მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მეხუთე

 

რელიგიური გრძნობების შესახებ

 

§138. კიდევ რა აიხსნება სიკეთესთან სულის ამ შეჩვევით

 

სიკეთის ან ბიწიერების ჩვევით აიხსნება ჩვენი რწმენის დიადი საიდუმლო - იმქვეყნიური ცხოვრების საიდუმლოება. მართლაც, წარმოვიდგინოთ, რომ კვდება ორი ადამიანი - ცოდვილი და უცოდველი. პირველის სული გადადის იმქვეყნიურ სამყაროში დამახინჯებული ყველა ამქვეყნიური ვნებებითა და მისწრაფებებით, სიმდიდრის სიყვარულით, ამქვეყნიური პატივისაკენ მისწრაფებით, ამქვეყნიური სიამოვნებისაკენ ლტოლვით. როგორ მოექცევა ის იმქვეყნად ამ გრძნობებს? რაში უნდა ჰპოვოს მან იქ სიამოვნება? ამ ჩვევათა დაკმაყოფილება იქ შეუძლებელია, რადგან იქ არ არის ფული, რომელიც უყვარდა სულს, იქ ვერ დაიკმაყოფილებს თვალში მოსვლის, მორთულობით თავმოწონების, სხვაზე ბატონობის სურვილს. განა ასეთი ადამიანის სული იმქვეყნიურ სამყაროში საკუთარ თავში ჯოჯოხეთის მატარებელი არ იქნება? სურვილთა დაკმაყოფილების შეუძლებლობას დაუმატეთ ქენჯნა სინდისისა, რომელიც სულს ბრალს დადებს იმაში, რომ მან ფუჭად გაატარა ამქვეყნიური ცხოვრება, უმნიშვნელო საგნებს გამოეკიდა, ცხოვრების მთავარი მიზანი უყურადღებოდ დატოვა და მიხვდებით, რატომ იქნება ასე. პირიქით, როცა იმ ქვეყანაში გადასახლდება ადამიანი, რომლისთვისაც ბედნიერებაა კეთილმოქმედება, ე.ი. ღმერთისა და მოყვასის სიყვარული, იქ კიდევ უფრო მეტად და შეუფერხებლად შეძლებს თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. იქ მის სიამოვნებას არაფერი შეუშლის ხელს - არც დარდი, არც დაავადება, არც სხვა რამ ამქვეყნიური უკუღმართობა. იქ იგი მართლაც მიიღებს იმას, რისკენაც აქ მხოლოდ გულის სურვილით მიისწრაფვოდა. ამას დაუმატეთ სინდისის მოწოდებიდან წამომდგარი სიხარული და დაინახავთ, რომ უცოდველი თავად თავის სულში იქონიებს სამოთხეს.

 

აი, ახსნა იმისა, თუ რატომაა ქრისტიანთათვის ამქვეყნიური ცხოვრება იმქვეყნიურისთვის მზადება, რატომაა მიჩნეული ის დროდ თესვისა, ხოლო მკის დროა - მომავალი ცხოვრება. აი, დაბოლოს, ფსიქოლოგიის კავშირი ღვთისმეტყველებასთან, კავშირი, რომელიც ამ მეცნიერებას, ღვთისმეტყველისათვის ესოდენ აუცილებლად ხდის.