მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მეოთხე

 

სულიერი მდგომარეობების შესახებ

 

გ) ზოგიერთი ზოგადი შენიშვნა სულიერი მდგომარეობების შესახებ

 

§123. ზოგიერთი სულიერი მდგომარეობის შედეგები

 

მაგრამ სულიერი მდგომარობების გავლენა ზოგიერთ განსაკუთრებულ ვითარებაში საგანგაშოა, საშიშია. ისინი ზოგჯერ იწვევენ გონების მოქმედების მოშლას, ან სულიერ დაავადებას. მართლად, ზოგიერთი სულიერი დაავადება უშუალო შედეგია ზემოაღწერილი მდგომარეობებისა და ვნებებისა და მთლიანად მათ საფუძველზე აიხსნება. ისინი წარმოადგენენ ხანგრძლივ და ნორმალურ მდგომარეობად გადაქცეულ სულიერ შეგრძნებათა დაძაბულობას ან მის უმაღლეს ხარისხს. ავხსნათ ეს მაგალითების მოშველიებით. მელანქოლია, ცხადია, არის სულის ხანგრძლივი, მუდმივად მჭმუნვარე განწყობა. მელანქოლიით შეპყრობილი შინაგანად იმასვე გრძნობს, რასაც ყოველი სევდიანი ადამიანი, მაგრამ იმ განსხვავებჲთ, რომ მისი მდგომარეობა განუწყვეტლადაა ასეთი და არა დროებით.

 

მრისხანების აღწერისას ჩვენ ვთქვით, რომ გაძლიერებისას მას უგუნური საქციელი, თავისი თავის დავიწყება მოსდევს შედეგად. მაგრამ აბა წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი ყოველ წუთს ეძლევა შმაგ რისხვას, რომ ეს რისხვა მუდმივად აბნელებს მის გონებას - და თქვენ გექნებათ სრულყოფილი ნიმუში შეშლილობის ერთ-ერთი სახისა (mania firibonela). რისხვის ასეთი დაძაბულობა ადვილად შეიძლება იქცეს უწყვეტ მდგომარეობად და მაშინ გონება საბოლოოდ დაბნელდება და ადამიანი შეიშლება ჭკუიდან.

 

საერთოდ, ვნებათა ყოველი ძლიერი დაძაბულობა თავისთავად შეშლილობის რაიმე სახეა. რომელიმე ვნებით დაბრმავებული გონება ბჭობს და განმარტავს დამახინჯებულად, თავისი ჯანმრთელი მდგომარეობის საპირისპიროდ. შიშით შეპყრობილი ადამიანის სმენა და ხედვა სრულიად სხვაა, ვიდრე ნორმალურ მდგომარეობაში მყოფისა. სიძულვილი მას საგნებს ისე არ წარმოუდგენს, როგორც სიყვარული. ერთი სიტყვით, როგორც ზევით აღვნიშნეთ, ვნებათა ძლიერი მოქმედებისას ადამიანი ახლოსაა შეშლილობასთან. როცა ვნება მუდამ მაღალ წერტილზეა, გონება მაშინ დუმს და ადამიანი ჭკუიდან იშლება.

 

მაშასადამე, უმაღლესი ვნების მთავარი გამოვლენა ისაა, რომ იგი აბნელებს გონებას და ასუსტებს ნებას, ხოლო თუ იგი გადაიცქევა მუდმივ, ნორმალურ მდგომარეობად, მაშინ გვევლინება, როგორც საშინელი დაავადება - შეშლილობა.