|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
მეორე განყოფილება
სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ
თავი მეშვიდე
სულისა და მისი ორგანიზმის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ
§147. როდისაა შესაძლებელი სულისა და ორგანიზმის ურთიერთდამოკიდებულებაზე დაკვირვება?
ჯერ ერთი, ყოველი მიუკერძოებელი ადამიანი დაგვეთანხმება, რომ სულსა
და ორგანიზმს შორის ურთიერთდამოკიდებულებას შეიძლება და უნდა დავაკვირდეთ მხოლოდ
მაშინ, როდესაც სულიცა და სხეულიც აღწევენ გარკვეულ განვითარებას და ავლენენ
თავიანთი სიცოცხლის ძირითად ფორმებს; ეს კი შეიმჩნევა ბავშვის დაბადებიდან არა
უადრეს რვა-ცხრა თვის შემდეგ, როდესაც მასში რამდენადმე თავს იჩენს მიხვედრის და
ზოგიერთ სხვა სულიერ უნართა ნიშნები. საერთოდ კი ამ ორ ნაწილს შორის მიმართებას
უკეთესია დავაკვირდეთ მოზრდილ ადამიანში, ვინაიდან ამ ასაკში ყველა გარემოება
აადვილებს და ხელს უწყობს ამგვარ დაკვირვებას. რომ ვინმემ მოინდომოს კიდეც ამგვარი
დაკვირვების წარმოება იმ მომენტიდან, როდესაც ადამიანის ორგანიზმი იწყებს არსებობას
ჩანასახის სახით, არ უნდა ველოდეთ მისგან რაიმე წარმატებას განზრახვის შესრულებაში.
კიდეც რომ შეძლოს მან თანმიმდევრულად შეისწავლოს ჩანასახის განვითარება მისი ყველა
ცვლილებებით განაყოფიერების მომენტიდან სრული ორგანიზმის ჩამოყალიბებამდე, ეს მაინც
იქნება საკითხის ცალმხრივი შესწავლა; საკითხის მეორე მხარე, ე.ი. სულის საწყისი და
მისი მიმართება წარმოქმნად ორგანიზმთან ყოველთვის დარჩება მისთვის საიდუმლოებად,
რადგან შეუძლებელია გაიგო და ამოხსნა - რა მიმართებაში იმყოფება სული წარმოქმნად
ორგანიზმთან.
2. ალბათ, ასევე, ყველა ადვილად დაგვეთანხმება, რომ ბავშვი ვითარდება და სრულყოფას
აღწევს თანდათან, ამასთან იმ საშუალებებისა და უნარების წყალობით, რაც მან
ღმერთისგან მიიღო; ვითარდება მისი როგორც სხეული, ისევე სული: ბავშვი იწყებს იმით,
რომ სწავლობს წოვას, ხელ-ფეხისა და სხეულის სხვა ნაწილების გამოყენებას, გრძნობების
მოხმარებას და ამთავრებს ბჭობის, დასკვნების გაკეთებისა და შემეცნების უნარის
დაუფლებით. ყოველივე ამას იგი იძენს თანდათანობით. ეს ორი დებულება არ საჭიროებს
არავითარ დასაბუთებას, ვინაიდან ყოველდღიური გამოცდილება სრულიად უეჭველად
გვარწმუნებს მათ სისწორეში. ასე რომ, ისინი შეიძლება აქსიომებად მივიჩნიოთ, მაგრამ,
ამასთან, ეს დებულებანი სრულ წინააღმდეგობაშია ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენებ მეცნიერთა
ძირითად ნააზრევთან.
კლენკე თავის „ორგანულ ფსიქოლოგიაში" სულსა და სხეულს შორის მიმართების შესწავლას
იწყებს არა მხოლოდ ახალშობილში რაიმე სულიერ უნართა გამოვლენამდე, არამედ დედის
საშოში ჩანასახის წარმოქმნამდეც კი: მას მიაჩნია, რომ ადამიანის ორგანიზმს თვით
განაყოფიერების აქტიდან სიკვდილამდე აყალიბებს ადამიანის სული. აი, მისი სიტყვებიც:
„თუ თვალს გავადევნებთ საერთოდ ორგანიზმის განვითარებას, გენეტიკური გამოკვლევა
დაგვანახებს, რომ რაღაც გაურკვეველი წერტილიდან თანდათანობით თავს იჩენს სასიცოცხლო
მოქმედება და შინაგანი კანონების შესატყვისად, ამ გაურკვევლობიდან ვითარდება მთელი
რიგი მეტამორფოზებისა და წარმონაქმნებისა, თავიანთი დაპირისპირებულობითა და
ურთიერთდამოკიდებულებით მუდმივ მიმართებაში რომ იმყოფებიან მთელთან, რომელიც დროსა
და სივრცეში ხორციელდება. მაგრამ პერიოდებსა და ფორმებში ორგანიზმის განვითარება
ისეთი სიზუსტით ხდება, რომ შეუძლებელია არ ვაღიაროთ სიცოცხლის ყოველ მომენტში
პირველსახის, როგორც უმაღლესი იდეალური ძალის, შემოქმედებითი ძლიერება, ორგანიზმის
ყოველ წარმონაქმნში რომ იჩენს თავს. ეს იდეალური ძლიერება [15] ქმნის განუწყვეტლად
და თანაც ისეთი წინდახედულობით, თითქოს ადრევე მოფიქრებული აქვს ყველა შემდგომი
პერიოდი და უკვე არსებული შენაქმნით ამზადებს მომავალს. ამიტომ ორგანიზმის ეს იდეა
ამასთანავე წარმოადგენს მთელის პირველსახეს, რომლის სწორ მოძრაობასა და
განვითარებაში ვლინდება ცნობიერი აზროვნება. უკვე ჩანასახშივე, თითქოს მთელი
მომავლის წინასწარხედვით, იგი ატმოსფეროსა და ამ სამყაროს მოვლენებში ორგანიზმის
საცხოვრებლად ისე მომართავს ორგანოებს, ისე გონივრულად განალაგებს განვითარების
პერიოდებსა და მეტამორფოზებს, რომ ერთი პერიოდიდან გამომდინარეობს მეორე და ყოველი
პერიოდით ნათლად და თანდათანობით მჟღავნდება ინდივიდუალური სიცოცხლის
განმსაზღვრელი იდეის ყოფიერება და ნება რეალურ სამყაროში"
„სხვადასხვაგვარ ნაწილთაგან შედგენილი ასე ლამაზი ადამიანური ორგანიზმი, როდესაც
პირველად იდგამს ფეხს ბუნებაში, წარმოადგენს კვერცხის სითხის მხოლოდ წვეთს, თუმცა
ინდივიდუალობის იდეა განუყოფლად თან ახლავს მას, ვინაიდან ამ წვეთში იწყება უკვე
მომავალი მრავალფეროვნების განვითარება და ჩამოყალიბება. ამ წვეთში იდეა ყველაზე
მცირედ ვლინდება, ვინაიდან ბუნების სიცოცხლე ქმნის დროსა და სივრცეში; კვერცხის
სითხის წვეთში ჯერ კიდევ საერთოდ არ შეიმჩნევა ის მრავალფეროვნება, რომელიც მომავალ
ორგანიზმს ახასიათებს, მაგრამ იმავე წვეთიდან შემოქმედებითად ვითარდება ორგანიზმი.
შემოქმედებითი მოღვაწეობა, აღსავსე ცნობიერი, უსასრულო მომავლით, წარმოადგენს
იდეას, რომელსაც სულს ვუწოდებთ. იგი იმ ფენომენის ყოფიერების გაგებაა გონების
საშუალებით, რომელიც აზროვნებს და მარადიულად არსებული პირველსახიდან ქმნის,
გარდაქმნის და აყალიბებს მატერიას. რაც უფრო იზრდება იდეა თავისი რეალური
ინტენსიობით, მით უფრო სახესრულია მატერია, როგორც იდეის ექსტენსიური უკუფენა".
„ორგანიზმი განუწყვეტლივ მოქმედებაშია. ეს მოქმედება თავს იჩენს მხოლოდ
ინდივიდუალური იდეის მთელი სისრულის გამოვლენით სხვადასხვა ფორმებში, დროსა და
სივრცეში, რიგი მეტამორფოზების წყალობით კი აღწევს იმას, რომ ყოველი შემდგომი
განვითარება უახლოვდება თავის მიზანს. განუწყვეტელი მოქმედება გულისხმობს
წინამავლის მოსპობას, მაგრამ იდეალური განვითარება თუმცა დროში მიმდინარეობს,
თავისი არსებით მუდამ რჩება იდეალურად. ამიტომ მოსპობა ორგანიზმის მხოლოდ
სხეულებრივ მხარეს ახასიათებს, რაც ვლინდება სუბსტანციის გაქრობასა და ცვალებადობის
ფენომენში. ორგანული იდეა ყალიბდება იდეალურად და მისითვე ყალიბდება მატერია
პირველსახეშივე წინასწარ დასახული შესაძლო მრავალფეროვნებით. როგორც კი იდეა
შეამზადებს ორგანიზმს ბუნებასთან ახალი ურთიერთქმედებისთვის, მაშინვე გამოჩნდებიან
ახალი ორგანოები. ნივთიერება, რომელსაც ორგანიზმი გარედან ღებულობს გარკვეული
მიზნით, აღმოჩნდება თუ არა ინდივიდუალურ სიცოცხლესთან ურთიერთობაში, იშორებს
გარეგანი სამყაროს ყველა თვისებას და ორგანიმზის საფუძვლის - კვერცხის სითხის
ერთგვაროვნებაში ითქვიფება. მაშასადამე, ყოველ წამს მეორდება ძირითადი ფენომენი, -
მარტივის გადასვლა მრავალსახეობაში და ა.შ."
|
|