მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მეოთხე

 

სულიერი მდგომარეობების შესახებ

 

ა) სულის სასიამოვნო და უსიამოვნო მდგომარეობათა შესახებ

 

§104. ამპარტავნობა

 

ამპარტავნობა არის გრძნობა, რომელიც იბადება ჩვენში, როცა წარმოვიდგენთ ან, ასე ვთქვათ, გონებით ვჭვრეტთ საკუთარ ნამდვილ ან მოჩვენებით, შინაგან ან გარეგან თვისებებს და როცა ვადარებთ საკუთარ მდგომარეობას და დროებით კეთილდღეობას, მაგ. სიმდიდრეს, წარმოშობას და ა.შ. სხვა ადამიანთა მდგომარეობასა და კეთილდღეობასთან. მას სხვაგვარადაც განსაზღვრავენ: ამპარტავნობა არის გაკვირვება საკუთარი თავით. მართლაც, თუკი კარგად ჩავწვდებით ამპარტავანი ადამიანის სულის მდგომარეობას, აღმოჩნდება, რომ მას შინაგანად თითქოსდა გაკვირვებია საკუთარი თავისა, უპირატესობას ანიჭებს და აქებს თავის ღირსებებს. ყველა გრძნობათაგან ამპარატვნობა უახლოესი ნაშიერია საკუთარი თავის სიყვარულისა და რადგან არ არსებობს ადამიანი საკუთარი თავის სიყვარულის გარეშე, იშვიათია ადამიანიც ამპარტავნობის გარეშეც. საკვირველი ისაა, რომ როგორი უბედური და ბედისაგან დაჩაგრულიც უნდა იყოს ადამიანი, როგორი შეზღუდულიც უნდა იყოს გარეგნული თუ შინაგანი მდგომარეობით, ის ყოველთვის იპოვის შემთხვევას, საკუთარი თავი შეადაროს სხვას და შინაგანად თავის თავს მისცეს უპირატესობა. ხშირად მათხოვრებიც კი ტრაბახობენ ერთმანეთის წინაშე თავისი ძონძებით და აბუჩად იგდებენ ურთიერთს. ამპარტავნობა ხშირად გვაიძულებს საკუთარ თავს ისეთი ღირსებები მივანიჭოთ, რომლებიც არ გაგვაჩნია და გვიშლის ხელს დავინახოთ ის ნამდვილად არსებული ნაკლები, რომელთა ცოდნა ჩვენთვის სასარგებლო იქნებოდა. რა ხშირად ვამაყობთ იმითაც კი, რაც სასირცხვილოა!

 

ამპარტავნობას არაფერი აქვს საერთო საკუთარი თავის პატივისცემის საქებ გრძნობასთან, რომელიც უნდა იყოს პატიოსანი ცხოვრების საფუძველი და ჭეშმარიტი ღირსების შედეგი. მაგრამ ჩვენ უნდა ვცემდეთ პატივს არა ჩვენს სისუსტეს, არამედ იმას, რაც ჩვენში პატივისცემის ღირსია. ამის შედეგად კი უნდა მივისწაფვოდეთ გამოსწორებისაკენ.

 

ამპარტავნობას აქვს თავისი სახეცვლილებები და ხარისხები. პატივმოყვარეობა არის მისწრაფება იმისაკენ, რომ ფუჭსა და უმნიშვნელო უპირატესოებებში, მაგალითად, სილამაზეში, მდიდარ ჩაცმულობაში და ა.შ. ვპოვოთ კმაყოფილება. ქედმაღლობა ზოგჯერ ნიშნავს ამპარტავნობის უმაღლეს ხარისხს, ზოგჯერ კი ის სახელია ყოველივე იმისი, რაც სასაცილოა ამპარტავნობაში. გულზვიადობა გამოხატავს ამპარტავნობის უმაღლეს ხარისხს: ის უნებურად ვლინდება გარეგან ნიშნებში, როგორიცაა რაღაც ზეიმურობა მეტყველებასა და მოძრაობებში, მაღლა შემართული თავი, მედიდური გამოხედვა და ა.შ. ყველა ეს ნიშანი იშვიათად თუ არ არის სასაცილო, რადგან ძალზე ცოტას შეუძლია აქციოს ისინი შინაგანი ღირსების გამოხატულებად.

 

ბოლოს, საჭიროა აღინიშნოს, რომ ამპარტავნობა ყველაზე ხშირად თვისებაა შეზღუდული და არა ჭეშმარიტად ჭკვიანი და ღირსეული ადამიანებისა. თუმცა ამის ახსნა არ არის ძნელი. მართლაც, ჭკვიანი ადამიანი ვერ იქნება ამპარტავანი, რადგან ის, თუმცა კი გრძნობს თავის თავში მრავალ ღირსებას, მაგრამ, ამავე დროს, კარგად ერკვევა საკუთარ ნაკლოვანებებშიც. და პირიქით, შეზღუდულ ადამიანს არ ძალუძს სწორად შეაფასოს საკუთარი თავი. მას მუდამ ეჩვენება, რომ საკვირველი ღირსებების მქონეა. თუმცა ხვდება და ძალზე ხშირადაც, რომ თვალში საცემი ქედმაღლობით ზოგიერთი შეგნებულად მალავს სულის შინაგან სიცარიელეს.