|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მეოთხე
სულიერი მდგომარეობების შესახებ
ა) სულის სასიამოვნო და უსიამოვნო მდგომარეობათა შესახებ
§105. ზიზღი
რათა კარგად გავიგოთ ეს გრძნობა, უნდა გვახსოვდეს, რომ ის
ზოგჯერ მედიდურობის შედეგია, ზოგჯერ კი წარმოიშობა სხვა უფრო კეთილშობილი და საქები
გრძნობისაგან. უკანასკნელ შემთხვევაში ზიზღი ყველაზე ხშირად უკმაყოფილებაა ან
უსიამოვნო გრძნობაა, რომელიც წარმოიშობა სულში რაიმე მდაბალი ან უღირსი საქციელის
ან თვისების წარმოდგენისაგან; და მაშინ ზიზღის გრძნობას მუდამ ემატება წყენა, რაღაც
რისხვა რომელიმე პირის ან თვისების მიმართ. მაგრამ თუ ზიზღი იბადება
ამპარტავნობისგან, ის არის თითქოსდა აზრისეული დამცირება და არად მიჩნევა ყველა
სხვა პიროვნებისა საკუთარ პიროვნებასთან შედარებით.
ზიზღის გრძნობა ზოგჯერ შეიძლება ჩვენი პიროვნების მიმართაც იყოს მიმართული.
ხშირად ხდება, რომ ადამიანს, რომელმაც თავისი თავი ზნეობრივ დაცემულობამდე
მიიყვანა, საკუთარ პიროვნებაზე ფიქრისას ეზიზღება იგი, საკუთარი საქციელისა
რცხვენია და ხშირად ეს გრძნობა გამოიხატება სინდისის ქენჯნაში, საკუთარ თავზე
წყენაში და ძალზე მძიმეა, მაგრამ, სამაგიეროდ, ხშირად გამოსწორებისა და კეთილზნიანი
ცხოვრების საწყისი ხდება. თუმცა ადამიანის სიყვარული თავისი თავისადმი ისეთია, რომ
ის იშვიათად იძულებს თავის ნაკლოვანებებსაც კი.
|
|