მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მეოთხე

 

სულიერი მდგომარეობების შესახებ

 

ბ) ვნებათა შესახებ

 

§112. სიძულვილი

 

სიძულვილი სიყვარულის საპირისპირო გრძნობაა. ესაა სულში გაჩენილი უკმაყოფილება, როდესაც წარმოვიდგენთ ისეთ საგანს ან პიროვნებას, რომლებსაც გული უტკენიათ ჩვენთვის. სიძულვილი, ისევე როგორც სიყვარული, ძალზე ხშირად მიმართულია უსულო საგნებზე და ამ შემთხვევაში, ის არის ამ საგანთან დაკავშირებული უკმაყოფილების მოგონება. სიყვარულის გრძნობა შეიცავს თავის თავში სიყვარულის საგნის ფლობის სურვილს. ამის საპირისპიროდ, სიძულვილის გრძნობა შეიცავს სურვილს, მოიშოროს, გაანადგუროს კიდეც, სიძულვილის საგანი.

 

სიძულვილი ყველაზე ხშირად შედეგია რაიმე წყენისა და შეურაცხყოფისა, რომელიც მოუყენებია ჩვენთვის ამ გრძნობის აღმძვრელ საგანს. მაგრამ ყველა შეურაცხყოფათაგან ადამიანი ყველაზე მეტად განიცდის იმას, რაც ეხება მისთვის ყველაზე მეტად საყვარელ საგანს ან გრძნობას. სწავლული ყველაზე მეტად განიცდის თავისი განსწავლულობის შეურაცხყოფას; ანგარებიანი ადამიანისთვის ყველაზე საწყენია მისი ანგარების დამცირება; დედისათვის ყველაზე სამწუხარო მისი შვილების შეურაცხყოფაა და სხვ. მაგრამ სიძულვილი ყველაზე სახიფათოა იმით, რომ აღძრავს შურისძიების სურვილს, - სურვილს, რომელიც ბევრ ადამიანში გადაიქცევა ულმობელ ვნებად. არ არის აუცილებელი, დაწვრილებით აღვწეროთ, თუ რა საშინელი შედეგები მოჰყვება ამ საზარელ ვნებას. ისტორია სავსეა მისი შედეგების მაგალითებით. ყველაზე შემაძრწუნებელია ის, რომ ზოგიერთ ტომში შურისძიების სურვილი წმინდა ვალდებულებად იქცევა. მაგალითად, კორსიკელებთან ის არის „vendetta", ველურ კავკასიელ მთიელთან - სისხლის აღების აუცილებელი ვალდებულებაა.