მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მეხუთე

 

რელიგიური გრძნობების შესახებ

 

§129. რელიგიური მწუხარება

 

რელიგიური მწუხარება შეიძლება განვიხილოთ: 1. როგორც სინდისის ქენჯნა; 2. როგორც მონანიება; 3. როგორც ლმობიერება.

 

1. რელიგიური მწუხარება იწყება სინდისის ქენჯნით. სინდისის ქენჯნა ესაა უსიამოვნო, მძიმე შეგრძნება, ანდა მოუსვენრობა, რომელიც წარმოიქმნება იმის წარმოდგენისას, რომ ჩვენ ცუდად მოვიქეცით. ხშირად საკმაოდ ძნელია ის გამოვყოთ და განვასხვავოთ მისი მსგავსი გრძნობისაგან - სირცხვილისაგან. ორთავეს ზოგჯერ ერთი და იგივე მიზეზი წარმოშობს, მაგრამ სირცხვილი შედარებით ანგარიშმიუცემელი გრძნობაა, ქენჯნა კი შეიცავს თავის თავში დანაშაულის ნათელ ცნობიერებას. ზოგჯერ სირცხვილი შემადგენელი ნაწილია სინდისის ქენჯნისა. ეს უკანასკნელი კი სულის წამებაა, სულის კაეშანია, ჭმუნვაა თავისი თავის მიმართ გამოტანილი მკაცრი მსჯავრის გამო. ამიტომ, უმეტესად, სინდისის ქენჯნა შერეული გრძნობაა, მაგალითად, როცა მკვლელი წარმოიდგენს თავის საქციელს, როცა წარმოსახვა უხატავს მას დანაშაულის სცენას, მსხვერპლის სახეს, მის ვედრებას, ის ძრწუნდება, მას იპყრობს სინანულის გრძნობა, შიში შურისგების წინაშე; ყოველი ნაკვთის გახსენებას, ყოველ ახალ წარმოდგენას სიგიჟემდე მიჰყავს ის. მაგრამ ასეთ მდგომარეობას ჯერ კიდევ არ შეიძლება ვუწოდოთ რელიგიური. რელიგიური ქენჯნისას სევდას წარმოშობს წარმოდგენა იმისა, რომ ჩვენ ღმერთის მცნება დავარღვიეთ, სული წუხს, რომ შეურაცხყო თავისი შემოქმედი, მას რცხვენია, აწვალებს იმის შეგრძნება, რომ ღმერთის წინაშე უღირსი აღმოჩნდა. სინდისის ქენჯნას წარმოშობს საქციელის შინაგანი ანალიზი, დამნაშავეობისა და ცოდვილობის შეგრძნება. ეს თითქოს ანალიზია ცოდვის წარმოდგენისა.

 

2. მონანიებას ახლო კავშირი აქვს ზემოგანხილულ გრძნობასთან, მაგრამ მისი იგივეობრივი არ არის. მონანიება უმეტეს წილად შედეგია ქენჯნისა და თავისი განმასხვავებელი ნიშნების მქონეა. ის მწუხარებასაც შეიცავს, მაგრამ მისი გაბატონებული ელემენტია გადაწყვეტილება გამოსწორებისა, უკეთ გახდომისა. მონანიებისას ადამიანი, რომელმაც მთლიანად შეიგნო ცოდვის ბრალეულობა და უღირსობა, ცდილობს ცოდვა თავის მიმართ უცხო გახადოს, ცდილობს აზრით განერიდოს მას.

 

ძალზე ბუნებრივია, რომ სინდისის ქენჯნა გამოიტანას სააშკარაოზე ცოდვას, ჩვენ ვიწყებთ მისგან განრიდებას. სანამ ვნება აბრმავებს სულს, ჩვენ ბედნიერებას მის დაკმაყოფილებაში ვხედავთ და ეს დაკმაყოფილება აუცილებლად გვეჩვენება, მაგრამ ვნება გაივლის და ჩვენ ვგრძნობთ ჩადენილი საქციელის მთელ სიმდაბლეს. ეს საქციელი წარმოგვიდგება თავისი ნამდვილი სახით, ჩვენ მშვიდად ვარჩევთ საკუთარ საქციელს, ვხედავთ მის ყველა ცუდ მხარეს და განვერიდებით მას. ეს განრიდება ცოდვისაგან და მტკიცე გადაწყვეტილება - მომავალში გავექცეთ მას, არის სწორედ მონანიების არსება.

 

ზოგჯერ მონანიებას სულ სხვა გრძნობებთან ურევენ. ძალზე ხშირად მონანიებად თვლიან დანანებას საკუთარი თავის მიმართ, ჟინის ჩაცხრომას, შიშს იმ შურისგების წინაშე, რომელიც შეიძლება მოჰყვეს დანაშაულს, მაგრამ ვიმეორებთ, მონანიებაში ჭარბობს მშვიდი გადაწყვეტილება გამოსწორებისა. თუმცა მონანიება რთული გრძნობაა და ამავე დროს ყოველთვის ერთი და იმავე შეგრძნებისაგან არ შედგება, მისი კეთილი გავლენა ადამიანზე მუდამ დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი წარმოდგენს ჭარბობს მასში. თუ ადამიანს მხოლოდ ეშინია თავისი ცოდვის შედეგებისა, თუ მას მხოლოდ რცხვენია ადამიანთა აზრისა, - ჭეშმარიტი მონანიება ჯერ კიდევ არ არსებობს. ჭეშმარიტ ქრისტიანულ მონანიებაში ჭარბობს წუხილი იმის გამო, რომ ჩვენ დავარღვიეთ ღმერთის მცნება. ეს არის გრძნობა შვილისა, რომელიც ცრემლებს ღვრის იმის შეგრძნების გამო, რომ მან გული ატკინა მოსიყვარულე მამას.

 

3. ამ ბოლო სახით მონანიება გადაიქცევა ლმობიერებად. ლმობიერებისას სული გრძნობს არა შიშს თავისი საქციელის შედეგების გამო, არა დანანებას, რომელიც თავმოყვარეობის დამცირებიდან გამომდინარეობს, არა სირცხვილს ადამიანთა შეხედულების გამო, რომ მან შეურაცხყო მამა თვისი - ღმერთი, რომ დააბნელა ღვთის სახე საკუთარ თავში, დაკარგა ღვთის სიყვარული და კეთილგანწყობილება. ამ სევდაში არ არის - როგორც ეს ქენჯნისას და მონანიებისას ხდება - ღელვა და საპირისპირო წარმოდგენების ბრძოლა. აქ იგრძნობა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდი ლმობიერება, საკუთარი თავის მიმართ სიბრალულის განცდის ერთ-ერთი სახე. მასში ცოდვის შეგრძნება უფრო ღრმაა, მაგრამ ეს შეგნება სულში არ წარმოშობს მტანჯველ სირცხილს, პირიქით, ამ შეგნებას თან ახლავს იმის წარმოდგენა, რომ ცოდვა სულისათვის უცხო გახდა. ამ გრძნობას უკეთესად მაგალითი აგვიხსნის. ლმობიერების ყველაზე კარგი მაგალითია სახარებაში მოთხრობილი ამბავი ცოდვილი ქალისა, რომელიც სიმონის სახლში ცრემლებით უსველებდა მაცხოვარს ფეხებს და თავისი თმებით უხოცავდა. ის უეჭველია, ქენჯნისა და მონანიების გზით უკვე მივიდა ლმობიერებასთან. მხოლოდ ამ ბოლო მდგომარეობაში შეეძლო მას მოეშორებინა სირცხვილი, ფეხებში ჩავარდნოდა მაცხოვარს და გაებედა შეხებოდა მას. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ გაბედავდა შესულიყო იმ ამაყ ადამიანთა საკრებულოში, რომლებიც მის შეხებასაც კი წაბილწვად მიიჩნევდნენ. როგორც ჩანს, მასში გაჩენილმა ლმობიერებამ რაღაც იმედი გაუჩინა და შეახედა ძველ ცხოვრებას, როგორც მისი სულისთვის უცხოს. ამრიგად, ლმობიერების გრძნობა გადააქცევს ადამიანს უკეთესად და უფრო წმინდად, რადგან ამ გრძნობაში აღარაფერია ეგოისტური და უწმინდური.