მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მეოთხე

 

სულიერი მდგომარეობების შესახებ

 

გ) ზოგიერთი ზოგადი შენიშვნა სულიერი მდგომარეობების შესახებ

 

§125. მშვნიერი საგნებით ტკბობის შესახებ

 

მშვენიერი საგნებით ტკბობა ღრმად ფსიქოლოგიური მოვლენაა და აიხსნება იმავე საწყისებით, რომლებითაც აიხსნებიან სხვა სულიერი მდგომარეობანი. ჩვენ აქ განვილიხავთ იმას, თუ რა მიზეზი იწვევს ჩვენში სიამოვნებას სხვადასხვა მშვენიერი საგნების ჭვრეტისას.

 

ჩვენში მშვენიერი საგნებით გამოწვეული სიამოვნების მიზეზია ჩვენს გრძნობებზე შთაბეჭდილების მოხდენის წესი, ან, უკეთ, ჩვენში სხვადასხვა გრძნობებისა და წარმოდგენების თამაშის გამოწვევა.

 

გრძნობებზე სასიამოვნო შთაბეჭდილებებს ჩვენში ბადებენ ან ე.წ. პლასტიკური ხელოვნების - ფერწერის, ქანდაკების, ხურმოთმოძღვრების ნაწარმოებები, ანდა თავად ბუნების ნაწარმოებები - სხვადასხვა ადგილი, მთები და სხვ. ხელოვნების სხვადასხვა სახეთა ჭვრეტისას ადამიანი ტკბება, ფერწერის ტილოს ხილვისას - სინამდვილის გამოსახვით, ბუნების სწორი გამოხატვით, მხატვრის ხელოვნებაზე ფიქრით. ბუნების ან ხელოვნების დიადი სურათის ჭვრეტისას, ჩვენ ვგრძნობთ გაოცებასაც, შიშსაც, სიბრალულსაც. აქ დაკავებულნი არიან გონებაც, წარმოსახვაც, მოკლედ, ჩვენში აღიძვრება სიცოცხლე, გრძნობათა თამაში. თუ საკითხს უფრო ჩავუღრმავდებით, იმასაც დავინახავთ, რომ მშვენიერი საგნებისგან მოყენებულ სიამოვნებაში მცირე მონაწილეობას როდი იღებს აგრეთვე საკუთარი თავის სიყვარულის გრძნობაც: ჩვენ გვეამება ფიქრი იმაზე, რომ შეგვიძლია შევიგრძნოთ ხელოვნება და დავაფასოთ ის. ერთი სიტყვით, მშვენიერი საგანი მოგვწონს იმიტომ, რომ ის აღძრავს ჩვენში გრძნობათა თამაშს.

 

ეს უფრო ნათლად ჩანს, როცა ვიხილავთ ჩვენზე პოეტური ნაწარმოების ზეგავლენას. პოეზია იპყრობს ჩვენს წარმოსახვას, აღძრავს მის მოქმედებას და ასევე ყველა სხვა გრძნობას. მიუმატეთ ამას თანახმიანობათა სასიამოვნო თამაში, ენის სიმწყობრე, გონებამახვილობა, პოეტის გრძნობათა სწრაფვანი და თქვენ ნახავთ, რომ აქ შთაბეჭდილების არსებაა სხვადასხვა გრძნობების თამაში. მჭევრმეტყველება უშუალოდ იმისკენ ისწრაფვის, რომ დაარწმუნოს ადამიანი გონიერი საბუთებით და ამავე დროს ამა თუ იმ გრძნობათა აღძვრით. მოკლედ - სულს მოსწონს ის, რაც ამოძრავებს მას, აღძრავს მასში სიცოცხლეს, მოქმედებას.