მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მეექვსე

 

ნების მოქმედების შესახებ

 

§143. ნების მოტივებისა და მოქმედებათა კავშირების შესახებ

 

ამგვარად, ნათელია, რომ მოტივებს, რომლებიც განსაზღვრავენ ნების მოქმედების გარკვეულ წესს, არ ძალუძთ თავისუფლება წაართვან ადამიანებს. ეს უკანასკნელი ვითარება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კავშირი მოტივსა და მოქმედებას შორის მკაცრად დაემორჩილებოდა აუცილებლობას, ე.ი. თუ გარკვეული მოტივი გარდაუვალად და უსათუოდ წაიყვანდა ნებას, აი, ამ და არა სხვა მოქმედებისაკენ, როგორც სიმძიმე იზიდავს სხეულს ცენტრისაკენ და არა ცენტრიდან. მოტივები ყოველთვისაა, მაგრამ მათი კავშირი მოქმედებასთან არ არის აუცილებელი, ე.ი. ნებას შეუძლია დაეთანხმოს მას, მაგრამ შეუძლია მას არ მისდიოს. საკითხის ამგვარ გადაწყვეტას შემდეგნაირად ედავებიან: „ყოველი სურვილი, ანუ ნება არის გონების ბოლო განსაზღვრა, გონების ბოლო მსჯავრი, მაგრამ არავინ არ დაიწყებს იმის უარყოფას, რომ გონების გადაწყვეტილებები აუცილებლობით არიან აღბეჭდილი, რადგან გონებამ აუცილებლობით უნდა აღიაროს ზოგი წინადადება ჭეშმარიტებად, ზოგი კი - მცდარობად. ზუსტად ასევე გონებას აუცილებლობის ძალით მოსწონს ზოგი მოქმედება, რადგან ისინი ჭეშმარიტნი და სასარგებლონი არიან თავად თავისი არსებით, ზოგი კი არ მოსწონს, რადგან ისინი თავისი არსებით მავნე და ჭეშმარიტების საპირისპირონი არიან. მაშასადამე, არ შეიძლება ვაღიაროთ, რომ ნება, რომელიც მისდევს გონების ამ მსჯავრს, თავისუფალია. მაგალითად, ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ გაცილებით სჯობია მისდიოს თავისი გრძნობების ჩაგონებას და ისწრაფვოდეს ამქვეყნიური ცხოვრების სიამოვნებისაკენ, ვიდრე დაელოდოს მომავალ სიკეთეს, მოქმედებს ზუსტად იმავე აუცილებლობით, რომლითაც ამტკიცებს მათემატიკოსი სამკუთხედის სამი კუთხე ორი სწორის ტოლიაო. აქედან გამომდინარეობს, რომ თუ ადამიანი ყველა თავის ქცევაში გონების მსჯავრს მისდევს, ის არ არის თავისუფალი. მაგრამ თუ ის არ მისდევს გონებას, მაშინ ბრმად მოქმედებს". ასეთი იყო საბუთები თავისუფლების წინააღმდეგ ფატალიზმის ერთ-ერთი უძლიერესი დამცველისა - კოლენისა - ინგლისელ განსწავლულ მეტაფიზიკოსთან - კლარკთან მიწერილ წერილებში. მაგრამ ბრძენი კლარკი ამ დებულებებს ძალზე საფუძვლიანად უარყოფს. გონების მსჯავრი ყოველთვის აუცილებელია, რადგან საგანთა ბუნებაზეა დაფუძნებული; მაგრამ ნება არ არის აუცილებელ ფიზიკურ კავშირში ამ მსჯავრთან; რადგან ის მუდამ როდი მისდევს ამ მსჯავრს. მოქმედება და თავისუფლება ორი იგივეობრივი იდეაა. სადაც არ არის თავისუფლება, იქ მხოლოდ პასიურობაა და არა მოქმედება. ჭეშმარიტება და ცდომილება გონებისათვის იგივეა, რაც თვალისათვის სინათლე. ჩვენ არ ძალგვიძს არ დავინახოთ, როცა თვალები ღია გვაქვს, არ შეგვიძლია არ ვაღიაროთ ჭეშმარიტება, როცა გონება ჯანმრთელია. მაგრამ ერთია - განსჯა, მეორეა - მოქმედება. ეს ორი რამ სავსებით დამოკიდებულია ორ განსხვავებულ საწყისზე. პირველი პასიურია, მეორე თავისუფალია. პირველი ისევე განსხვავდება მეორისგან, როგორც მხედველობის მქონე ადამიანისათვის განსხვავებულია გზის ხილვა და თავად გზაზე სიარული. არ შეიძლება იმის თქმა, რომ გზაზე სიარული არის შედეგი გზის ხილვისა. ზუსტად ასევე, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ნების გადაწყვეტილება არის აუცილებელი შედეგი გონების მსჯავრისა. რა ხშირად ხდება ხოლმე, რომ გონება გარწმუნებს ამა თუ იმ მოქმედების სიკეთეში, მაგრამ ნება არ მისდევს მის მრწამსს. ასევე, ხშირად ხდება ხოლმე, რომ გონება გიბიძგებს რაიმესაკენ, ნება კი თავისი გრძნობების საწინააღმდეგოს აკეთებს. მაშასადამე, ნების განსაზღვრებებში აუცილებლობა არასოდეს არ არის.