|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მეოთხე
სულიერი მდგომარეობების შესახებ
ბ) ვნებათა შესახებ
§119. შენიშვნები სხვა ვნებათა შესახებ
ჩვენს მიერ აღწერილ სულიერ მდგომარეობათა და ვნებათა გარდა კიდევ არსებობს მრავალი სხვა,
მაგრამ ეს უკანასკნელნი უმეტეს წილად სახეცვლილებებია იმ სულიერი მდგომარეობებისა
და ვნებებისა, რომელთა გაანალიზებას შევეცადეთ აქამდე. მაგალითად, ტრაბახისა და
ტყუილის მოყვარეობა, რომელითაც ბევრია დაავადებული, შედეგია ფუჭი ამპარტავნობისა და
დაფარული პატივმოყვარეობისა, რადგან ტრაბახას სურს გადანდიდოს თავისი თავი, თუნდაც
სიტყვიერად, ის ტკბება საკუთარი ქება-დიდებით.
მაგრამ ვნებებზე ლაპარაკისას არ შეიძლება არაფერი ვთქვათ ზოგიერთი ადამიანის
მისწრაფებაზე საკუთარი თავის განსაკუთრებული სიყვარულისკენ, ეგოიზმისკენ. საკუთარი
თავის სიყვარული ორგვარად უნდა იყოს განხილული. ჯერ ერთი, როგორც წყარო საერთოდ
ყველა ჩვენი სულიერი მდგომარეობისა და ვნებისა, რადგან ეს უკანასკნელნი თითქოსდა
მისი სახეცვლილებებია. მეორე, როგორც განსაკუთრებული მიდრეკილება - ვიფიქროთ
და ვიზრუნოთ მხოლოდ საკუთარ სიმშვიდეზე, არად ჩავაგდოთ სხვა პიროვნებები და საკუთარ
ინტერესს ვამსხვერპლოთ ისინი. ამ შემთხვევაში მას ეგოიზმი ეწოდება. ეგოისტი
მხოლოდ სკაუთარ თავზე ფიქრობს და ყველა ადამიანს უყურებს, როგორც საკუთარი
პიროვნების იარაღს. ასეთი ადამიანი გულგრილია სხვათა ტანჯვისადმი და მხოლოდ იმაზე
ზრუნავს, რომ თავად იყოს მშვიდად. სულის ასეთი მდგომარეობა ყველაზე ულმობელი და
არაადამიანურია. ცივი ეგოისტი საზოგადოების ურჩხულია, ადამიანურ გრძნობას მოკლებული
არსებაა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეგოიზმი ყველა სხვა ვნებასა და მანკიერებაზე
უარესია, რადგან საზოგადოებრივი ცხოვრებისა და საერთო კეთილდღეობისა კანონის
სავსებით საწინააღმდეგოა.
|
|