მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მეხუთე

 

რელიგიური გრძნობების შესახებ

 

§131. გულმოწყალეობა

 

გულმოწყალეობა, როგორც ფსიქოლოგიური მოვლენა, როგორც სულის მდგომარეობა, სიამოვნებაა, რომელსაც ადამიანი გულმოწყალეობის საქმის შესრულებაში პოულობს. ვინც ზნეობრივი სრულყოფილების საქმის შესრულებაში პოულობს. ვინც ზნეობრივი სრულყოფილების ისეთ საფეხურამდე მივიდა, რომ მოყვასის დახმარებას საკუთარი თავისთვის სასიამოვნო საქმედ თვლის; ვისაც არ ძალუძს, გულგრილად უყუროს სხვათა ტანჯვას, ვინც, მეორე მხრივ, სიამოვნებით შესცქერის მოყვასთა ბედნიერებასა და კმაყოფილებას, იმას უეჭველად აქვს გულმოწყალეობის გრძნობა. აქედან ცხადი ხდება, რომ ყოველგვარ ქველმოქმედებას როდი შეიძლება ვუწოდოთ გულმოწყალეობა. თუ ჭარბი ქონების მქონე ქველმოქმედების საქმეს თავისი სიმდიდრის ნაწილს უწილადებს, მაგრამ გასცემს მას ყოველგვარი გულითადი თანაგრძნობის გარეშე, მას ჯერ კიდევ არ შეიძლება ეწოდოს გულმოწყალე. გულმოწყალეობა, როგორც გულის გრძნობა, შედგება თანაზირების, თანალმობის, სიყვარულისაგან და წარმოადგენს იმის ჩვევას, რომ ჰპოვოს სიამოვნება ზემოხსენებულ საქციელში. ხშირად ხდება, რომ გაღიზიანებული ნერვების მქონე რომელიმე პიროვნება აღელვების გარეშე ვერ უყურებს სიღარიბეს და ტანჯვას. მაგრამ ესეც არ არის გულმოწყალეობა. ქველმოქმედება უნდა სრულდებოდეს გულის მისწრაფების გამო, ის ჩვენ სხვა საქმეზე მეტად უნდა მოგვწონდეს. ამ უკანასკნელი სახით ის სავსებით საპირისპიროა ეგოიზმისა, რომელიც წინა თავში აღწერილი ყველა სულიერი მდგომარეობის წყაროა. აი, რატომ დგას ესოდენ მაღლა გულმოწყალეობის გრძნობა ქრისტიანულ ზნეობაში.

 

მაგრამ ეგოიზმისადმი კიდევ უფრო საპირისპირო გრძნობაა თავგანწირვა. ის ნაწილობრივ გულმოწყალეობაა, რადგან ვინც სხვის ბედნიერებაში პოულობს სიამოვნებას, ის, მაშასადამე, ნაკლებად ფიქრობს საკუთარ თავზე. მაგრამ ჭეშმარიტი რელიგიური თავგანწირვა არის ჩვევა იმისა, რომ იპოვო სიამოვნება არა საკუთარი მიწიერი გრძნობებისა და ვნებების დაკმაყოფილებაში, არამედ რელიგიური გრძნობების დაკმაყოფილებაში. ის არის მისწრაფება იმისაკენ, რათა გიყვარდეს საკუთარ თავში არა ზადი, არამედ სათნოება, არა სხეული, არამედ სული.