|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მეოთხე
სულიერი მდგომარეობების შესახებ
ა) სულის სასიამოვნო და უსიამოვნო მდგომარეობათა შესახებ
§102. შიში და მამაცობა
შიში არის ის უსიამოვნო და მოუსვენარი განცდა, რომელიც ეუფლება ადამიანის სულს მოახლოებული უბედურების ან მოახლოებული საფრთხის
წარმოდგენისას. შიშის გრძნობა ეუფლება სულს მოულოდნელად და ძლიერად, ზოგჯერ კი,
თუკი სული ნების სიმტკიცით ამარცხებს მას, სუსტდება და აღარ იზრდება. თავდაპირველად
ის უბრალო შეშფოთებაა, რომელიც გონებას არა აქვს ნათლად წარმოდგენილი. მაგრამ რაც
უფრო ძლიერდება ის, მით უფრო შემაწუხებელი ხდება და ბოლოს იმდენად ეუფლება მთელ
სულს, რომ ყველა სხვა გრძნობას ახშობს. ასეთი შიში თავზარად იწოდება.
თავზარი იწვევს გაშეშებას, ე.ი. ისე აზიანებს სულისა და სხეულის მთელ ძალას, რომ
ადამიანს არ ძალუძს არც აზროვნება და არც მოძრაობა. ამ მდგომარეობაში ადამიანს სახე
უფითრდება, თმა ყალყზე დგება, სისხლი გულისკენ მიედინება, ხელები, განსაკუთრებით კი
მუხლები, აკანკალებულია, სუნთქვა შეკრულია, ენა უტყვია. თუმცა ზოგჯერ პირუკუც
ხდება. ადამიანი, ისევე როგორც სასოწარკვეთილებისას, გრძნობს საოცარ ენერგიას და
ამჟღავნებს არაჩვეულებრივ ძალას. უნდა აღვნიშნოთ კიდევ ერთი გარემოება, კერძოდ ის,
რომ თუ შეკრებილია ადამიანთა დიდი რაოდენობა, შიში გადამდები ხდება. აქედან
წარმოიშვა სახელწოდება პანიკური შიში. პანიკური შიში ჩვეულებრივისგან
განსხვავდება იმით, რომ ის გადადის რა ერთი ადამიანისგან მეორისაკენ, ზვავივით იზრდება.
სიტყვა „მამაცობა" ხშირად გამოიყენება როგორც აღნიშვნა სულის მდგომარეობისა,
რომელიც შიშის საპირისპიროა. მაგრამ მიგვაჩნია, რომ მამაცობა საკუთრივ რაიმე
გარკვეული შეგრძნება კი არ არის, არამედ სულის საერთო განწყობილებაა, ე.ი. თავის
ძალებში დარწმუნებულობაა და უფრო ხასიათს მიეკუთვნება, ვიდრე სულიერ შეგრძნებებს.
|
|