|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მეოთხე
სულიერი მდგომარეობების შესახებ
ა) სულის სასიამოვნო და უსიამოვნო მდგომარეობათა შესახებ
§103. რისხვა მისი ყველა ხარისხით
რისხვა არის სულის ის არასასიამოვნო
გრძნობა, რომელიც იბადება ადამიანში ან იმის წარმოდგენისას, რომ მას ართმევენ რაიმე
მის კუთვნილ სიკეთეს, ანდა იმ შეურაცხყოფის განცდისას, რომელსაც მას ვინმე სხვა
აყენებს. ეს გრძნობა ზოგჯერ ჩვენში იბადება შინაგანი მიზეზებითაც, როცა, მაგალითად,
ჩვენ რისამე გამო უკმაყოფილონი ვართ საკუთარი თავით. ამ გრძნობას თითქმის ყოველთვის
თან ახლავს მისწრაფება იმისა, რომ გადმოინთხეს რაიმეზე ან ვინმეზე, რაიმეთი
დაიკმაყოფილოს თავი. რისხვის გრძნობას აქვს მრავალი ხარისხი და სახე. რისხვის
უმდაბლესი ხარისხებია: ა) ჯავრი ანუ გულისტკივილი, როცა ადამიანი რაღაც
მოუთმენლობას გრძნობას; ბ) გაღიზიანება, როცა ადამიანი ხშირად ეძლევა
რისხვას; გ) ახირება, ასე ეწოდება უმიზეზო, უსაფუძვლო რისხვას, ის უფრო
ხშირად ახასიათებს ბავშვებს და გათამამებულ ადამიანებს. რისხვის უმაღლეს ხარისხს
ეწოდება მძვინვარება, ზოგჯერ კი - გაცოფება. გრძნობათა ამ უკიდურესი
დაძაბვისას ადამიანები კარგავენ ყოველგვარ ძალაუფლებას საკუთარი თავის მიმართ და
მზად არიან, ასე ვთქვათ, ყველაფერი გაანადგურონ. შურისმგებლობის გრძნობა, სურვილი
რაიმეზე გადმონთხევისა განსაკუთრებით ძლიერად ვლინდება მძვინვარებაში.
|
|