მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მეოთხე

 

სულიერი მდგომარეობების შესახებ

 

გ) ზოგიერთი ზოგადი შენიშვნა სულიერი მდგომარეობების შესახებ

 

§121. რა არის ყველა სულიერი მდგომარეობის არსება?

 

აქამდე თქმულიდან ცხადია, რომ ყველა სულიერი მდგომარეობის არსებაა სიამოვნებისა და უსიამოვნების შეგრძნება, თუმცა ვნებათა მიმართ უნდა აღინიშნოს მათი ის განმასხვავებელი ნიშანი, რომ ისინი უფრო მეტად სურვილებია, ან ძლიერი მიდრეკილებებია გარკვეული სიამოვნებისაკენ. ეს აზრი მტკიცდება მთელი წინამავალი ანალიზით, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამ მდგომარეობათა არსება ერთნაირია, ყოველი მათგანი იგრძნობა ჩვენს სულში სავსებით განსხვავებულად, ასე რომ ყოველი მათგანი განსაკუთრებულ მდგომარეობად უნდა ჩაითვალოს. სული თავისებურად გრძნობს სიხარულს, თავისებურად - სიყვარულს, თავისებურად - პატივმოყვარეობით დაკმაყოფილებას, თავისებურად სიამოვნებს ანგარების ჟინის კვლა და სხვ. სიყვარულს, მაგალითად, ჩვენ ვგრძნობთ როგორც იმ საგნის მოგონებას ან წარმოდგენას, რომელიც გვანიჭებს სიამოვნებას, ან როგორც ამ საგნისადმი მისწრაფებას; სიხარულს კი როგორც აწმყო, წუთიერ კმაყოფილებას. ანდა, გავარჩიოთ, მაგალითად, ორი მდგომარეობა - შიში და რისხვა. ორივე უსიამოვნო შეგრძნებაა, მძიმე მდგომარეობაა. მაგრამ მათ ძალზე განსხვავებულად ვგრძნობთ და არ ვურევთ ერთმანეთში. შიშისას პირველ ყოვლისა ჩნდება აზრი საფრთხის შესახებ, მოძრაობა მიზნად ისახავს თავი ავარიდოთ, გავშორდეთ ამ საფრთხეს. რისხვაში, პირიქით, შეიმჩნევა მისწრაფება იმისა, რომ ბოროტება მოვუტანოთ, გავანადგუროთ რისხვის საგანი. წუხილი და სირცხვილი ასევე უსიამოვნო გრძნობებია, მაგრამ რაოდენ განსხვავებულად განვიცდით მათ! მწუხარებაში მოქმედებს აზრი, რომ ჩვენ დაგვაკლდა გარკვეული სიამოვნება. სირცხვილისას სულის პირველი მოძრაობაა შიში იმისა, რომ ჩვენ დაცივნის საგანი გავხდით ანდა დავიმცირეთ თავი.

 

ასევე უნდა შევნიშნოთ, რომ უსიამოვნო სულიერი მდგომარეობები სასიამოვნოზე უფრო მეტი და მრავალფეროვანია და პირიქით, სასიამოვნოები არ არიან ასე მრავალსახოვანნი. ცხადია, ვნების ყოველი დაკმაყოფილება ამავე დროს სულის სასიამოვნო მდგომარეობაა, მაგრამ თავად ვნება, თავისი არსებით, უფრო მეტად უსიამოვნო და არა სასიამოვნო მდგომარეობაა. თანაც ეს დაკმაყოფილება მხოლოდ დროებითია, რადგან ყოველი ვნება სწორედ იმიტომაა ძნელად ასატანი, რომ არასოდეს არაა ბოლომდე დანაყრებული.

 

დაკმაყოფილება მას უფრო აღაგზნებს, ვიდრე ამშვიდებს. ამით აიხსნება ის, თუ რატომაა ადამიანი ყოველთვის უკმაყოფილო, მუდამ ეძებს უკეთესს და მეტს.