|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მეოთხე
სულიერი მდგომარეობების შესახებ
ბ) ვნებათა შესახებ
§118. პატივმოყვარეობა
პატივმოყვარეობა არის მისწრაფება
იმისაკენ, რომ დავდგეთ სხვა ადამიანებზე მაღლა, მოვიპოვოთ ძალაუფლება მათზე, სხვათა
ყურადღება მივიქციოთ, ერთი სიტყვით, მოვიპოვოთ პატივი. ის წარმოიშობა იმ
სიამოვნების წარმოდგენისაგან, რომელიც შეიძლება მოგვანიჭოს ამ უპირატესობათა
შეძენამ. არაფერი ეამება ადამიანს ისე, როგორც ყურადღება და პატივისცემა, უფრო
მეტად კი - სხვათა გაკვირვება. არის დიდებასა და პატივში რაღაც ყველასათვის
მომხიბლავი და მიმზიდველი, ამიტომ იშვიათად თუ ვინმე არ არის აყოლილი
პატივმოყვარეობას.
ყურადღებისა და დიდების დამსახურების სურვილი სამართლიანად ითვლება ადამიანის
ნების ბერკეტად და მამოძრავებლად. ბუნებრივია, რომ ადამიანი, რომელსაც ძალიან სურს
დაიმსახუროს სხვა ადამიანთა პატივი, ცდილობს რაღაც საქმეებით გამოიჩინოს თავი.
სწავლული ძაბავს გონებას, რათა ახალი ჭეშმარიტებები აღმოაჩინოს; მხედართმთავარი -
რათა შეიმუშავოს გეგმები მტრის დასამარცხებლად. მაგრამ, მიუხედავად ამისა,
უეჭველია, დიდების დამსახურების სურვილი ბევრჯერ ყოფილა ძალზე სამწუხარო
ამბავთა მიზეზი. ისტორია გვიჩვენებს, თუ როგორ სპობდნენ ქვეყნებს და ანადგურებდნენ
ათასობით თავის მსგავს არსებას პატივმოყვარეობას აყოლილი ადამიანები.
|
|