მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მეოთხე

 

სულიერი მდგომარეობების შესახებ

 

ბ) ვნებათა შესახებ

 

§115. სანახაობათმოყვარეობა

 

სანახაობათმოყვარეობა მისწრაფებაა სიამოვნებისაკენ, რომელსაც იძლევიან მხედველობის შთაბეჭდილებები ზოგადად, კერძოდ კი აქ იგულისხმება თეატრალური სანახაობით გატაცება. ეს სანახაობა იზიდავს ყოველ ადამიანს; მაგრამ ჟინი, ანუ ძლიერი და შეუკავებელი სურვილი იმისა, რომ მუდამ მიანიჭოთ საკუთარ თავს ეს სიამოვნება, მხოლოდ ზოგიერთს - ეგრეთ წოდებულ თეატრალებს აქვთ. განსხვავებული თეატრალური წარმოდგენები სულში განსხვავებულ გრძნობებს აღძრავს. კომედია გვიზიდავს იმით, რომ წარმოშობს სიცილს, მხიარულებისა და სულის სასიამოვნო განწყობილების გრძნობას. ტრაგედია, პირიქით, აღგვიძრავს თანალმობის, შიშის, იმედის, სინანულის, აღშფოთების, თანაგრძნობის და სხვ. გრძნობებს.

 

რა უნდა ითქვას თეატრალურ სანახაობებით გატაცების ზნეობრივ მხარეზე? ზნეობრივი თვალსაზრისით სასარგებლოა ის, რაც ასაზრდოებს კეთილ გრძნობებს, ძალას მატებს სულს, წარმოქმნის გონიერ შთაბეჭდილებებს. და პირიქით, ყველაფერი რაც აამებს მდაბალ გრძნობებს, აუძლურებს ხასიათს, ბადებს უწმინდურ წარმოსახვას, მავნეა. ამის საფუძველზე ძნელი არაა დავასკვნათ, თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს სულისათვის თეატრალურ სანახაობებს. თუ მიუკერძოებლად ვიმსჯელებთ, საკუთრივ დრამატიული წარმოდგენებით გატაცებას არ შეიძლება მოჰქონდეს მნიშვნელოვანი ზნეობრივი ზიანი. მაგრამ ადვილი გასაგებია, თუ როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ადამიანებზე იმ სანახაობებს, რომლებიც აღაგზნებენ ახალგაზრდობის წარმოსახვას შიშველი სხეულის, ლამაზმანების ვნებიანი და გამოწვევი მოძრაობების ჩვენებით. რომელ მცოდნე ფსიქოლოგს, მოაზროვნე ადამიანს ძალუძს გულწრფელად განაცხადოს, რომ ასეთი სანახაობები შეიძლება იყოს ვინმესთვის ან რაიმეში სასარგებლო? და ნახეთ როგორი ნაყოფი იბადება ამ სანახაობებიდან: აქ ვხედავთ საწყალ უგუნურს, რომელიც უზნეო ქალის კეთილგანწყობილების მოპოვებას თავის ქონებას სწირავს, იქ ვხედავთ მეორე ადამიანს, რომელიც მოყვასის და საკუთარი თავის კეთილდღეობისათვის ღვთით ბოძებულ ყველა სულიერ ძალას სანახაობათა კერპის თაყვანისცემას ახმარს, კიდევ ახალი სანახაობა - ურცხვი ქალის ღიმილის დასამსახურებლად ორი ადამიანი ერთმანეთს სასიკვდილო ბრძოლაში იწვევს! სანახაობათმოყვარეობა სხვა ვნებათაგან იმით განსხვავდება, რომ ის იღებს საყოველთაო, სახალხო ხასიათს: ასეთი იყო ის რომის იმპერატორთა ეპოქაში, როცა ხალხი თავისთვის ითხოვდა მხოლოდ ორ რამეს - პურს და სანახაობებს! ასეთია ის ჩვენს დროში პარიზში და ზოგიერთ სხვა დედაქალაქში.