|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მეხუთე
რელიგიური გრძნობების შესახებ
§130. ლოცვის გრძნობის შესახება
ლოცვის გრძნობა ანუ ლოცვისეული ლმობიერება
ახლო კავშირშია სულის წინამავალ მდგომარეობასთან, რადგან ის ხშირად არის ხოლმე
მომნანიებლის ლმობიერების შედეგი. მაგრამ ის, ამ გრძნობისაგან დამოუკიდებლადაც,
იმავე ნიშნების მქონეა. ლოცვა საერთოდ არის ღმერთის წინაშე სხვადასხვა გრძნობის
გადმოღვრა სიტყვებით, ან ოდნავ შესამჩნევი შინაგანი შეგრძნებებით. ამიტომ ის
ყოველთვის ფსიქოლოგიური მოვლენაა. მისი საშუალებით ჩვენ შეიძლება გამოვხატოთ
გულისწუხილიც, სიხარულიც, ცოდვის მონანიებაც, ღვთისადმი მადლობაც, მაგრამ ლოცვის
გრძნობის უმაღლესი დაძაბულობისას ძნელია გააანალიზო სულის მდგომარეობა. აქ,
გრძნობათა სისავსის გამო, სული ვერ გრძნობს ვერაფერს ისეთს, რაც შეიძლებოდა
სიტყვებით გამოხატულიყო. თუმცა ლოცვისეული ლმობიერება ყველაში ერთნაირად როდი
ვლინდება. ზოგი საკუთარ თავში გრძნობს მთლიან და სრულ, ასე ვთქვათ, თვითდამცირებას.
ასეთი ჰქონდა სულის მდგომარეობა იმ მებაჟეს, რომელიც ვერ ბედავდა თვალნი ზე
აღეპყრა, მკერდში ხელს იცემდა და ამბობდა: „ღმერთო! მილხინე ცოდვილსა ამას". ზოგი
თავის თავში გრძნობს სიყვარულს, ღმერთისკენ სწრაფვის სიჭარბეს, ზოგს სული აღევსება
მხოლოდ აღტაცებით. მაგრამ ყველა ამ შემთხვევაში ლოცვისეულ ლმობიერებას ერთი საერთო
ნიშანი უცვლელად ახლავს თან. ესაა ყოველივე ცუდის, ყველა უწმინდური აზრის და
ბიწიერი ლტოლვის გაქრობა გულიდან, ყოველ შემთხვევაში იმ დროის მანძილზე, სანამ
ლმობიერება გრძელდება. ამ დროს ადამიანი თავს გრძნობს გაკეთილშობილებულად და მზადაა
ხოლმე გადაეხვიოს უბოროტეს მტერს, დაივიწყოს ყოველი წყენა. ლოცვის გრძნობა, როგორც
ყოველი ძლიერი გრძნობა, ზოგჯერ უტყვია, ზოგჯერ კი გადმოიღვრება უამრავი სიტყვით.
ტყუილად ფიქრობენ, რომ ძლიერ გრძნობებს არ უყვართ გრძელი სიტყვები. არა! ზოგჯერ
გრძნობა ძალზე მრავალსიტყვაა იმის გამო, რომ მას არ ძალუძს თავისი თავის სრულად
გამოხატვა, იმის გამო, რომ მას თითქოსდა შეუძლია განმტკიცება საკუთარი თავის
გადმოღვრით და სურს უფრო სრულყოფილად იქნეს გამოხატული, არ აკმაყოფილებს ეს
სიტყვები და გამოთქმები და ამიტომ ეძებს სხვა უფრო ძლიერ სიტყვებსა და გამოთქმებს,
რადგან ღრმა გრძნობისათვის სწორედ ისაა ნიშანდობლივი, რომ სიტყვებით მისი გამოხატვა ძნელია.
|
|