|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მეოთხე
სულიერი მდგომარეობების შესახებ
გ) ზოგიერთი ზოგადი შენიშვნა სულიერი მდგომარეობების შესახებ
§126. უანგარო გრძნობების შესახებ
მშვენიერის შესახებ არსებულ მეცნიერებათა თეორიებში ანუ ესთეტიკაში მიღებულია ლაპარაკი უანგარო გრძნობებზე, ე.ი. მშვენიერი
საგნებით უანგარო ტკბობაზე. თუ გავიაზრებთ ყველაფერ იმას, რაც აქამდე ითქვა სულიერ
მდგომარეობებზე ან გრძნობებზე, ჩვენ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ფსიქოლოგიური
თვალსაზრისით შეუძლებელია სავსებით დავეთანხმოთ მოძღვრებას ამ უანგარო გრძნობების
შესახებ. უანგარო სიყვარული, ანდა უანგარო სიამოვნება, ამბობენ ესთეტიკოსები, ისაა,
რომ სიამოვნება აღძრულია ადამიანში მატერიალურ სარგებლიანობაზე ყოველგვარი აზრის
გარეშე. მაგალითად, თუ მე ვტკბები მშვენიერი სურათით, დიდებული გარემოთი, ლამაზი
შენობებით და ა.შ., მაშინ სულაც არ ვფიქრობ სარგებლიანობაზე, რომლის მოტანაც
შეუძლიათ ადამიანებისათვის ამ საგნებს.
მაგრამ სიამოვნების ამგვარი დაყოფა ანგარებიანად და უანგაროდ არ არის გამართლებული
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. სიტყვები „სიამოვნება" და „უანგარობა" ერთმანეთს
უარყოფს. ჩვენი სულისათვის არსებობს ერთი ანგარება - სიამოვნება. სული ტკბება იმით,
რაშიც ჩვეულებრივ, სიამოვნებას პოულობს. ვისაც ესმის ხელოვნება, ვინც შეეჩვია
ხელოვნების ნაწარმოებთა დაფასებას, იმან, მაშასადამე, შეაჩვია თავი მშვენიერი
საგნებით ტკბობას. მაგრამ იგივე ადამიანი ტკბება აგრეთვე თავისი სიმდიდრით და ორივე
ეს ტკბობა, თავისი არსებით, ერთნაირია, რადგან როგორც პირველი, ისევე მეორე, სიამის
შეგრძნებაა, კმაყოფილებაა, სასიამოვნოა. მე არ უარვყოფ იმას, რომ მშვენიერი
საგნებით გამოწვეული სიამოვნება განიცდება სხვაგვარად, ვიდრე სიმდიდრით და ფულით
გამოწვეული სიამოვნება: პირველი შეიცავს რაღაც ისეთს, რაც გვამაღლებს, განწმენდს
გრძნობებს, აკეთილშობილებს სულს, მეორე - რაღაც ეგოისტურს, საკუთარი თავის
სიყვარულით განსაზღვრულს. და მაინც ორივეს არსება ერთნაირია. რატომ გვიყვარს
მშვენიერი ნაწარმოები? იმიტომ, რომ ისინი გვანიჭებენ სიამოვნებას. რატომ გვიყვარს
სიმდიდრე? იმიტომ, რომ სიმდიდრე არის საშუალება, რომლითაც მოვიპოვებთ ყველა
სიამოვნებას, სხვათა შორის, მშვენიერ საგანთაგან მონიჭებულ სიამოვნებას. მოკლედ,
ჩვენი სულისათვის არსებობს ტკბობის ერთი საშუალება - ესაა სიამოვნების მიღება
ნებისმიერი რაიმედან. ადამიანს უყვარს ფული და სიმდიდრე არა საკუთრივ მათთვისავე,
არამედ იმიტომ, რომ ისინი არიან სიამოვნების საშუალებანი. მას უყვარს დიდება,
რადგან ის ესიამოვნება მის ამპარტავნობას და ამაოების წადილს. ზუსტად ასევე, მას
უყვარს მშვენიერი საგნები იმიტომ, რომ ისინი მასში სიამოვნებას იწვევენ. რომ
შეიძლებოდეს რომელიმე სიამოვნების მიჩნევა უანგარო მოვლენად, მაშინ ოქროს
დახარბებული და მისი სიკაშკაშით მოხიბლული გარპაგონის ტკბობა (მოლიერის კომედიაში)
წმინდა უანგარო სიამოვნებად უნდა ჩაგვეთვალა. დამეთანხმეთ, - ის სულაც არ ფიქრობს
ოქროდან რაიმე მატერიალური სარგებლობა მიიღოს: პირიქით, უკვე ფიქრიც კი იმაზე, რომ
ოქროსთან განშორება მოუწევს, ძრწოლას იწვევს მასში. მას სიამოვნებას ანიჭებს ოქროს
მხოლოდ ხილვაც კი, უკვე ფიქრი იმაზე, რომ ის ამ საუნჯის პატრონია. მოკლედ, ის
ტკბება ოქროთი, ისევე, როგორც სხვა ადამიანი ტკბება მხატვრის ტილოთი ან სხვა
მხატვრული ქმნილებით.
ამას უნდა დავუმატოთ შემდეგი: ყველა ე.წ. უანგარო სიამოვნებაში შედის გრძნობა,
რომელსაც არასგზით არ შეიძლება ეწოდოს უანგარო - ესაა საკუთარი თავმოყვარეობის
დაკმაყოფილების გრძნობა. ჩვენ სიამოვნებას გვანიჭებენ ის საგნები, რომლებიც საკუთარ
თვალში გვამაღლებენ, ჩვენში ბადებენ ადამიანთა სიდიადის გრძნობას. ასეთია გენიოსის
დიადი ქმნილებებების ჭვრეტა, დიდებული ადგილების ხილვა. ამ შემთხვევაში, თუკი უფრო
ღრმად ჩავუკვირდებით საკუთარ თავს, ჩვენს პატივმოყვარეობას სიამოვნებს იმის
გაფიქრება, რომ ჩვენ ძალგვიძს მოვიცვათ დიადი საგანი. აქ როლს თამაშობს ის ყველა
ადამიანისთვის საერთო გრძნობა, რომლის ზეგავლენითაც სხვა ადამიანის გმირობა საკუთარ
საქმედ მიგვაჩნია, რადგან ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ.
დედის სიყვარული პატარა შვილისადმი, თითქოს ყველაზე უანგაროა, მაგრამ გავარჩიოთ ის:
დედას უყვარს შვილი, როგორც თავისი ხორცი ხორცთაგანი, როგორც თავისი ნაშობი. ის
ტკბება შვილით, ასახიერებს მასში თავის გრძნობებს - შვილი მისი ნაყოფია, ჯაფაა,
სიამაყეა. აქ ისევე, როგორც ყველაფერში და ყველგან სიამოვნება არის საკუთარი
გრძნობის დაკმაყოფილება.
მოკლედ, თუ ფსიქოლოგიის ენაზე ვილაპარაკებთ, უანგარო სიამოვნება არ არსებობს. სული
საკუთარ თავში ასხვავებს მხოლოდ სასიამოვნო და უსიამოვნო შეგრძნებებს. ყოველივე
სასიამოვნო, ყველაფერი, რაც რაიმე მიზეზით სულს ანიჭებს სიამოვნებას, სულის
მისწრაფების საგანია, ყველაფერი უსიამოვნო კი - უარყოფის საგანია.
უანგარო გრძნობები და სიამოვნება, საკუთრივი და მაღალი აზრით შეიძლება ეწოდოს
მხოლოდ რელიგიურ გრძნობებს.
|
|