მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მეხუთე

 

რელიგიური გრძნობების შესახებ

 

§132. რელიგიური სიყვარული

 

რელიგიური სიყვარული შეიძლება განვიხილოთ ან როგორც სულის ზოგადი რელიგიური განწყობილება, ანდა თავის კერძო გამოვლინებებში, როგორც სიყვარული, სიყვარული ღმერთისა, მოყვასისა და საკუთარი თავისა, როგორც ზოგადი რელიგიური განწყობილება, როგორც რწმენის გრძნობა, არის სიამოვნება, რომელსაც ვგრძნობთ, როცა წარმოვიდგენთ ამ რწმენას, როცა წარმოვიდგენთ, რომ ვფლობთ უწმინდეს და მსხნელ ჭეშმარიტებებს, როცა ვიაზრებთ და ვსწავლობთ ჭეშმარიტებებს. ის არის აგრეთვე მისწრაფება იმ ცხოვრებისაკენ, რომელიც ამ რწმენის შესატყვისია. იმაში, რომ ქრისტიანული რწმენის ჭეშმარიტებები, სულთან შეხებისას, აღძრავენ მასში სიყვარულს და სიამოვნებას, დაეჭვება შეუძლებელია. ადამიანის სული საერთოდ ყოველი ჭეშმარიტების შემეცნების დროს გრძნობს სიამოვნებას, მაგრამ რელიგიური ჭეშმარიტებების შესწავლა და აღიარება მასში ყველაზე წმინდა სიამოვნებას აღძრავს. ჩვენი ღვთიური რწმენა გვთავაზობს მრავალმხრივ ჭეშმარიტებებს, რომელთაც ძალუძთ მოიცვან და დააკმაყოფილონ სულის ყველა მხარე. მაგრამ იმან, ვინც შეიყვარა ეს ჭეშმარიტებები და პოულობს მათში სიამოვნებას, ჯერ კიდევ ყველაფერი როდი გააკეთა. ის უნდა ეცადოს ამ ჭეშმარიტებების გამოყენებას ცხოვრებაში. ამიტომ ვინც მიაჩვია საკუთარ თავი შვების პოვნას სათნოებაში, მოყვასთა მიმართ თანაგრძნობაში, ლოცვაში, გულმოწყალეობაში, მას აქვს რელიგიური სიყვარული. ეს ზოგადი განწყობილება, შემადგენელი ნაწილების სახით, თავის თავში იქონიებს ყველა რელიგიურ მდგომარეობას. უპირატესად ასეთნი იყვნენ წმინდანნი, რომელნიც მთელი ცხოვრების მანძილზე და ცხოვრების ყოველ წუთში გრძნობდნენ რწმენის მგზნებარე სიყვარულს. სხვა ღვთისმოსავ ადამიანებში კი ეს რელიგიური სიყვარული ვლინდება მთელი ძალით მხოლოდ დრო და დრო, თუმცა მათი ზოგადი გრძნობა ახლოსაა ამ განწყობილებასთან.

 

ღმერთის სიყვარული ყველა სხვა სიყვარულზე უფრო მაღალი და უფრო წმინდაა. ეს არის გრძნობა ენით უთქმელი აღტაცებისა, რომელსაც განიცდის ღვთისმოსავი სული ღმერთზე მხოლოდ გაფიქრებისასაც კი. ალბათ უცნაურია და გაუგებარი, როგორ უნდა გიყვარდეს ღმერთი - უხილავი არსება, რადგან, თუკი გვიყვარს რომელიმე საგანი, ჩვენ ამ დროს წარმოვიდგენთ ხოლმე სიამოვნებებს, რომელსაც გვანიჭებს ის. მაგრამ როგორ უნდა შევათავსოთ სიყვარულის ამგვარი გაგება ღმერთის წარმოდგენასთან?

 

როცა ღმერთი გვიყვარს, ჩვენ აღტაცებას უნდა ვგრძნობდეთ მასზე ფიქრისას. სხვაგვარად სიყვარული შეუძლებელია. ეს აღტაცება კი უნდა წარმოშვას ფიქრმა ღმერთზე, როგორც ყველაზე სრულყოფილ არსებაზე, ჩვენს მამასა და მწყალობელზე. აი, რატომაა ღმერთის სიყვარული ყველაზე წმინდა, უანგარო, დიადი გრძნობა. როცა გვიყვარს ღმერთი, ჩვენ თითქოსდა გვიყვარს სრულყოფილება, გვიყვარს თავად მოწყალება, თავად სიბრძნე, თავად გულმოწყალეობა, თავად, ასე ვთქვათ, სიყვარული. მაგრამ, რათა გვიყვარდეს ეს მაღალი თვისებები, რათა შეგვეძლოს გვქონდეს უნარი იმისა, რომ სიამოვნება მოგვანიჭოს მოწყალების, სიბრძნის, სიდიადის წარმოდგენებმა, აუცილებელია უკვე მიღწეული გვქონდეს სიწმინდის და სრულყოფილების გარკვეული დონე. ბიწიანი სული ვერასოდეს შეძლებს იგრძნოს ღმერთის ჭეშმარიტი სიყვარული. აი, რატომ წმენდს ადამიანს, ამაღლებს მის სულს ღმერთის სიყვარული. აი, რატომ უნდა ეწოდოს უანგარო მხოლოდ ამ სიყვარულს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვტკბებით ჩვენ თავად სიკეთით, თავად სრულყოფილებით.

 

რწმენისაგან წარმოშობილი სიყვარული მოყვასისა არის ყოველი ადამიანისადმი კეთილგანწყობილების, თანაზიარების, შეწყნარების გრძნობა, რომელიც იბადება იმ აზრიდან, რომ ყოველი ადამიანი ღმერთის ქმნილებაა და ძმაა ჩვენი. მაშასადამე, ეს გრძნობა ღმერთის სიყვარულის შედეგია. ეს სიყვარული გვაიძულებს ვიწუხებთ უფრო მეტად მოყვასთა სულიერ უბადრუკობაზე, ე.ი. მათ მანკიერებაზე, ვიდრე სხვა სხეულებრივ გასაჭირზე. ეს სიყვარული მიისწრაფვის იმისკენ, რომ ყველა მოყვასი გახდეს ღმერთის ღირსი და ჭეშმარიტი ქრისტიანი.

 

საკუთარი თავისადმი სიყვარული, როგორც შედეგი ღმერთის სიყვარულისა, არის საკუთარი თავის, როგორც ღმერთის ქმნილების, ღმერთის სისხლით ხსნილის ღირსების გრძნობა. ეს გრძნობა ეგოიზმისათვის სავსებით უცხოა. ეგოიზმს უყვარს საკუთარი თავი, როგორც სხეული, მიწიერი არსება, უყვარს საკუთარ სახლში მხოლოდ ის, რაც ღირსი არ არის სიყვარულის - თავისი ვნებანი და ბიწიერება. ამის საპირისპიროდ, ქრისტიანს უყვარს თავის თავში ის, რაც მასში ღირებულია, ღვთაებრივია, უყვარს ალალ-მართალი სინდისი, მისწრაფება ღმერთისა და სიკეთისადმი, ხოლო ყოველივე ბიწიერი მისი ბრძოლის, წუხილისა და სინანულის საგანია.