|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მეოთხე
სულიერი მდგომარეობების შესახებ
ბ) ვნებათა შესახებ
§113. ღორმუცელობა და ლოთობა
სხეულის ვნებები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,
იმიტომ იწოდებიან ასე, რომ მათში არსებული სიამოვნება სხეულის შთაბეჭდილებათაგან
წარმოსდგება. ყველაზე მეტად ასეთებია ღორმუცელობა და ლოთობა.
პირველი სურვილია იმისა, რომ როგორც შეიძლება მეტი და ხშირად განვიცადოთ
საკვების მიღების დროს წარმოშობილი სასიამოვნო შეგრძნება. მეორე კი, გარდა
გემოვნების მოთხოვნის დაკმაყოფილების სურვილისა, წარმოადგენს მისწრაფებას,
წამოვქმნათ თავის თავში სიმთვრალედ წოდებული სასიამოვნო მდგომარეობა, ე.ი.
აღვძრათ თავის თავში ჯერ მხიარულება, შემდეგ კი - თავის გაბრუება, გონებისა და
გრძნობათა დაბნელება. თუმცა ლოთობაში ზოგს უფრო მოსწონს თავად სმის პროცესი, თავად
ღვინის გემოს შეგრძნება, ზოგს კი თავად სიმთვრალე, რომელიც სმის შედეგია, მაშინ
როდესაც ღორმუცელობაში ყველას მოსწონს მხოლოდ გემოს შეგრძნების პრცესი და ზოგიერთი
ბევრს ჭამს სწორედ ამ სიამოვნების გამო, თუმცა, შემდგომ, კუჭის გადატვირთვა,
სიმძიმის შეგრძნება თავში და სხვ. მათთვის არასასიამოვნოა. ეს ორი გრძნობა ყველაზე
მდაბალი და ცხოველურია: მათ გონიერი არსებები პირუტყვის მდგომარეობამდე დაჰყავთ.
როგორ შეძლებს ავმუცელა და ლოთი გააკეთოს რაიმე ამაღლებული და კეთილშობილი, როცა
მას ამოძრავებს მხოლოდ კერძების წარმოდგენა და სურვილი მიეცეს თავდავიწყებას,
დაიბნელოს გონება ღვინით. ამავე დროს, სიამოვნება, რომელიც მოაქვთ გემრიელ საჭმელს
და კარგ ღვინოებს, ისე მიმზიდველი და მაცდუნებელია, რომ ადამიანი, გონებრივი
განვითარების რომელ საფეხურზეც არ უნდა იდგეს ის, ყოველთვის მეტ-ნაკლებად
ემორჩილება ამ ვნებებს. თამამად შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ადამიანებს შორის,
განათლებულების ჩათვლითაც კი, ცოტა მოიძებნება ისეთები, რომლებიც ასე თუ ისე არ
უხდიდნენ ხარკს ამ ვნებებს, ე.ი. რომლებიც ჭამდნენ და სვამდნენ სწორედ იმდენს,
რამდენსაც ითხოვს მათი ცხოვრების წესი, ჯანმრთელობა, საქმიანობა და სხვ. განა ბევრი
ფიქრობს იმაზე, რომ ადამიანისათვის, რომელსაც სულ ჯდომა უხდება, ბუასილი აწუხებს,
ალკოჰოლის შემცველი სასმელის ყოველი ზემდეტი ყლუპი სავსებით ზედმეტია და ხშირად
მავნეა და რომ, რაც უფრო ნაკლებს დალევს და შეჭამს ის, მით უფრო ჯანმრთელი იქნება?
მაგალითად, ვის მოუვა აზრად, რომ ნახევარი იმ კერძებისა და სასმელებისა, რომელთა
მირთმევასაც შევეჩვიეთ, - უფრო მეტიც კი, ვიდრე ნახევარი, - მავნეა, ზედმეტია,
ჩვენი ორგანიზმის მოთხოვნილებებისა და თვისებებისადმი სავსებით უცხოა. ცხოვრებაში
ყოველ ჩვენთაგანზე ბატონობს ჩვეულება, რუტინა და ზედმეტობა!
|
|