მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მეხუთე

 

რელიგიური გრძნობების შესახებ

 

§136. განსაკუთრებით ვისთვისაა საჭირო ამ ბრძოლის შესწავლა

 

ამ შინაგანი ბრძოლის თვისებათა გულმოდგინე შესწავლა განსაკუთრებით საჭირო და სასარგებლოა იმ ადამიანისათვის, რომელმაც თავისი ცხოვრება სხვა ადამიანთა ზნეობის გამოსწორებას მიუძღვნა. ის უნდა შეეცადოს მოიპოვოს ზეგავლენა ამათ აზრებსა და გრძნობებზე. მაგრამ შესაძლებელია კი ეს სულის თვისებათა შესწავლის გარეშე? მიისწრაფვის რა საზოგადოების ზნეობრივ სენთან განკურნებისაკენ, მან, მსგავსად დახელოვნებული მკურნალისა, კარგად უნდა შეისწავლოს სულიერ დაავადებათა თვისებები. აქედან ცხადი ხდება ფსიქოლოგიის შესწავლის მნიშვნელობა ყოველი ადამიანისათვის, რომელსაც განუზრახავს სასულიერო წოდების მოპოვება. ცხადია, ფსიქოლოგიის ცოდნა, როგორც საკუთარი თავის ცოდნა, ძალზე საჭიროა ყოველი ადამიანისათვის, მაგრამ ღვთისმეტყველისათვის ის ორმაგად ფასობს, თავისი კეთილი სამსახურის გამო.

 

ქვემოთ მოყვანილი მოსაზრება უფრო მეტად დაასაბუთებს ამ აუცილებლობას.

 

ბევრი ახალგაზრდა მოქადაგე, იწყებს რა ქრისტიანების დამოძღვრას ადამიანის გულის თვისებათა საკმაო შესწავლის გარეშე, ვერ ზემოქმედებს თავისი მსენელის გულებზე ისე, როგორც ჯერ-არს. ისინი ძალზე მჭევრმეტყველურად უმტკიცებენ მსმენელებს, რომ ბიწიერება მავნეა, ხოლო სიკეთე სასარგებლოა და პატივსაცემი, მაგრამ ყოველივე ეს ძალზე ცოტაა. მსმენელები ამაში თვითონაც დარწმუნებული არიან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. მიუხედავად ამისა, გრძნობენ, რომ მათ გულში ვნებებს ეძლევათ უპირატესობა. ამიტომ, ნაცვლად სიკეთის სარგებლიანობის მტკიცებისა, მოქადაგემ მთელი ძალით უნდა დაარწმუნოს მსმენელები იმაში, რომ სიკეთეს, ბიწიერებასთან შედარებით, შეუძლია მოგვიტანოს ისეთივე - ანდა მეტი - უწმინდესი სიამოვნება და რომ საჭიროა მხოლოდ შევაჩვიოთ ჩვენი ნება სიკეთეს, რათა მასში საკუთარი ბედნიერება ვიპოვოთ. არწმუნეთ მსმენელები რამდენიც გსურთ, ცოდვა მავნეა, ვნებები დამღუპველია, სიკეთე კი მშვენიერიაო. ყველა დაგეთანხმებათ, მაგრამ ცხოვრებას არ შეიცვლის. საჭიროა მსმენელმა იგრძნოს, რომ ვნებებს მოაქვთ ყალბი და დროებითი სიამოვნება, რომ ჭეშმარიტი, მყარი, საუკეთესო სიამოვნების პოვნა  სულს მხოლოდ ქრისტიანულ გრძნობებში შეუძლია.