|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
მეორე განყოფილება
სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ
თავი მეშვიდე
სულისა და მისი ორგანიზმის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ
§148. ამ მოძღვრების განხილვა
აქ მოყვანილი სიტყვებიდან ყველას შეუძლია დაინახოს, რომ მათში მტკიცდება სწორედ ის აზრი, რომ სული, ანუ იდეა თვითონვე ქმნის
თავის ორგანიზმს. ეს აზრია გაბატონებული კლენკეს მთელ ფსიქოლოგიაში, მაგრამ იმის
ვარაუდი, თითქოს სული, ანუ იდეა თვითონ ქმნიდეს თავის სხეულს, შეიცავს უამრავ
შეუსაბამობას და არ შეიძლება გაზიარებული იქნეს დადებითი მეცნიერების მიერ.
ჯერ ერთი, ეს ვარაუდი არ შეიძლება დასაბუთდეს როგორც ფაქტი, როგორც ნამდვილი
მოვლენა, და მუდამ დარჩება ჰიპოთეზის სფეროში. განა შესაძლებელია, თვალი მივადევნოთ
იდეის, ანუ ფსიქეს მოქმედებას ჩანასახის საწყისი განვითარებიდან, როდესაც თვით ამ
განვითარების ხასიათი, ჩანასახის რაგვარობა, მისი მეტამორფოზები და სხვა,
წარმოადგენენ დაკვირვებისათვის იმდენად რთულ მოვლენებს, რომ მათი მთლიანად არც
გაგებაა შესაძლებელი და არც ახსნა. ამაში ყველა ფიზიოლოგია შეთანხმებული. თუ იდეის
შემოქმედუნარიანობის დაშვებამდე მივყავართ იმ მოვლენას, რომ ჩანასახი ვითარდება
საოცრად გონივრულად და რომ ორგანიზმის ჩამოყალიბების ყოველი მეტამორფოზა სრულდება
საოცარი წინასწარდასახულობით, მიზანშეწონილობით, მაშინ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს,
რომ დედის საშოში ადამიანის ორგანიზმი წარმოიშობა ზუსტად იმავე კანონების მიხედვით,
როგორც მცენარე თესლიდან. ისე ჩანს, რომ ჩანასახში წინასწარაა ჩადებული მთელი
მომავალი ორგანიზმის ფორმა, არისტოტელე რომ ენტელექიას უწოდებდა და მამაკაცის თესლი
ანაყოფიერებს, ე.ი. აძლევს ბიძგს მას წარმოქმნისთვის ისევე, როგორც მცენარის
მარცვალში მოცემულია მომავალი მცენარის მთელი ფორმა, რომელიც იწყებს სიცოცხლეს
მაშინვე, როგორც კი მიწის ტენი გააღვივებს მას. ამ შეხედულებას გვიდასტურებს ბევრი
სწავლული ფიზიოლოგის დამოწმება. აი, ვალენტინის სიტყვები: „ორგანულ სხეულთა
თვითმოქმედებას ხშირად იმ ვარაუდამდე მივყავართ, რომ სხეულის მატერიას მართავს
განსაკუთრებული სასიცოცხლო ძალა, რომელიც ასრულებს არაორგანული ბუნებისაგან
განსხვავებულ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ მოქმედებას და მისი საშუალებით
განაპირობებს სასიცოცხლო მოქმედებებს... მაგრამ ეს ვარაუდი არა მხოლოდ ვერ გვიხსნის
ბევრ უცნობ პირობებს, არამედ, პირიქით, გვიბიძგებს დასკვნებისაკენ, რომლებიც
ეწინააღმდეგებიან ზუსტი ფიზიოლოგიური ცნების შედეგებს. იგი აღმართავს ბუნებაში
არარსებულ კედელს ცოცხალ და არაცოცხალ ფიზიკო-ქიმიურ მოვლენებს შორის. მართალია, ეს
ვარაუდი ერთი შეხედვით გვაცდუნებს იმით, რომ სასიცოცხლო პროცესებს მიაწერს
განსაკუთრებულ, მაღალი ზეგავლენის უნარს, მაგრამ შედარებით ზუსტი და მიუკერძოებელი
გამოკვლევა გვიჩვენებს, რომ იგი მხოლოდ აბუნდოვნებს უფრო საოცარი პირობის შესახებ
ცნებას: როგორ ახორციელებს ბუნება ცოცხალ ქმნილებაში ამდენ განსაკუთრებულ და
მრავალფეროვან მოქმედებას საკვირველად მოწყობილი ორგანიზაციის საშუალებით და ისიც
მხოლოდ საერთო ძალებზე დაყრდნობით".
„თუ ვიფიქრებთ, რომ სასიცოცხლო მოვლენები წარმოადგენენ უბრალოდ ბრძნული
ორგანიზაციული გეგმის შედეგებს, მაშინ ყველა სიძნელე ქრება: ჩვენ შეგვიძლია
წარმოვიდგინოთ, რომ ჩანასახში უკვე ჩაქსოვილია პირობები, რომელთა საშუალებითაც
საკვებ ნივთიერებათა შეთვისების შედეგად აღმოცენდებიან საერთო მიზნის შესატყვისი
ახალ-ახალი წარმონაქმნები. ამგვარად აღმოცენდებიან, მაგალითად, უჯრედები და
ბუშტულები, რომლებიც თავიანთი ბუნების მიხედვით მოქმედებენ უკვე არსებულ
ელემენტებზე და განსაზღვრავენ საკვების გარდაქმნას".
ამ სიტყვებიდანაც და იმ ფიზიოლოგთა ყველა ცდა-დაკვირვებიდან, რომელნიც არ
მიმართავენ ჰიპოთეზებს, შეიძლება დავასკვნათ, რომ ადამიანის - ისევე, როგორც
მცენარეთა - სხეულის ჩამოყალიბების პროცესი გაბატონებულია მხოლოდ ფიზიკური, ქიმიური
და ორგანული კანონები. ფიზიოლოგთა დიდი უმრავლესობა იმ დაშვებისკენ უფრო იხრება,
რომ ორგანიზმის ჩანასახი ყალიბდება მხოლოდ ორგანული კანონების მიხედვით. გამოცდილ
ფიზიოლოგთა შორის იშვიათად თუ ვინმე დაეთანხმება იმას, რომ თვით სული შეგნებულად
აყალიბებდეს სხეულს.
მეორეც, ამ დაშვებიდან გამომდინარეობს, ადამიანის სული ჯერ კიდევ თავის ნამდვილ
სრულყოფამდე (კერძოდ, მანამდე, ვიდრე შეიძენდეს წარმოდგენის, აზროვნების და ა.შ.
უნარებს) მოქმედებს გონიერად, შეგნებულად და უფრო უკეთ და სწორადაც კი, ვიდრე
შემდგომ; დაგვეთანხმებით, თავისთვის ასეთი მშვნიერი ორგანიზმის ჩამოყალიბება
გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და ძნელი საქმეა, ვიდრე სულის მთელი შემდგომი
მოღვაწეობა. თუ სულმა იმიტომ შექმნა თვალნი, რომ წინასწარ იცოდა სამყაროში სინათლის
არსებობა, რომელიც უნდა აღგვექვა, ასევე შექმნა ყურნი იმის გათვალისწინებით, რომ
საჭირო იქნებოდა ჰაერის რხევათა აღქმა და სხვ., მაშინ იგი გაცილებით გონიერი ყოფილა
მანამდე, სანამ ნამდვილად დაიწყებდა აზროვნებას და მოქმედებას. მაგრამ როგორღა
გავიგოთ ვითარება, როდესაც დედის საშოში ასე გონიერი და გამჭრიახი სული ჩვილის
დაბადებისთანავე კარგავს ამ თვისებებს და იძულებულია თავიდან დაიწყოს ყველაფრის
სწავლა? როგორ ხდება, რომ სული სრულიად ვერ აცნობიერებს თავის ამ შემოქმედებით
მოღვაწეობას? ამ კითხვებისაგან თავის დასაღწევად კლენკე არაცნობიერი აზროვნების
შესახებ ჰიპოთეზას გვთავაზობს. მისი შეხედულებით, სულში ორგვარი აზროვნებაა -
ცნობიერი და არაცნობიერი. უკანასკნელის წყალობითაა, რომ სული აყალიბებს თავის
ორგანიზმს. მაგრამ რას წარმოადგენს ეს არაცნობიერი აზროვნება? აზროვნება
ცნობიერებაა, ცნობიერება კი აზროვნება. სხვაგვარი აზროვნება არაა და არც შეიძლება
იყოს. თქმა იმისა, რომ არსებობს არაცნობიერი აზროვნება, ნიშნავს იგივეს, რომ
ვამტკიცოთ შეუგრძნობელი შეგრძნების, უძრავი მოძრაობის არსებობა. ასეთი დაშვებისას
ისიც ხომ უნდა ვამტკიცოთ, რომ სკამი, რომელზედაც ჩვენ ვსხედვართ, შეიგრძნობს და
აზროვნებს, ოღონდ არაცნობიერად.
ბოლოს, მესამე. არ შეიძლება არ ვახსენოთ კიდევ ერთი შეუსაბამობა. თუ სული მართლაც
განზრახ და გონიერად აყალიბებს თავის ორგანიზმს, მაშინ რატომაა, რომ ბევრი
ადამიანის ორგანიზმი ასე არასრულყოფილია, ავადმყოფურია, დიდად ნაკლოვანი ორგანოებით
აღჭურვილია? უფრო მეტიც, რატომაა, რომ ჩვეულებრივი ადამიანური ორგანიზმის ნაცვლად
ზოგჯერ ჩნდებიან მახინჯები, რომლებიც არ გვანან ადამიანებს? საოცარი იქნებოდა
გვეფიქრა, რომ მათ სული წარმოქმნის. რატომ უნდა უმტროს მან თავის თავს! და საერთოდ,
აქ არ შეიძლება არსებობდეს რაიმე დამაკმაყოფილებელი პასუხი, რადგანაც დაშვებულია,
რომ იდეა, ან სული წარმოადგენს ხუროთმოძღვარს, ხოლო ჩანასახი - მასალას,
რომლისგანაც იგი ქმნის საკუთარი შეხედულების მიხედვით. თუ ვინმე იტყვის, რომ
არანორნალურ ორგანიზმს წარმოშობს არანორმალური მდგომარეობა თვით ამ მასალისა,
ჩანასახისა, რომლისგანაც იდეა ან სული ქმნის ორგანიზმს, მაშინ მან ისიც უნდა
დაუშვას, რომ ორგანიზმის წარმოქმნა ფიზიკურ ძალებსა და კანონებს ექვემდებარება და,
ამდენად, არაა დამოკიდებული სულზე.
|
|