|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მეოთხე
სულიერი მდგომარეობების შესახებ
ბ) ვნებათა შესახებ
§116. ანგარება
ანგარება არის ძლიერი სურვილი იმისა, რომ
შევიძინოთ სიმდიდრე, განსაკუთრებით ყოველგვარი სიმდიდრის წარმომადგენელი - ფული. ამ
ვნების განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ ის სხვებზე ძლიერადაა გავრცელებული
ადამიანებს შორის, ისე რომ არ არსებობს თითქმის არც ერთი ადამიანი, რომელიც
მეტ-ნაკლებად არ იყოს მისით დასნებოვანებული. ეს იმიტომ ხდება, რომ სიმდიდრე არის
ყველა სხვა სიამოვნების შეძენის საშუალება, ხოლო ცნობილია, რომ ქვეყანაზე ცოტაა
ადამიანი, რაიმე სიამოვნებისკენ რომ არ ისწრაფვოდეს და თავისი მდგომარეობის
გამოსწორება არ სურდეს. სიმდიდრის ასეთი დიდი მნიშვნელობა აპირობებს იმას, რომ
ანგარება ყველა სხვა ვნებაზე მეტად ეუფლება გულს. ყოველი ადამიანი ძაბავს თავის
ძალას სიმდიდრის შესაძენად, როცა წარმოიდგენს სიამოვნებას, რომელიც შეიძლება
შეიძინოს სიმდიდრით, პატივს, მდიდარ კაცს რომ მიაგებენ, მეორე მხრივ კი, როცა
წარმოიდგენს სიღარიბის ყველა გაჭირვებას. ზოგიერთი აკრძალულ ხერხებსაც კი იყენებს
თავისი გამდიდრებისათვის, შურით იმსჭვალება მდიდრის მიმართ, როცა მის ბედნიერებას
და კეთილდღეობას წარმოიდგენს. რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც
სიმდიდრისკენ მიისწრაფვიან კეთილი ზრახვებით, სურთ მოახმარონ სიმდიდრე მოყვასთ.
მაგრამ ასეთი ადამიანები თავისი მიზნისკენ მიდიან წყნარად და ვნების გარეშე.
ზოგიერთი ადამიანის გულში ანგარების ვნებას განსაკუთრებული, თავისებური
მიმართულება ეძლევა. ადამიანთა უდიდეს ნაწილს გამდიდრება სურს მხოლოდ იმ მიზნით,
რომ იცხოვროს საამურად, დამოუკიდებლად, მაგრამ ზოგიერთისათვის სიმდიდრეს აქვს არა
საშუალების, არამედ მიზნის მნიშვნელობა. ასეთი ადამიანები სიამოვნებას ნახულობენ
თავისი სიმდიდრის მხოლოდ ჭვრეტაშიც კი. მათ ხიბლავს და ატკბობს წარმოდგენა იმისა,
რომ მდიდარი არიან, რომ განძს ფლობენ. ესაა სიძუნწე. სულის ასეთი მდგომარეობა არის
ყველაზე უაზრო და უგუნური. განა შეუძლია მოაზროვნე ადამიანს გაოცების გარეშე
წარმოიდგინოს ძუნწი კაცი, რომელიც ფულის სიყვარულის გამო ყველა სიამოვნებას იკლებს!
შესაწყალებელი და გასაგებია, რომ ადამიანს უყვარს სიმდიდრე, როგორც საშუალება
ცხოვრებისა და ყველა სხვა სიამოვნებისა. მაგრამ რა საკვირველი გზით მიდის გონიერი
სული იქამდე, რომ ტკბება სიმდიდრის მხოლოდ მზერითაც კი, თრთოლავს ოქროს ბრჭყვიალის
მხოლოდ მხოლოდ ყურებისას, ინახავს ფულს, როგორც ყველაზე მეტად ძვირფას საგანს.
ადამიანი ტკბება ოქროთი გატენილი ტომრების ჭვრეტით და ამავე დროს შია და ცივა - ხომ
არ არის ეს თავისებური სახის შეშლილობა?
სიძუნწე, როგორც ფაქტი, თუ გნებავთ, სულიერი მოვლენა, გასაგები და ადვილად
ასახსნელია: ადამიანმა საშუალება აქცია მიზნად და შეიყვარა სიმდიდრე, ნაცვლად მისი
საშუალებით მოსაპოვებელი სიამოვნებისა. მაგრამ გასაოცარია, როგორ მივიდა ის ამ
მდგომარეობამდე. კიდევ უფრო საოცარია, რომ სიძუნწე უმეტესწილად ეუფლება ადამიანს
სიბერეში, როცა ის ყველაზე ნაკლებს უნდა ფიქრობდეს ამქვეყნიურზე. გარდაცვალებისას
ძუნწი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ თავის განძს შორდება. ასეთია ადამიანის სული! ვინ
ვერ ხედავს ამაში მისი ზნეობრივი დაცემის საბუთს?
|
|