მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მეხუთე

 

რელიგიური გრძნობების შესახებ

 

§128. რელიგიური სიხარული

 

რელიგიური სიხარული სულის ის სასიამოვნო შეგრძნებაა, კმაყოფილების, სიმშვიდის და სულიერი სიწყნარის ის მდგომარეობაა, რომელიც იბადება სულში ან მთელი ცხოვრების საერთო განწყობილებიდან, ანდა სინდისის შინაგანი ხმით მოწოდებული რაიმე ქრისტიანული საგმირო საქმის შედეგად. რელიგიური სიხარული, როგორც რომელიმე კერძო საქციელის, მაგალითად, მგზნებარე ლოცვის ან გულმოწყალე გმირული საქმის შედეგი, მრავალი ადამიანის ცხოვრებაში გვხვდება, მაგრამ როგორც შედეგი მთელი ცხოვრების წესისა და სულის განწყობისა - ძალზე იშვიათია. ეს იმიტომ, რომ ჩვენში მთელი ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე მუდმივი ბრძოლაა სიკეთესა და ბოროტებას შორის და იშვიათად შეხვდებით ადამიანს, რომელმაც იმდენად შეძლო დაემარცხებინა თავისი ლტოლვები, რომ სინდისი აღარ არღვევს მის სულიერ სიმშვიდეს. მაგრამ თუ ვინმემ სიკეთის გზაზე მიაღწია ისეთ სრულყოფას და სიმტკიცეს, რომ მასში სულიერ სიმშვიდეს არ არღვევს სინდისის საყვედურები და სულში არ არის დაპირისპირებულ გრძნობათა ბრძოლა, მაშინ მისი სიხარული, მისი სულიერი სიწყნარე  მუდმივი და გაბატონებული გრძნობაა - ისაა, რასაც საღვთო წიგნში ეწოდება სიხარული სული წმიდაზე. ძალზე დიდი და საკვირველია ამ სიხარულის განსხვავება იმ სიხარულისაგან, რომელიც ჩვენ წინა თავში აღვწერეთ. როგორი წმინდაც უნდა იყოს ამქვეყნიური სიხარულის წარმოდგენის ანდა რაიმე ამქვეყნიური უპირატესობის ფლობის საფუძველზე წარმოქმნილი სიხარული, მასში მაინც არის რაღაც ისეთი, რაც სრულ კმაყოფილებას არ გვანიჭებს. ის ხანგრძლივად არ ამშვიდებს სულს. პირიქით, აღელვებს და არა აკმაყოფილებს მის სურვილებს, ისე რომ, რაც უფრო დიდი და ძლიერია ეს სიხარული, მით უფრო ძლიერია რეაქცია, რადგან ყველამ იცის: ძლიერი სიხარულის შემდეგ ადამიანს სევდა ეუფლება. ასეთი როდია რელიგიური სიხარული! ის შეიცავს თავის თავში იმას, რაც კმაყოფილებას გვრის სულს, კლავს მის წყურვილს.