|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მეხუთე
რელიგიური გრძნობების შესახებ
§135. შინაგანი ბრძოლის შესახებ
ის, ვინც, თუნდაც ზედაპირულად აკვირდებოდა
თავის შინაგან ცხოვრებას, ადვილად შეამჩნევდა, რომ ჩვენი სულის ცხოვრებაა, მისი
შინაგანი საფუძველია ბრძოლა გრძნობათა შორის, ბრძოლა ორ საწყისს - კეთილსა და
ბოროტს - შორის. აკვნიდან კუბოს კარამდე გრძელდება ეს შინაგანი ბრძოლა, ერთიანი
სულის ეს გაორება. ჩვენ ყოველ წუთს ვამჩნევთ, რომ გონება ერთს ბრძანებს, ჩვენ კი,
საპირისპირო მისწრაფებით გატაცებულთ, სხვა რამ გვსურს. წარმართ ფილოსოფოსთა შორისაც
კი ბევრს ნაწილობრივ ესმოდა, რა არის სულის ეს გაორება. მაგრამ ეს ბრძოლა, მისი
წყარო და საფუძველი სრულყოფილად ახსნა ქრისტიანულმა რწმენამ. ამიტომ არ ესმის
ქრისტიანული ზნეობის სულ პირველი საფუძვლები იმათ, ვინც არ ჩაწვდომია სხვადასხვა
გრძნობას შორის არსებულ შინაგან ბრძოლას, რომელსაც უნდა მტკიცედ შეხვდეს ყოველი
ადამიანი თავისი სულის სიღრმეში. მთელი ჩვენი აღზრდა უნდა იყოს მიმართული ამ
შინაგანი ბრძოლისაკენ. ყველა ჩვენი მოქმედება უნდა გამომდინარეობდეს და
სინამდვილეში გამომდინარეობს კიდეც მისგან. ეს მაღალ-ფსიქოლოგიური მოვლენა არ უნდა
გამორჩეს მხედველობიდან განსაკუთრებით იმას, ვისაც სურს ამოიცნოს ადამიანის სული,
მისი მოქმედება - როგორც კერძო, ისე ისტორიული. ამ შინაგანი გაორების შეგნების
გარეშე ადამიანი არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტად კეთილი, რადგან როცა ფიქრობს, კეთილად
ვიქცევიო, მან შეიძლება ცოდვა ჩაიდინოს, საძრახის გრძნობათა ჩაგონებით იმოქმედოს.
ეს შინაგანი ბრძოლა შეიძლება შესუსტდეს მხოლოდ მაშინ, როცა უპირატესობას აღწევს
ერთ-ერთი ორი საწყისიდან. პირველი ცნობიერეი ბიწიერების ჩადენამდე ბრძოლა ძლიერია.
ამგვარი ქცევის გამეორებისას, ბრძოლა უფრო სუსტია, რაც უფრო ხშირია ამგვარი ქცევა,
მით უფრო სუსტდება ბრძოლა, მით უფრო ეჩვევა ადამიანი ცოდვის მშვიდად ჩადენას. ბოლოს
იმას, რაც ადრე იწვევდა უდიდეს შფოთვას, ადამიანი აკეთებს გულგრილად, სიამოვნებითაც
კი. ასეთია ადამიანში ყოველი ვნების განვითარების ისტორია. ბრძოლის შესუსტება ხდება
მაშინაც, როცა უპირატესობას აღწევს კეთილი საწყისი. მაგრამ ეს შესუსტება ხდება
გაცილებით ნელა, ბრძოლა კი ბოლომდე არასოდეს არ წყდება, თუნდაც ქრისტიანმა
სრულყოფილების უმაღლეს დონეს მიაღწიოს. მაგრამ აქაც, რაც უფრო მეტი დრო გადის, მით
უფრო მეტად განმტკიცდება ადამიანი სიკეთეში, მით უფრო უახლოვდება ღმერთს და უფრო
მეტად გრძნობს მიწიერ სიამეთა ამაოებას. ბოლოს ის მზად ხდება, სავსებით მიატოვოს
სამყარო, რათა არაფერმა შეუშალოს ხელი მის სწრაფვას ღმერთისკენ.
ასეთია ადამიანში სათნოების მოკლე ისტორია და ახსნა იმ საოცარი მისწრაფებისა,
რომელიც ჰქონდათ პირველ ქრისტიანებს, - ისინი განმარტოებულად ცხოვრობდნენ
გამოქვაბულებში და უდაბნოში. ეს მისწრაფება დღემდე ცოცხალია ბევრ ქრისტიანულ სულში.
მაგრამ ვინც მშვიდად და მიუდგომლად გაიაზრებს სულში არსებული ბოროტი საწყისის მთელს
ძალას და სიმყარეს, ვინც გაითვალისწინებს იმას, თუ რამდენ გარემოებას პოულობს ეს
საწყისი თავისი განვითარებისთვის, იმას, რომ ყველა გრძნობა, ყველა გარეგანი
ვითარება უწყობს ხელს მის ზრდას, და იმასაც, ამის საპირისპიროდ, რომ არსებობს
მრავალი ხელისშემშლელი გარემოება მეორე საწყისის განმტკიცებისათვის, ის დაინახავს,
თუ რაოდენ ძნელია ადამიანებისათვის საკუთარი ძალებით, ღმერთის მადლის შემწეობის
გარეშე, საკუთარ თავში სიკეთეს ბოროტება დააძლევინოს.
|
|