|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
მეორე განყოფილება
სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ
თავი მეშვიდე
სულისა და მისი ორგანიზმის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ
§146. თავის შინაარსი
სულის, მისი ძალებისა და უნარების, განსაკუთრებით
წინა თავში აღწერილ მის მდგომარეობათა ზუსტი და სწორი შემეცნება შეიძლება მხოლოდ
მაშინ, როდესაც ცნობილი გახდება სულსა და ორგანიზმს შორის ჭეშმარიტი
ურთიერთდამოკიდებულება და ორგანიზმის გავლენა სულზე. ფსიქოლოგიისათვის უაღრესად
საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხის - სულისა და სხეულის ურთიერთდამოკიდებულების
განსაზღვრა ჩვენს დროში წინ წავიდა რიგ გერმანელ მეცნიერთა გამჭრიახობის წყალობით
(ნაიე, განსაკუთრებით კარუსი და კოლენკე) [14]. ჩვენ ხშირად, განსაკუთრებით კი
ფაქტიური მასალის გადმოცემისას, ვიხელმძღვანელებთ მათი მითითებით. მაგრამ
მიუხედავად მათი ღრმა განსწავლულობის აღიარებისა, ჭეშმარიტებისადმი სიყვარული მაინც
გვაიძულებს ბევრ არსებით პუნქტში დავუპირისპირდეთ მათ შეხედულებებს. იმედი უნდა
ვიქონიოთ, რომ ამ დაპირისპირებულობას არავინ მიაწერს ჩვენს თავდაჯერებულობას.
ჭეშმარიტება უმეტესწილად წარმოადგენს საგნის შესახებ ბევრი დავისა და მრავალ
მოსაზრებათა შედეგს. ერთეული ადამიანი, რაგინდ განსწავლული და გამჭრიახი უნდა იყოს
ის, შეძლებს განიხილოს საგანი ყოვლმხრიობაში.
|
|