|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მეოთხე
სულიერი მდგომარეობების შესახებ
ა) სულის სასიამოვნო და უსიამოვნო მდგომარეობათა შესახებ
§107. გაკვირვების შესახებ
გონების ანალიზს ძნელად ექვემდებარება საერთოდ
ყველა სულიერი მდგომარეობა, მაგრამ მათ შორის ყველაზე ძნელია გაკვირვების
გაანალიზება. ყოველ ადამიანს საკუთარი შინაგანი გამოცდილების საფუძველზე,
მეტ-ნაკლებად ესმის, რა არის გაკვირვება. მაგრამ გადმოცემა ან განსაზღვრა სულის ამ
მდგომარეობისა თითქოს შეუძლებელია. გაკვირვებას შეუძლებელია მივაწეროთ ისიც კი, რაც
წინა მდგომარეობის განმასხვავებელი ნიშანია, კერძოდ, სიამოვნების ან უსიამოვნების
შეგრძნება, რადგან გაკვირვება, კაცმა რომ თქვას, გულგრილი მდგომარეობაა. მიზეზი,
რომელიც იწვევს ჩვენში გაკვირვებას, არის რაიმე არაჩვეულებრივი, მოულოდნელი და
ისეთი რამ, რაც არ ჰგავს ყველაფერ იმას, რასაც ჩვენ შეჩვეული ვართ და ველით საგანთა
ბუნებრივი სვლის შედეგად. შემდეგ, ბუნებრივია, რომ გამოცდილი, ჭკვიანი ადამიანი არ
განიცდის გაკვირვების გრძნობას ისე ხშირად, როგორც გამოუცდელი, ცოდნამცირე
ადამიანი, რადგან პირველისათვის ყველაფერი ცნობილია, წინასწარ განჭვრეტილია,
მეორისათვის კი ყველაფერი სიახლეა, გაუგებარია, აი, რატომ უკვირთ ბავშვებს
ყველაფერი და ყოველთვის.
ჩვენ ვთქვით, რომ გაკვირვება გულგრილი გრძნობაა, მართლაც, მასში არ არის
უკმაყოფილება. თუმცა ზოგჯერ იტყვიან ხოლმე სასიამოვნო გაკვირვება დამეუფლაო, ანდა
უსიამოვნო გაკვირვებამ შემიპყროო, მაგრამ ამ დროს გულისხმობენ ისეთ შემთხვევებს,
როცა სიამოვნების და უსიამოვნების გრძნობები ჩვენში წარმოიშვა რაღაც მოულოდნელი
მიზეზებით და, მაშასადამე, მათში, სიამოვნებისა და უსიამოვნების გარდა, შეერია
კიდევ გაკვირვება მოულოდნელობისაგან.
|
|