მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მეოთხე

 

სულიერი მდგომარეობების შესახებ

 

ბ) ვნებათა შესახებ

 

§114. თამაშთმოყვარეობა

 

ამ ვნების საფუძველია სისხლის დუღილი, წარმოშობილი უცნობი შედეგების მოლოდინიდან, რომლებიც ესოდენ მაცდუნებელია ადამიანის ცნობისმოყვარეობისათვის. თამაშთა მრავალფეროვნების მიუხედავად, მათკენ მიზიდვის მთავარი მიზეზი სწორედ ისაა, რომ ისინი აჩქროლებენ სისხლს, იმედს გვაძლევენ, აღძრავენ შიშს, სიხარულს, მოლოდინს და ა.შ. აქედან ცხადი ხდება, რომ ეს ვნება შეიცავს თავის თავში მრავალ სხვა სულიერ მდგომარეობას და გრძნობათა ღელვაზეა დაფუძნებული. ყველაზე მეტად ამას ამტკიცებენ ე.წ. აზარტული თამაშები. თუმცა გარკვეულ შემთხვევაში აზარტულად შეიძლება გადაიქცეს ყველა თამაში. ჩვენ დროში ადამიანთა შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია ორი თამაში: ბანქოსი და ქაღალდისა. მიუხედავად მათი გარეგნული განსხვავებისა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ისინი სავსებით მსგავსნი არიან, რადგან ორივეში სიამოვნებაა სისხლის აჩქროლება, სხვადასხვა გრძნობების - იმედის, შიშის, წყენის, სასოწარკვეთილების, სიხარულის და ა.შ. - თამაში.

 

საჭირო არ არის ბევრი ვილაპარაკოთ ამ ვნებათა მავნეობის შესახებ: მაგალითები ყველაზე კარგად მეტყველებენ, მაგალითებს კი ყველა ხედავს. ყველაზე უცნაური ისაა, რომ მიუხედავად იმ ტანჯვისა, წამებისა, რომელსაც განიცდის სული თამაშის მიზეზით, ადამიანს მაინც არ შეუძლია შეეშვას თამაშს. ნებისყოფის რაოდენ დიდი დაძაბვაა საჭირო, რათა დავამარცხოთ ჩვენში არა მარტო ძლიერი ვნება, არამედ უმნიშვნელო ჩვევაც კი! ეს ცხადი ნიშანია იმისა, რომ ადამიანთა უდიდესი ნაწილი თავისი ვნებების უბედური მონაა.