მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მეექვსე

 

ნების მოქმედების შესახებ

 

§142. მოქმედების მოტივების შესახებ

 

ნება, როგორც აღვნიშნეთ მე-2 თავში, არის სულის თავად გადაწყვეტილება, დაიწყოს ესა თუ ის მოქმედება. მაგრამ ეს გადაწყვეტილება არასოდეს არ არის მიზეზის, ანუ მოტივის გარეშე: მაშინ ხომ იგი ბრმა, არაცნობიერი იქნებოდა. გადაწყვეტილება, ანუ ნება, ყოველთვის წარმოიშობა ადამიანში სხვადასხვა მოტივის შედეგად. მივუთითებთ მათ შორის ყველაზე არსებითებზე:

 

ჯერ ერთი, ნება ხშირად, უმეტესწილად მოქმედებს წმინდა გრძნობადი მოტივების, ე.ი. სიამოვნების ან უსიამოვნების წარმოდგენათა ზეგავლენით. ასეთია, მაგალითად, ნება ბავშვებისა, რომლებიც ყოველგვარ სხვა მოსაზრებათა გარეშე, მიისწრაფვიან მხოლოდ იმისაკენ, რაც მათ სასიამოვნოდ ეჩვენებათ. ასეთივეა ნება ბევრი მოზრდილი ადამიანისა, რომლებიც თავისი მოქმედების არჩევისას მუდამ გრძნობათა შთაგონებით ხელმძღვანელობენ. მაგრამ ამ მოტივებში მრავალი ვითარება უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისაგან. ნება ზოგჯერ არჩევანს განსაზღვრავს სწრაფად, არაცნობიერად, როგორც ეს ხდება, მაგალითად, ბავშვების და ბევრ ნაკლებად განვითარებულ ადამიანთა მოქმედებაში, ზოგჯერ იძულების ზეგავლენით, როგორც ეს ხდება, მაგალითად, ძლიერ გრძნობათა, რისხვის, შეძრწუნების, ძლიერი ვნების ზეგავლენით, ანდა შეშლილ ადამიანთა მოქმედებისას. ცხადია, ამ შემთხვევების დროს ცოტაა თავისუფლება, რადგან გონება სულ არ მონაწილეობს მოქმედებაში.

 

თუ ნება - თუმცა დაბალი გრძნობადი ლტოლვების ზეგავლენით, მაგრამ მაინც ცნობიერად, განაზრების საფუძველზე - აკეთებს არჩევანს და გონება გრძნობების იარაღია, ეხმარება არჩევანს, ხელმძღვანელობს ნებას, მაშინ უნდა ვცნოთ, რომ მოქმედება სავსებით თავისუფალია, ნებისეულია. მაგალითად, დავუშვათ, რომ ვინმე შეპყრობილია ანგარებით ან გამდიდრებისაკენ ლტოლვით. როცა ამ მდგომარეობაში მყოფი ძაბავს თავის გონებას, ყველა სულიერ ძალას, რათა მიზანს მიაღწიოს, ის თუმცა მდაბალი გრძნობების საამებლად მოქმედებს, სიამოვნების მიღებისაკენ მიისწრაფვის, მაგრამ მაინც თავისუფლად მოქმედებს. თუკი ამბობენ ხოლმე - ვნებები თავისუფლებას გვართმევენო, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანისათვის ძნელია ვნებებისგან განთავისუფლება, როცა ის ემორჩილება მათ. მაგრამ იმისათვის, რომ ადამიანი მისულიყო ამ დამონებამდე, იმისათვის, რომ ვნება ჩვევად, ბუნებად ქცეულიყო, საჭირო იყო ვნებისათვის ნების დამორჩილება, ვნების გაბატონება ნებაზე. ამავე დროს ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი ადამიანი ნების სიმტკიცით ამარცხებს თავის მავნე ჩვევებს, ზოგჯერ კი იშორებს თავიდან უძლიერეს ვნებებს, მაშასადამე, აქაც რჩება არჩევანის შესაძლებლობა.

 

მეორე. ვნება ზოგჯერ მოქმედებს წმინდა გონებისეული მოტივების შედეგად და მოქმედებს გრძნობათა მისწრაფებების საპირისპიროდ. ნების თავისუფლებაში შეიძლება შევეჭვდეთ, როცა ის სხეულის საჭიროებას ექვემდებარება და სასიამოვნო წარმოდგენის ზეგავლენით აკეთებს არჩევანს. მაგრამ როცა ის ემორჩილება გონების მრწამსს და მოქმედებს თავისი გრძნობების მისწრაფების საპირისპიროდ, თავისი სურვილის საპირისპიროდაც კი, აქ უკვე შეუძლებელია უარვყოთ ადამიანის თავისუფლება. ასეთია ნების მდგომარეობა, როცა სული მოქმედებათა არჩევისას უყურებს არა იმას, რაც ჩვენი გრძნობებისთვისაა სასიამოვნო, არამედ უფრო მეტად იმას, რაც შესატყვისია ჭეშმარიტებისა, როცა ნებას განსაზღვრავენ არა შინაგანი მოტივები, არამედ თავად საგნების ღირსებები. ჩვენ, მაგალითად, ნებაყოფლობით ვუმორჩილებთ ნებას კანონის ავტორიტეტს, მივისწრაფვით კეთილი ქცევისკენ, თუმცა წუთიერი გრძნობებისათვის უფრო სასიამოვნო იქნებოდა ამის საპირისპირო მოქმედება, ამიტომ ამ შემთხვევაში არ შეიძლება თავისუფლების უარყოფა.