებ თავის განყენებულ
წარმოდგენას, აჯილდოვებს მას ნება-გონებით და ანიჭებს რაღაც იდუმალი მოღვაწის როლს.
გაპიროვნების ასეთი მაგალითები მასთან ყოველ ნაბიჯზე გვხვდება. ბუნების ყველაზე
მექანიკური კანონები, უმარტივესი ფენომენია, მასთან პიროვნების მსგავსად
მოქმედებენ. ამის მაგალითად მოვიყვანოთ საჭმლის მონელების აღწერა. ეს პროცესი ასეა
აღწერილი [17]: „განუყოფელსა და გარესამყაროს შორის დაპირისპირება მდგომარეობს
ურთიერთზემოქმედებაშიც და იმ მომენტშიც, რომელშიც ერთი მეორის განადგურებით
ძალმოსილნი მაინც კვლავ დამოუკიდებელ არსებობას ინარჩუნებენ. განუყოფელი ცდილობს
გაანადგუროს გარესამყარო და იმსგავსებს მას თავისი ცხოვრების სფეროში.
გარესამყარო კი ანადგურებს განუყოფელს იმით, რომ გადაჰყავს იგი თავის პირვანდელ
საკუთარ ტერულურ მდგომარეობაში. ამასთან, განუყოფელი მუდმივად ადგენს გარესამყაროს
იმით, რომ წარმოიდგენს მას და მასში თავის თავს ასახავს. საჭმლის მონელება
ინდივიდუალური ორგანიზმის ისეთი სფეროა, რომლის საშუალებითაც განუყოფელის მოქმედება
გარე სამყაროზე უარყოფითია. მაგრამ ეს უარყოფა აქ უაღრესად მატერიალური და
უმდაბლესი ფორმით ხდება. როგორც კი გარესამყარო მოდის საჭმლის მომნელებელ სფეროსთან
შეხებაში, მაშინვე სრულიად კარგავს მატერიალურ თვისებებსა და ხასიათს, იქცევა, ასე
ვთქვათ, მასალის აბსტრაქტად, გარდაიქმნება ქიმიურ წვენად, რომელიც შემდეგ ექვევა
ინდივიდუალური სიცოცხლის გავლენის ქვეშ. ასე ანადგურებს ორგანიზმი გარესამყაროს
თვისებებს. ამით გამოიხატება ინდივიდუალურის აღმატება ზოგადზე და ამაშივე მოჩანს
ორგანიზმის თვითშენახვისა და ეგოიზმის ნიშანი: ორგანიზმს თითქოსდა სურს იყოს
ერთადერთი, შეითვისოს, გარდაქმნას საკუთარ სხეულად ყველაფერი, რაც კი ემსახურება
მის არსებობას".
ცხადია, ამ აღწერაში საჭმლის მარტივი და ადვილად განსამარტავი ფიზიოლოგიური პროცესი
წარმოდგენილია გაპიროვნების საშუალებით: კუჭში მოხვედრილი საჭმლის ქიმიური დაშლის
პროცესი იწოდება გარესამყაროს განადგურებისაკენ მიმართული ინდივიდუალური სიცოცხლის
ძალისხმევად, წარმოდგენილია რაღაც ბრძოლად გარესამყაროსა და ინდივიდუალურ
სიცოცხლეს შორის, რომელშიც გამარჯვება უკანასკნელის მხარეზეა. მაგრამ ორგანულ
კანონთა ამგვარი გაპიროვნება სრულიადაც არ ფენს ახლებურ შუქს რამეს. უბრალოდ რომ
ვთქვათ, კუჭი მოქმედებს მარტივად ფიზიკური და ქიმიური კანონების მიხედვით,
არაცნობიერად; ამიტომ არაა საჭირო, წარმოვადგინოთ მისი ქმედება, როგორც რაღაც
ცნობიერი და მიზანდასახული.
ამ მიდრეკილებას, ყოველივე აიხსნას გაპიროვნებით, წარმოშობს ის, რომ ფიზიოლოგიის
საშუალებით ძალიან ადვილად ასახსნელი, მატივი მოვლენები, რომელთა გასაგებად არ არის
საჭირო დიდი ძალისხმევა, წარმოდგენილნი არიან რაღაც საიდუმლო სახით. მაგალითად,
არაფერია იმაზე ადვილი, რომ ახსნა თვალის მოქმედება. ის ჩვენ აღვწერეთ კიდეც პირველ
თავში. ახლა კლენკეს მოვუსმინეოთ [18]: „თვალში მოცემულია იდეა იმ ძაბვის
ათვისებისა, გარესამყაროში ექსცენტრულად რომ მოქმედებს და სინათლედ იწოდება. სხვა
სიტყვებით: ინდივიდუალური სასიცოცხლო იდეა თვალის საშუალებით ისწრაფვის აღმოჩნდეს
სინათლის ქმედებასთან ურთიერთობაში. გარესამყარო მოქმედებს თვალზე ნათელი ძაბვით და
ამით იწვევს ორგანული სფეროს ცვლილებას. ნერვი მონაწილეობს თვალის ამ შეცვლილ
მდგომარეობაში და იმავე დროს თვალის ტვინის საფარველ მასას იმდაგვარად გარდაქმნის,
რომ სასიცოცხლო იდეა განიცდის ამ ცვლილებას სინათლის სახით".
დაე, მიუკერძოებელმა მკითხველმა მშვიდად გაარჩიოს მოყვანილი ტირადის ყოველი
გამოთქმა და თვითვე დარწმუნდება, რომ მათში ყველაფერი დამყარებულია სიტყვათა
თამაშსა და აღრევაზე. „გარესამყარო მოქმედებს თვალზე ნათელი ძაბვით და სასიცოცხლო
იდეა გრძნობს სინათლეს" - ნუთუ ეს უფრო გასაგებია, ვიდრე მხედველობის ის მარტივი
ახსნა, რომელსაც ცდისეული ფიზიკა გვთავაზობს? ან, ავიღოთ, მაგალითად, სმენის ეს
ახსნა [19]: „როცა სხეულები გარე ზეგავლენით აღიგზნებიან შინაგანი მოძრაობისათვის და
ამის შედეგად ავლენენ თავის სწრაფვას განმუხტვისაკენ, ე.ი. დიფერენციული
მდგომარეობით, ელტვიან პირვანდელ ეთეროვან არსებობას, მაშინ თავს იჩენს საინტერესო
ფენომენი, რომელსაც შინაგან რხევას, თრთოლვას, ანუ ნივთიერი შესაძლებლობისა და
გაიშვიათების ტალღურ მოძრაობას ვუწოდებთ. ეს ფენომენი იწოდება ბგერად. ბგერის
საშუალებით ადამიანი ამყარებს უახლოეს ურთიერთობას ნივთიერ სამყაროსთან, ვინაიდან
სხეულთა ჟღერადობა წარმოადგენს სწრაფვას განმუხტვისაკენ, თავისი ძირითადი არსის
გამოვლენისაკენ. ამიტომ ბგერაში ყველაზე უფრო ვლინდება სხეულის ძირითადი არსი".
ეს აღწერა არაა ადვილად გასაგები, უფრო მეტიც, იგი შეიცავს არსებით უზუსტობებს;
ლაპარაკია იმაზე, რომ ბგერა წარმოადგენს მატერიის არსებით თვისებათა გამოვლენას. ეს
არაა მართებული, ვინაიდან ბგერა არ ავლენს სხეულის თითქმის არავითარ თვისებას; იგი
სხეულის განსაკუთრებული, შემთხვევითი მდგომარეობაა, კერძოდ, რხევაა. სული ძალიან
ცოტა რამეს იგებს სმენის საშუალებით. შეიძლება ითქვას, რომ შემეცნების თვალსაზრისით
ყური ყველაზე ღარიბი ორგანოა; გვიმტკიცებენ კი, რომ თითქოს სმენის საშუალებით
მატერიის თვით არსებას ვგებულობდეთ. აღარაფერს ვამბობ იმის შესახებ, თუ რას უნდა
ნიშნავდეს გამოთქმები: „სხეულთა სწრაფვა განმუხტვისაკენ", ან „დიფერენციული
მდგომარეობის დაბრუნება პირვანდელ ეთერულ არსებობაში".
გსურთ გაიგოთ რა არის სინათლე? ესაა თურმე სამყაროს სასიცოცხლო დაძაბულობა,
რომელიც თავს იჩენს ცნობილი კოსმიური, ცენტრალური, სასიცოცხლო პუნქტებიდან
მომდინარე ქმედებაში; იგი თავისი გავლენის ქვეშ მოქცეულ სხეულებში აღძრავს
საპირისპირო ქმედებას, რის შედეგადაც თვით ეს სხეულები იქცევიან დაქვემდებარებულ
ცენტრებად და სხვ." სხვა ადგილას სინათლე იწოდება „სამყაროს სასიცოცხლო პულსად".
მაგრამ მსოფლჭვრეტის ამგვარი წესი, ამგვარი სწრაფვა ბუნების კანონებისა და
მოვლენების, ასევე საკუთარი წამოდგენების გაპიროვნებისაკენ, ვფიქრობ ბუნების
ბავშვურ განხილვას უფრო წარმოადგენს. ბუნებრივიცაა, ადამიანები ბავშვობის ასაკში
ვერ წვდებოდნენ ბევრი მოვლენის მიზეზებს და ამიტომაც ყოველივეს სულიერ არსებად
თვლიდნენ, ყოველივეში ხედავდნენ გონიერ შემოქმედს, ასახლებდნენ ბუნებაში სხვადასხვა
ცოცხალ ძალებს, ერთი სიტყვით, აპიროვნებდნენ ბუნების ყველა ძალას. მაგრამ რაც უფრო
სრულიყოფა და მტკიცდება ადამიანის გონება, მით უფრო უკეთ გამოყოფს მექანიკურს
ცოცხალისა და გონიერესაგან, მით უფრო რწმუნდება იმაში, რომ ყველგან, სადაც კი
ცოცხალი ძალის არსებობას გულისხმობდა, მოქმედებს მექანიკური კანონები. ბუნების ახლო
გაცნობა ყოველთვის სასწორს მექანიზმის სასარგებლოდ ხრიდა. ამიტომ დღეისათვის
მოვლენათა ყველა ეს გაპიროვნება ანაქრონიზმად უნდა ჩაითვალოს. არავინ იტყვის დღეს,
რომ სინათლე წარმოადგენს ბუნების რაღაც სასიცოცხლო ძალას, ან რომ ჟღერადი სხეული
ისწრაფვის რაღაც განმუხტვისაკენ. სინათლე, ბგერა, მიზიდულობა, წარმოადგენენ
მატერიის ნაწილაკების მექანიკური მოძრაობის სახესხვაობებს; ყველა ისინი მეცნიერების
მიერ გაზომილ-აწონილია. ერთი სიტყვით, რაც უფრო ახლოს გავეცნობით ბუნებას, მით უფრო
მეტი ძალით ვრწმუნდებით იმაში, რომ მთელი სამყარო, რა თქმა უნდა, ცოცხალ სულიერ
არსებათა გამოკლებით, წარმოადგენს დიდ, მაგრამ ბრძნულ მექანიზმს. [20]
|
|