მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მეოთხე

 

სულიერი მდგომარეობების შესახებ

 

გ) ზოგიერთი ზოგადი შენიშვნა სულიერი მდგომარეობების შესახებ

 

§124. ადამიანში სულიერი მდგომარეობების საწყისის შესახებ

 

როცა ვაკვირდებით ადამიანის სულის განვითარებას სიცოცხლის სულ პირველი დღეებიდან მოცუხებულობამდე, ჩვენ ვამჩნევთ:

 

ჯერ ერთი, რომ სულიერი მდგომარეობები აღმოცენდებიან ძალზე ადრე, თითქმის ჩვილი ყრმის ასაკიდან. თუ დააკვირდებით ჩვილ ყრმას, რომელიც ერთ წელზე მეტისაც კი არაა, მასში დაინახავთ ზემოაღწერილ გრძნობათ უმეტესი ნაწილის საწყისს. ბავშვს უყვარს დედა და ძიძა და ეს სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა სიამოვნების გრძნობა, რომელსაც ანიჭებს მას დედა. ჩვენ ვამჩნევთ ბავშვში ეჭვიანობას, რადგან ის ჯავრობს, წყრება, როცა დედა სხვა ბავშვს ეფერება. ეს ეჭვიანობა შეიცავს შურსაცა და მრისხანებასაც. თუმცა ორივე ეს გრძნობა უფრო ნათლად და ხშირად ჩვილ ბავშვში ვლინდება ჟინიანობის, ტირილის და სხვა მოძრაობათა სახით. როცა ბავშვი ხედავს სათამაშოს მეორე ბავშვის ხელში, ის ცდილობს წაართვას ბავშვს ეს სათამაშო და ამ დროს ამჟღავნებს შურსა და წყენას. ხშირად იმისათვის, რომ ვაიძულოთ ბავშვი, დალიოს ან შეჭამოს რამე, საკმარისია მოვაჩვენოთ, რომ გვსურს საჭმელი ან სასმელი მივცეთ სხვა ბავშვს. ეს და ამის მსგავსი ფაქტები ერთად აჩვენებენ, რომ ბავშვის გულში იმალებიან შეჯიბრის და პატივმოყვარეობის ჩანასახები. ამპარტავნობა, ამაო მიზნებით ცხოვრება, სხვათა სიძულვილი მათში რამდენამდე გვიან ვითარდება. მაგრამ უკვე ორი წლის ბავშვი კარგად ამჩნევს იმასაც, რომ ის სხვებზე უკეთ და მდიდრულადაა ჩაცმული, ის ხედავს, რომ მისი მნიშვნელობა უფრო დიდია, ვიდრე ზოგიერთი სხვა ბავშვისა და ამ უკანასკნელებს აბუჩად იგდებს. სამწუხაროდ, ასევე ადრევე ვლინება ბავშვებში გულჩახვეულობა, თვალთმაქცობა, ეშმაკობა და სხვა გაკიცხვის ღირსი გრძნობები. ბავშვის გრძნობების განმასხვავებელი ნიშანი კი მერყეობა და ცვალებადობაა. ბავშვების გრძნობები ძალზე ცვალებადია. მათთან ტირილი და სიცილი მოსდევს ერთმანეთს ყოველგვარი შუალედის გარეშე.

 

მეორე. სულიერ მდგომარეობებს აქვთ თავისი ასაკი, რომელიც ადამიანის ფიზიკურ ასაკს შეესატყვისება. სიჭაბუკე და მოწიფულობა გრძნობებისა და ვნებების დაძაბვისა და დუღილის დროა. მაგრამ ყველა ვნება და მდგომარეობა როდი შეესატყვისება ამ კანონს. ძალებით სავსე ჭაბუკი ერთგულია მხოლოდ ზოგიერთი გრძნობისა, სხვა გრძნობებზე კი არ ფიქრობს: მას უფრო მეტად იმორჩილენებენ ხორციელი ვნებები, პატივმოყვარეობა, მისწრაფებები პატივისა და დიდებისაკენ.

 

დაბოლოს, მესამე. მოხუცებულობისას ზოგიერთი სულიერი მდგომარეობა და ვნება სუსტდება, სამაგიეროდ ზოგიერთი, თითქოს კიდევ უფრო ძლიერდება. ყოველ შემთხვევაში, შემჩნეულია, რომ მოხუცებს უფრო მეტად აქვთ მიდრეკილება პატივმოყვარეობისა და სიძუნწის ვნებებისაკენ, ვიდრე ახალგაზრდებს. ეს ორი ვნება ადამიანს კუბოს კარამდე სდევს. განა საკვირველი არ არის - რაც უფრო მეტად უახლოვდება ადამიანი წუთს, როცა საბოლოოდ უნდა გამოეთხოვოს ყოველივე პატივსა და სიმდიდრეს, ზოგჯერ მით უფრო ძლიერად უყვარდება ისინი. თითქოს მხოლოდ გაფიქრებაც კი იმაზე, რომ ყველა ეს განძი და მთელი ცხოვრება უკვე ღალატობს მას, უნდა შეესუსტებინა მასში ეს ვნებები, ამის საწინააღმდეგო რამ კი ხდება.