მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მეხუთე

 

რელიგიური გრძნობების შესახებ

 

§134. ბიწიერება და სათნოება ფსიქოლოგიური მოვლენებია

 

ყოველივე აქამდე ნათქვამიდან ნათელი ხდება, რომ ცალკეული ბიწიერება და სათნოება გულის გრძნობებია, მაშასადამე, ფსიქოლოგიური მოვლენებია. ბიწიერების, როგორც სულიერი მდგომარეობის, მთავარი ნიშნები ასეთია:

 

1. ბიწიერება აბნელებს გონებას. ყველას შეუძლია თავის თავზე გამოსცადოს, თუ რაოდენ ძლიერია ყოველი ვნების ზეგავლენა სულზე, თუ რაოდენ სუსტნი არიან გონების მოთხოვნები ლტოლვათა წინაშე და როგორ ემონება ნება ვნებას. განსაკუთრებით საინტერესოა დავაკვირდეთ ამ მოვლენებს უცოდველ სულებში, რომელთაც პირველად იგრძნეს რაიმე ბიწიერების შეხება. რა მძიმე მღელვარების გრძნობა ეუფლებათ მათ!

 

ცოდვის ჩადენის შემდეგ, პირველ წუთებში, ადამიანი გრძნობს რაღაც უცნაურ სიმშვიდეს. მკვლელი, რომელიც ვერაფერს ვერ ხედავდა და ვერ გრძნობდა სიძულვილის შეტევას, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, თავდაპირველად არ გრძნობს არავითარ შეშფოთებას, თითქოს მას განსაკუთრებული არაფერი ჩაუდენია. მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტად აწუხებს მას სინდისი. თანდათან იწყება ბრძოლა. სანამ ადამიანში მძვინვარებს ვნება, მას არ შეუძლია განსაჯოს რაიმე და მხოლოდ ამ გრძნობის დაკმაყოფილებისკენ ისწრაფვის. მაგრამ, როცა ადამიანი იკმაყოფილებს ვნების აღტყინებას, ვნება ცხრება და სინდისი თავის უფლებებში შედის. ეს რეაქცია მით უფრო ძლიერია, რაც უფრო ძლიერი იყო ვნება. ჯავრის, შეძრწუნების, საკუთარი თავის მიმართ რისხვის გრძნობა, სირცხვილი და სინდისის ქენჯნა ეუფლება სულს და ტანჯავს მას.

 

2. ბიწიერება თავის თავში შეიცავს რაღაც ისეთს, რაც ამცირებს სულს, რაც სულისთვის უცხო და მტრულია. ამას ნათელყოფს ის, რომ ბიწიერება მუდამ წარმოშობს ჩვენში უკმაყოფილების გრძნობას, რომ ის გვაკმაყოფილებს მხოლოდ წამით, მერე კი სიმწარის მომტანია. მართალია, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სულაც არ აწუხებთ სინდისი ყველაზე შემზარავი ავაზაკური საქციელის ჩადენისას. მაგრამ არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელსაც სულის სიღრმეში არ ჰქონდეს თუნდაც მცირე შეგნება თავისი ცოდვისა. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ბიწიერების გამო სრულ კმაყოფილებას გრძნობდეს.

 

საწინააღმდეგოდ ამისა, სათნოება შეიცავს თავის თავში ბიწიერების საპირისპირო თვისებებს. მას, ჯერ ერთი, თან ახლავს გონებისა და ყველა სულიერ ძალთა სინათლე და სრული ფლობა. ამიტომ ყველა კეთილი საქმის შესრულებას შედეგად მოჰყვება სრული კმაყოფილება, სულის სიწყნარე და სიმშვიდე. მეორე: სათნოება აუმჯობესებს ჩვენს სულს, აკეთილშობილებს მას, ანიჭებს იმის უნარს, რომ წვდეს ყოველივე მაღალსა და წმიდას.