|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
მეორე განყოფილება
სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ
თავი მეშვიდე
სულისა და მისი ორგანიზმის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ
§149. ასეთი მოძღვრების საფუძვლის შესახებ
იმ ფილოსოფიური სისტემის თვალსაწიერიდან, რომლის პრინციპებითაც გამსჭვალულია კლენკეს
ფსიქოლოგია, ჩვენს მიერ განხილულ ფსიქოლოგიას, როგორც ჩანს, შეიძლება მოეძებნოს
თავისი საკმაო საფუძველი. ეს სისტემა არსებითად არ ასხვავებს სულს და ორგანიზმს,
მიიჩნევს რა მას ერთიან არსად. „ორგანიზმი წარმოადგენს იდეის, ან სულის
გამოვლინებას, ან იდეა, განხორციელებული სინამდვილეში - ესაა სამყაროს საყოველთაო
სასიცოცხლო ძალის ინდივიდუალური გამოვლენა. ორგანიზმი თავის გამოვლინებაში, როგორც
გრძნობებს დაქვემდებარებული მთელი, წარმოადგენს ორგანულ სხეულს, არსებითად კი -
როგორც იდეალური მთელი, წარმოადგენს ორგანულ იდეას, ანუ სულს". „იდეა და მატერია
განაპირობებენ ერთურთს. იდეალური მთელი განივთებული სახით იქცევა რეალობად;
ამდენად, ორივეს მიზეზი ერთი და იგივე უნდა იყოს. რეალობად ქცეულნი, მათ არსებით
შეერთებულობაში სული და მატერია წარმოადგენს ორგანიზმს, ორგანულ ერთიანობას, რომლის
დანაწევრება სხეულებრივ და იდეალურ მხარეებად მეცნიერების თვითნებობის შედეგია".
ბოლო ტირადა უორჭოფოდ გვარწმუნებს იმაში, რომ ეს სისტემა არ უშვებს გენეტიკურ
(არსებით) განსხვავებას იდეასა (სულსა) და ორგანიზმს შორის: ისინი წარმოადგენენ
რაღაც ერთიანს, როგორც ერთი და იმავე არსის ორი მხარე. ამასთანავე კლენკეს მთელი
წიგნის გულდასმით გააზრება საბოლოოდ გვარწმუნებს, რომ მისი აზრით, სული და სხეული
არ განეკუთვნებიან სხვადასხვა არსთ; სული წარმოადგენს სამყაროს იდეალური სიცოცხლის
იმ განსაკუთრებულ გამოვლენას, კერძო სახეს, რომელსაც ორგანიზმში ინდივიდუალური და
ცნობიერი მდგომარეობა იღებს. მაგალითისთვის ავიღოთ შემდეგი სიტყვები: „მეცნიერებას
სინთეზური გონებაჭვრეტით უცბად არ შეეძლო მიეღწია განუყოფელი ერთიანისათვის;
თავდაპირველად განსჯა ეძებს განსხვავებულობებს და გაყოფით მიღებულ ნაწილებს,
რომელნიც სხვათაშორის თვით საგანს როდი ახასიათებენ, არამედ ეფუძნებიან განსჯისეულ
სუბიექტურ გააზრებას. და ასე მეცნიერებად ინტელექტუალური გზით გაყო მთელი იდეად ანუ
სულად და ა.შ." ე.ი. გაყოფა არ ემყარება თვით საგნის არსს. უფრო ნათლად ეს აზრი
გამოთქმულია სხვა ადგილას: „იმდენად, რამდენადაც ადამიანის სული წარმოადგენს
ბუნებისა და ღვთაებრივი სულის უმაღლესი ერთიანობის იმ სფეროს, რომელიც გამოიხატება
ადამიანის ინდივიდუალურობით" და განეკუთვნება ინდივიდუალურ მოვლენას, ყოველი
ორგანულად გამოხატული მიმართულება, როგორც სულიერი გამოვლენა არ შეიძლება
დარჩეს იმ ინდივიდუალურ სფეროში, რომელიც განეკუთვნება სამყაროს სულს და
წარმოადგენს ცნობიერ ინდივიდუალობას - ფსიქეს".
ცხადია, ამგვარი მოძღვრება წარმოადგენს პანთეისტური მიმდინარეობის შედეგს და
არასგზით არ შეიძლება გამართლებულ იქნას არც საღი აზრით და არც ცდით. აქ არაა
ადგილი საერთოდ პანთეისტური მოძღვრების უარსაყოფად; ხსენებულ შეხედულებას
განვიხილავთ მხოლოდ იმ კუთხით, რომლითაც იგი ჩვენს საკითხს ეხება.
ჯერ ერთი, ეს შეხედულება აღრევაა სხვადასხვა საგნებისა და ცნებებისა. ეს არცაა
გასაკვირი, ვინაიდან პანთეიზმი ხომ სუბსტანციებს ურევს ერთმანეთში, თვლის რა
თითოეულ მათგანს ერთი საყოველთაო სუბსტანციის სახესხვაობად.
ფიზიოლოგიური ფაქტების მოუკერძოებელ განხილვას მივყავართ სრულიად სხვა შედეგებთან.
პირველი თავის შინაარსმა ჩვენთვის ნათელი გახადა, რომ ადამიანში არ შეიძლება არ
დავუშვათ არსებობა რაღაც ისეთი არამატერიალური არსებისა, რომელიც სრულიად
განსხვავდება მისი ორგანიზმისაგან; სხვაგვარად ვერ ავხსნიდით იმას, თუ როგორ
წარმოიშობიან მასში შეგრძნებები. თვით კლენკეც კი მიდის ამავე შედეგებამდე, როცა
ფაქტებს არ ღალატობს, მაგრამ სადაც მას გაიტაცებს სურვილი - დაუქვემდებაროს ეს
ფაქტები პანთეისტურ სისტემას, იქვე ეხვევა ბურუსში და მისი სიტყვები შეიცავენ
აშკარა წინააღმდეგობას. ავიღოთ თუნდაც ზემოთ მოტანილი ტირადა. ძნელი გასაგებია, რას
უნდა ნიშნავდეს გამოთქმა: „იდეალური მთელი განვითარებული სახით იცქევა რეალობად,
ამიტომ მიზეზი უნდა იყოს ერთი და იგივე". შემდეგ კი ვკითხულობთ: ორივე (ე.ი.
მატერიაც და იდეაც), რომელნიც რეალობად ქცეულან და სხვ. იბადება კჲთხვა: რა არის
მატერია, რომელიც რეალობად ქცეულა? სიტყვა „მატერია" აქამდე ნიშნავდა რაღაც
რეალურს, ნივთიერს და ახლაც არ შეიძლება იგი სხვა რამეს აღნიშნავდეს. ამიტომ
გამოთქმა - „იდეალური მატერია" შეიცავს წინააღმდეგობას ტერმინებში. ანდა
დავაკვირდეთ ასეთ გამოთქმას - „ნივთიერების იდეა იქცევა რაელურად". გამოდის, რომ
იდეას ადრე არ გააჩნდა რეალობა, ე.ი. ყოფიერება, ვინაიდან იდეის რეალობა
მდგომარეობს არ მის ნივთიერობაში, არამედ მის იდეალურ ყოფიერებაში!
იმაში დასარწმუნებლად, რომ ყოველი მცდარი სისტემა თვით ამხელს მის ახლოს გაცნობისას
თავის თავს საკუთარი ბუნდოვანებითა და შინაგანი წინააღმდეგობებით, ვნახოთ კიდევ
ასეთი ადგილი: „ორგანიზმის არსს წარმოადგენს მისი ყოფიერების სასიცოცხლო იდეა,
რომელიც ბუნების კანონების მიხედვით ისწრაფვის იქცეს მოვლენად, ე.ი. მიიღოს
ნივთიერი ფორმა. განივთება იმდაგვარად მიმდინარეობს, რომ კერძო იდეა ზოგჯერ იქცევა
ბუნების მომენტად, ე.ი. დროისა და სივრცის კანონების მიხედვით თავის განვითარებაში
მემკვიდრეობითად იმყოფება იდეალურ პირველსახეში დავანებული სიცოცხლის შინაგან
სავსეობასთან ურთიერთგანპირობებულობაში. ცალკეული სიცოცხლის ყოფნა წარმოადგენს
იდეის განხორციელებას, ე.ი. მის გამოვლენას ჩამოყალიბებულ სხეულში". რაც უფრო
ღრმად ჩავიხედავთ ამ დახლართულ ფრაზაში, მით უფრო ნათლად წარმოჩნდება მათში
წინააღმდეგობანი და შეუსაბამობანი. რა უნდა ვიგულისხმოთ „იდეაში", რომელიც ბუნების
კანონების მიხედვით ისწრაფვის იქცეს მოვლენად? თუ ეს შემოქმედებითი იდეაა, რომელიც
მარადიულად გააჩნდა ღმერთს და მანვე განახორციელა თავის დროზე, მის შესახებ არ
შეიძლება იმის თქმა, რომ იგი ისწრაფვის ბუნების კანონების მიხედვით
განსახორციელებლად, ვინაიდან შემოქმედებითი იდეა არ ემორჩილება ბუნების კანონებს,
არამედ თვითონ ქმნის მათ; თუ ეს ასე არაა, მაშინ საკითხავია - როგორღა გააჩნია
იდეას ყოფიერება? პიროვნებაა იგი თუ განსაკუთრებული სუბსტანციის თვისება? ერთი
სიტყვით, ეს წარმოდგენა რაღაც იდეის შესახებ თვით ავტორის აზრის გამოვლენაა.
განსწავლულმა ფსიქოლოგმა თავის საკუთარ წამოდგენას მიაწერა დამოუკიდებელი არსებობა
და აიძულა იგი შეესრულებინა მნიშვნელოვანი როლი. ამის შემდეგ ავტორი გამოყოფს კიდევ
სიცოცხლის რაღაც ცალკეულ იდეას, რომელიც „ხორციელდება ორგანიზმში, ავლენს თავის
თავს დროსა და სივრცეში და იმყოფება პირველსახის სიცოცხლის შინაგან სავსეობასთან
ურთიერთობაში". შემდეგ „დავანება ცალკეული იდეისა, რომელიც სიცოცხლის მომენტად (?)
იქცა, წარმოადგენს იდეის განხორციელებას ჩამოყალიბებულ სხეულში". ყოველივე ეს,
ვიმეორებთ, გასაგები იქნებოდა იმ შემთხვევაში, როცა გვეცოდინებოდა, თუ რას
წარმოადგენს თვით ეს იდეა, ყველა ამ სასწაულს რომ მოიმოქმედებს, და თუ რა უფლება
გვაქვს განვაპიროვნოთ ეს იდეა, ე.ი. მივაწეროთ ნებელობა, გონიერება, პიროვნული
მოღვაწეობა და სხვ.
მეორეც, უკვე ვილაპარაკეთ არაცნობიერი აზროვნების შესახებ არსებულ უცნაური
ჰიპოთეზაზე, მაგრამ სისტემაში, რომელსაც ვიხილავთ ჩვენ, კიდევ უფრო უცნაურ რამეს
ვაწყდებით; ესაა შეხედულება, რომლის მიხედვითაც თითქოს ადამიანის ორგანიზმი მზის
სისტემის განმეორებაა, წარმოადგენს კოსმიური სიცოცხლის ინდივიდუალურ განსახიერებას.
მზე და პლანეტები მეორდებიან ადამიანში, სასიცოცხლო დაძაბულობა მზის სისტემის
ცენტრსა და პერიფერიებს შორის, მოძრაობის, სინათლის, სიმძიმის, ქიმიზმის,
ელექტრობის და გალვანიზმის ფენომენები ზოგადი კანონების მიხედვით მეორდებიან
ორგანიზმში სასიცოცხლო ქმედებათა სახით. ორგანიზმის მზისეული პრინციპი თავისი
კონკრეტული ფორმით თავს იჩენს ადამიანის ნერვულ სისტემაში, ხოლო პლანეტებს
იმეორებენ გარეგანი გრძნობები [16].
ერთი შეხედვით, ეს აზრები მაცდუნებლად გვეჩვენება, ვინაიდან თითქოს გვიფართოებენ
გონით თვალსაწიერს, მაგრამ ცივი განსჯის კრიტიკის წინაშე ისინი უძლურნი არიან.
ორგანიზმის შედარება მზის სისტემასთან რჩება მხოლოდ შედარებად და მას არ შეიძლება
გააჩნდეს სხვა მნიშვნელობა. უფრო მეტიც, იგი აშკარა წინააღმდეგობაშია ფსიქოლოგიის
ჩვენს მიერ განხილულ ადრინდელ დებულებებთან. დიდი ხანია, რაც დასაბუთებულია და
ვერანაირი საღად მოაზროვნე გონება ვერ უარყოფს იმას, რომ მთლიანად მზის სისტემა,
სინათლის, ელექტრობის, მაგნეტიზმისა და სხვა ფენომენები წარმოადგენს მატერიის
მკვდარ, მექანიკურ მოვლენებს, რომლებიც ემყარებიან მათემატიკის მკაცრ კანონებს.
მაშასადამე, თუ ისინი მეორდებიან ორგანიზმში, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელ ორგანიზმს
მართავს მხოლოდ მექანიკური კანონები და რომ ეს ორგანიზმი არ არის რაღაც გონიერი
იდეის გამოვლენა. დროებით დავეთანხმოთ ავტორის შეხედულებას და ვირწმუნოთ, რომ
ადამიანის ნერვული სისტემა მზეა, ხოლო მისი გარეგანი ორგანოები პლანეტებია და ა.შ.
რას უნდა ველოდეთ ამ დებულებიდან? სიცოცხლის რა მხარე შეიძლება აიხსნას მათი
საშუალებით? ნუთუ უკეთ გავიგებ ნერვული სისტემის დანიშნულებასა და მოქმედებას, თუ
ვიტყვი, რომ იგი მზეს წარმოადგენს? ანდა, განა უკეთ გავიგებ გრძნობების ორგანოების
აგებულებას, თუ მათ პლანეტათა როლს მივანიჭებ? არა გვგონია! ამგვარ შედარებებს
შეუძლიათ უფრო მცდარი დასკვნებისაკენ გვიბიძგონ, ვიდრე ჭეშმარიტი ცნებებისაკენ.
მესამეც. სული, იდეა და ფსიქე წარმოდგენილია ერთი და იმავე სუბსტანციის სამ
განსხვავებულ მდგომარეობად. ეს სამი სახელწოდებაა იმ ერთი სასიცოცხლო ძალისა,
რომელიც ქმნის ორგანიზმს. მაგრამ ამ სიტყვათა მოხარების დროსაც ვაწყდებით
სხვადასხვა წინააღმდეგობებსა და გაუგებრობებს. მაგალითად, „იგი, ე.ი. ფსიქე, როგორც
გრძნობებისადმი დაუქვემდებარებელი ყველა წარმოდგენათა ერთობლიობა (მაშასადამე,
ფსიქე წარმოდგენათა ერთობლიობაა??) ფლობს სხეულებრივ ორგანიზმს მხოლოდ მის
დაძაბულობაში, ტვინზე კი ზემოქმედებს მხოლოდ იდეალურად (??), მაგრამ არ უნდა
ავურიოთ აქ ფსიქე სულთან. სული, როგორც ინდივიდუალური სიცოცხლის ძირითადი იდეა,
რომელიც დროებით ამჟღავნებს თავს ორგანიზმის საშუალებით, ცოცხლობს ორგანიზმის მთელ
შემადგენლობაში, ორგანიზმისა, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა და თვით განსხეულებული
სული. იგი, როგორც უმაღლესი გონიერი ყოფიერების კერძო შემთხვევა, აზროვნებს
არაცნობიერად და ყოველი აზროვნება ორგანიზმში წარმოადგენს მასთან ჰარმონიულ
განვითარებაში შეუღლებულ მოქმედებას".
თუ ფსიქე და სული ერთი და იგივე სუბსტანციაა, მაშინ არ შეიძლება იგი ისე
თანშეწყობილად გაიყოს, რომ ერთი ნაწილი გარდაიქმნეს სხეულად და იაზროვნოს
ორგანიზმში არაცნობიერად. ცხადია, აქ ან სრულიად უარყოფილია განსხვავება ადამიანის
ორგანიზმსა და მის სულიერ სუბსტანციას შორის, რაც კლენკეს სისტემის სხვა
ადგილებიდანაც ნათლაც ჩანს, ანდა სულის სახელში ფსიქეს სახელისგან განსხვავებული
რამ იგულისხმება.
მეოთხე. ბოლოს, ამ სისტემის უკანასკნელ შეუსაბამობას ცდისეულ დაკვირვებებთან ქმნის
ის გარემოება, რომ გარეშე ორგანოთა გაღიზიანებები ან ის შთაბეჭდილებები, რომელთაც
ორგანოები ნერვების საშუალებით აწვდიან ტვინს, აღრეულია საკუთრივ შეგრძნებებთან.
ცდისეულმა ფსიქოლოგიამ დაამტკიცა, რომ ტვინის გარეშე, ორაგანოთა შთაბეჭდილებების
გარეშე არ არსებობენ შეგრძნებები, რომ ორგანოები თვითონ კი არ შეიგრძნობენ
შთაბეჭდილებებს, არამედ გადასცემენ მათ ნერვულ ცენტრს. კლენკეს სისტემის მიხედვით
კი ყოველი ორგანული სფერო ფლობს შეგრძნების უნარს, ყოველ მათგანს ნერვების
დახმარების გარეშე შეუძლია შეიგრძნოს. კლენკე ამასაც არ სჯერდება - ორგანული
სფეროები არა მარტო შეიგრძნობენ, არამედ აზროვნებენ კიდეც; უფრო ზუსტად, სული
აზროვნებს მათში, თუმცა არაცნობიერად, მაგრამ მაინც გონივრულად.
ყველა ამ მოსაზრებათა მიხედვით ძნელია დაუშვა, რომ სული თვითვე ქმნის თავისთვის
სხეულს: ჩვენ ამას ვერ ვგებულობთ, არ გვესმის და ვერ ავხსნით. პირიქით, ჩვენი
ორგანიზმის ჩამოყალიბება საერთოდ დამოუკიდებელია სულის თვითნებობისაგან. ორგანიზმი
თვითონვე ყალიბდება იმ თავისი ორგანული კანონების მიხედვით, რომელთა გამოკვლევას
ცდისეული ფსიქოლოგია ახდენს. ეს საერთოდ იმას როდი ნიშნავს, რომ არ არსებობდეს
რაიმე დამოკიდებულება და ურთიერთგავლენა ორგანიზმსა და სულის განვითარებას შორის.
ასეთ რამეს აუცილებლად აქვს ადგილი, მაგრამ, როგორც შემდეგ დავინახავთ, სხვა სახით.
|
|